ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნოსტრადამუს
ჟანრი: პოეზია
14 ივნისი, 2016


კალოჯერო

დღესაც უჩვეულოდ გვიან ჩამობინდდა,
ალბათ, არ არსებობ, მე გამოგიგონე,
ჩემი სხეულიდან მალე გამოდი და
ძველ წლებს დაუბრუნდი.. წადი, წადი, თორემ

უფრო დაიზამთრებს, უფრო გახევდება.
ყოველ ღამის ასე თეთრად გადათრევით,
შენში ჩემი წილი როგორ ნახევრდება
ვხედავ, უაზროა ყველა ნააზრევი.

როცა გეღობება სევდა , გოლიათი,
წყალსაც წაუღია ფუჭი ნარატივი
თავი მეზიზღება,  ასე უნიათო
პოსტზე ჩაძინებულ ღამის დარაჯივით.

გიშვებ. მითებს ვყვებით, რაღაც გაურითმავ
აზრთა ჩაციკვლაში ვეძებთ გადარჩენას,
ახლა მონატრება სხეულს დაუვლის და
მალე აღსრულდება მწველი განაჩენიც.

გიშვებ.. სისუსტეა თუმცა გამართლება,
მე მთვრალ შებინდებას ჩემით შევიხორცებ,
მთვარე ჩამომექცა მხრებზე დალალებად
სანამ ცრემლიანი თვალი დამიკოცნე.

უკვე უშენობას ეჭვის თვალით ვუმზერ,
ვერც ბოდლერი მიძლებს, ვეღარც მოპასანი,
ვიცვამ უმწეობას, გვიან გაზაფხულზე
კედელს გამოკიდულ ზამთრის ციგასავით.

ურყევ აქსიომებს ცალყბად დავცინე და
თავში უღმერთობა წამით გავალაღე,
ახლა ავდგები და ჩემს სულს ნაწილებად
მტვრიან თაროებზე წყებად  დავალაგებ.

ვხედავ ყვაყყორნები როგორ გაჰყურებენ
მწკრივში მოძრაობას უცხო ქარავანთა,
რიჟრაჟს მიეხალა განცდა განკურნების
ღრუბლებმოლეული ზეცის ხეივანთან.

მიწამ, ქაღალდისფრად გუშინ ნასიზმრები
ყვავილთმოლაშქრული ქუჩა აირიდა,
ჯიბრში ჩამდგომია გუნდი ნაბიჭვრების,
მოჩანს დასასრული ჩემი აივნიდან.

არც ერთ გაფიქრებას აღარ დაუჯერო,
ყელზე რამე, თუნდაც კაშნე მოიფარე,
მოთქვამს კედლებს მიღმა ვიღაც კალოჯერო,
სულში აფურთხებენ ლუთერ-ბოლივარებს.

ბინდი აგვიანებს,  მთვარე დაღუპულა,
სხვენში მიმოვფანტე ძველი ფრაზები და
ასე, დავიცალე, ვნებით გალუმპული,
ვენებდასერილი შენი მაჯებიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები