 | ავტორი: ბალახა ჟანრი: პროზა 29 აგვისტო, 2016 |
"განიკითხე მხოლოდ საკუთარი თავი, მაშინ შეწყვეტ სხვათა განკითხვას". ბარსანუფი დიდი ბართლომე (თავი მეოთხე) გუშინწინ მელანოს ვესაუბრე, ქალაქგარეთაა. ამ ისტორიის დასასრული თქვენამდე იცოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ შევახსენებ მას, ხოლო თქვენ გაგანდობთ, როგორც შეგპირდით. დაახლოებით სამი წლის განმავლობაში ვხვდებოდი ამ ბიჭს ტოტალიზატორში, ბუნებრივია, ვერცერთხელ მოვიკრიბე ძალა, რათა მივსულიყავი და პატიება მეთხოვა, ვაცნობიერებდი, რომ ცუდი და უნამუსო საქციელის ჩადენაზე გაცილებით რთული იყო შენდობის თხოვნა. ყოველი შეხვედრის მერე უფრო და უფრო ვემსგავსებოდი სიზიფეს, თუმცა ლოდი ამჯერად გულიდან ყელამდე ამქონდა და რა წამსაც დავაპირებდი თქმას, ლოდი უკან მიგორდებოდა, თან ყველა ჯერზე საშინლად მძიმდებოდა. ფული უამრავჯერ მქონდა თან, "ვალი" რომ გამესტუმრებინა, მაგრამ გამბედაობა არასოდეს მქონია საკმარისი, რათა მივსულიყავი და ჩემი პირველი აღსარება მეთქვა მისთვის. ერთხელაც, მორიგი თამაშობისას, მაშინდელივით უსკამოდ დარჩენილთა რიგში მოვხვდით გვერდიგვერდ, ტელეფონმა დაურეკა, დახედა და წაიბუტბუტა: ისევ ეს წყეული ლომბარდი, ამათ ხომ შემჭამეს, გადამაყოლეს ამ პროცენტების ხდას, რა ამბავია ყოველ კვირას ათი ლარი, ან დღეს საიდანღა მოვიტანოო? მივხვდი, რომ ამაზე უკეთესი მომენტი ხელში არასოდეს ჩამივარდებოდა, თან ჩემ ბედზე ტელეფონს ხმა გაუთიშა და ჯიბეში ჩააბრუნა, თავისდაუნებურად ფიქრისათვის ყველა გზა მომიჭრა და შესაბამისად, უკან დასახევი გზაც აღარ მქონდა. გავბედე, მხარზე ხელი დავადე და ვუთხარი ერთი წუთით გარეთ გამოდი მეთქი. გაუკვირდა, შეცბა, თუმცა ერთმანეთს შორიდან ვიცნობდით და მალევე გამომყვა. გვერდითა კორპუსის სადარბაზოში შევედით, ერთმანეთს პირისპირ გავუსწორდით, პატარა ბავშვივით თავი დავხარე და ავლუღლუღდი... სიმართლე გითხრათ არ მახსოვს, რა ვუთხარი, საიდან დავიწყე, სად დავამთავრე, ერთადერთი რაც, არასოდეს ამომივა თვალებიდან მისი გაოგნებული სახეა, როცა ფული მივაწოდე და როგორც იქნა თვალი გავუსწორე. ზიზღის, ირონიიის, გაურკვევლობის, გაოცების, სულ ბოლოს კი მოტევების და მადლიერების გრძნობის ამოკითხვა მოვახერხე მის თვალებში. ლომბარდი მაგრად მკიდიაო, წამო ლუდი დავლიოთო, მაინც გადაგდებას ვუპირებდიო. შენი საქმისა შენ იცი მეთქი, მაგრამ ლუდზე მე დაგპატიჟებ და ჯობს მაგ ფულით პროცენტი გადაიხადო მეთქი. საბოლოოდ, იმ ბიჭმა ლომბარდის პროცენტი გადაიხადა, მერე ლუდი დავლიეთ, ბოლოს სახელებიც გავცვალეთ და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მასაც გიორგი რქმევია "დავიდოვიჩივით". იმ ღამით გავაცნობიერე, რომ ხელმეორედ ვიშვი, გულიდან ყველაზე დიდი ლოდი მოვიხსენი, შედარებით თავისუფლად დავიწყე სუნთქვა და საკუთარ არარაობაში რაობის უმცირესი მარცვალი გავაღვივე, შესაძლოა, სულაც უკანასკნელი მარცვალი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. უბრალოება=ქანექთინ ფიფლ :დ უბრალოება=ქანექთინ ფიფლ :დ
6. რა უბრალოდ მიდის. შენი ამბები რომ გგონია. რა უბრალოდ მიდის. შენი ამბები რომ გგონია.
5. "ბართლომე-რითმების გარეშე", ვინ წარმოიდგენდა? :) "ბართლომე-რითმების გარეშე", ვინ წარმოიდგენდა? :)
4. "და საკუთარ არარაობაში რაობის უმცირესი მარცვალი გავაღვივე "- საინტერესო ფრაზა უთქვამს ბართლომეს :)
"და საკუთარ არარაობაში რაობის უმცირესი მარცვალი გავაღვივე "- საინტერესო ფრაზა უთქვამს ბართლომეს :)
2. რომ ვიცოდე? :)) მაინტერესებს, რას მეტყვი... რომ ვიცოდე? :)) მაინტერესებს, რას მეტყვი...
1. ამას წავიკითხავ.
როცა იქნება.
რომ ვიცოდე. ამას წავიკითხავ.
როცა იქნება.
რომ ვიცოდე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|