ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეროლაინი
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2016


სულის*

შინ რომ მივდივარ ცარიელი ოთახები მიმზერენ მხოლოდ,
სიჩუმითა და მდუმარებით, რომ სულდგმულობენ.
ვეშვები ჩემი სახლის ერთადერთ სავარძელში,
ჭერიდან ტაატით, ნელ-ნელა ეშვება მარტოობის მტვერი და
ედება ირგვლივ ყველაფერს.
ძაღლივით მიყეფენ მზის სხივები და ერთადერთ ფანჯარასაც ფარდას ვაფარებ.
ვრჩებით მხოლოდ მე,  კედელები და ჰორიზონტი, რომელიც ისეთი ცარიელია,
რომ უსასრულოდაც შეიძლება აღიქმებოდეს.
ჰორიზონტზე მხოლოდ დღეებია, სავსე შენი არ მოსვლის პერსპექტივებით.
და მაინც წყლის ყოველი წვეთივით  გვანან დღეები ერთმანეთს…
ოთახის შუაგულში
დევს გარდასულ დღეთა მოგონებები გვამად ქცეული.
გახრწნილი გვამი, რომელიც მე ბევრ სულიერზე მეტად მიყვარს,  თვითონ კისერზე მეკიდება და ფეხებში მივარდება,
თვალებს მიხვევს და  გვერდით მიწვენს,  მაძინებს.
ჩემი სახლის ერთადერთ ოთახში ჟასმინისა და იასამანის ხარშავენ ნაყენს,
ქვაბში,
რომელსაც ყოველთვის ძირი ძვრება
და ძირს დასხმული ქვედა მეზობელს ძლიერ აწუხებს
ჩემი სახლიდან ჩასული მტვერი, იასამნისა და ჟასმინის ჩანჩქერები…
მე კი გავყურებ კარს
და გთხოვთ წაიღოთ გვამი,
გვამი ჩემი სახლიდან,
ცარიელმა ოთახებმაც, რომ აითვალწუნეს,
მოგონებათა გახრწნილი  გვამი…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები