 | ავტორი: თეონე ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 12 სექტემბერი, 2016 |
არაფერი იცვლება.
შენ დგახარ და ისევ ისეთი ცარიელი თვალებით მიყურებ. ცარიელი, მხოლოდ ჩემით გასავსები თვალებით, რომლებშიც ვძვრებოდი ხოლმე მთელი არსებით და მერე შიგნიდან გიკაწრავდი გუგებს. გახსოვს? სიგიჟემდე გინდებოდი ამ დროს.
ახლაც ისე მიყურებს სიცარიელე შენი თვალებიდან, თითქოს მშობლიური სახლი იყოს, სადაც აუცილებლად უნდა დავბრუნდე. მე კი ადგილიდან არ ვიძვრი. განგებ არ ვუსწორებ თვალს შენს სიცარიელეს და გიყურებ ყელზე. ერთ ზედმეტად მფეთქავ ძარღვს არ ვაშორებ თვალს და ვისუნთქავ შენს სიცოცხლეს. რას არ მისცემდი ახლა, ხელის ერთი მოსმით რომ ვათავისუფლებდე შენს სიცოცხლეს შენგან, მაგრამ ამას არ ვაკეთებ. იმიტომ, რომ შენი სისხლის ფერი არ მომწონს. ზედმეტად წითელია და არასაკმარისად სიკვდილისფერი. ჰოდა ერთადერთი, რასაც ახლა ჩემგან იღებ, ღიმილია. არა, არა. გრამ სიყალბეს ვერ იპოვი ახლა ამ ღიმილში. ეს მაინც შეგეძლო ყოველთვის: ღიმილის მოგვრა.
მოდი ახლოს. ნელა, მაგრამ ახლოს. კიდევ უფრო ახლოს. კიდევ უფრო... რომ ჩვენს მხრებს შორის მანძილი ერთ ამოსუნთქვაზე ცოტა მეტი იყოს. მოდი და არ გაინძრე, მაგრამ სუნთქვა არ დაგავიწყდეს. მიყვარს შენი თანაბარი სუნთქვის მოსმენა. მე გავიხდი. ზუსტად ისე, როგორც შენ გიყვარს - ნელა და თანმიმდევრულად. შენ წინასწარ გათვლი ჩემს მოძრაობებს და ყოველ ჯერზე, როცა ჩემი შემდეგი ნაბიჯი დაემთხვევა შენს გონებაში აგებულ სამგანზომილებიანი გამოსახულების მოძრაობას, ტანში ჟრუანტელი დაგივლის და გაიღიმებ.
ფეხით რძით სავსე მაღალ ჭიქას ეჯახები და მთელი სითეთრე უნაკლოდ სუფთა, წაბლისფერ იატაკზე იღვრება. რძისფერი თეთრის ერთადერთი ტონია, რომელიც რაღაცას იწვევს ჩემში. სხვა ყველა თეთრი წყლისფერისგან არაფრით განსხვავდება. დაქცეულ რძეს შენი თეთრი, ფუმფულა კატა პირდაპირ იატაკიდან სვამს ისე, რომ ჩვენ საერთოდ არ გვიყურებს. ლამაზი სცენაა. ზედმეტად ლამაზიც კი და ახლა, პირველად, ჩემი ღიმილი იოაკიმს ეკუთვნის და არა - შენ.
ჩვენი სიახლოვე არასდროს ყოფილა ხელოვნური, მაგრამ მაინც პენოპლასტის ფილასავით ადვილად დაიმსხვრა. ვიცი, საშინელი შედარებაა, თუმცა არც ჩვენი ამბავი ბრწყინავდა მაინცდამაინც. ადამიანები ერთმანეთს ვერ უძლებენ. არავინ იცის, ეს ნამდვილად ასეა თუ თავს ვიმშვიდებთ, მაგრამ ახლა ჩვენ შორის ერთი მუჭა ჟანგბადიც რომ არ მოიძებნება, ფაქტია. არასდროს გქონია იმის პრეტენზია, რომ შენით მესუნთქა. საერთოდაც არანაირი პრეტენზია არ გქონია არასდროს და ვინ იცის, იქნებ შენი მთავარი პრობლემაც ეს არის.
ახლაც ვერაფრით ვიხსენებ შენს სახელს. ჩემი შერქმეული სახელიც იმდენადაა მიმხმარი გონების რომელიღაც კედელს, ვერაფრით ვფხეკ და ბოლოს ვეშვები. იქნებ რძისფერი ხარ? მაჯებზე კანი ხორბლისფერი გაქვს, მაგრამ მაინც რძისფერი ხარ.
დგახარ. არ ინძრევი და მორიდებით ისუნთქავ უჰაერობას. ჩემი შიშველი მხრები არაფერს გაძლევს და გეშინია. პირველად, ამდენი ხნის განმავლობაში, ვხედავ, რომ გეშინია და განუზომლად მიხარია. მიხარია, რომ შეძელი, რაღაც ნამდვილი გეგრძნო.
მერე გზიზღდები. გზიზღდები იმიტომ, რომ შენი შეშინება შევძელი და ჩემი მოკვლა გინდება. ხელები გიკანკალებს და მალე, ძალიან მალე შენს გაყინულ თითებს ყელზე ვგრძნობ. იმედია იცი, რას აკეთებ. ამისთვის ღირს. ყველაფერი მიღირს იმად, რომ იცოდე, რას აკეთებ. ახლა, აი ახლა, როცა შენი ხელები ძალიან ახლოსაა ჩემს სიკვდილთან, მიყვარხარ. პირველად მიყვარხარ.
შენ გეშინია. ისევ გეშინია, მაგრამ ეს შეგრძნება ყველაფერზე სასიამოვნოა, რაც კი აქამდე განგიცდია და ვერ მეშვები. პირველად გრძნობ რაღაც ისეთს, რისი შეგრძნებაც ღირს. რისი შეგრძნებაც მოგონებად დაგრჩება, საშინელ, ავადმყოფურ მოგონებად. ზუსტად ისე, როგორც ბავშვობაში, შენ თვალწინ ულამაზესი, პატარა ლეკვის გასრესვის სცენა არ ამოგდის თავიდან.
აღარ ვკანკალებ.
ბოლო, რასაც შენს თვალებში ვხედავ, სიყვარულია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ცოცხალი ემოციები იყო, ხელშესახები.
რა ლამაზია მართლაც ის კადრი, ფუმფულა ფისო რო დაღვრილ რძეს სვამს და რა შემზარავი-პატარა ლეკვის კადრი.
ცოცხალი ემოციები იყო, ხელშესახები.
რა ლამაზია მართლაც ის კადრი, ფუმფულა ფისო რო დაღვრილ რძეს სვამს და რა შემზარავი-პატარა ლეკვის კადრი.
1. ნამეტანი რთული ემოციებია ჩემთვის
წარმატებები
პ.ს. გახდას ნახატისა არ იყოს ოდნავ შორიდან ცქერა უხდება :) ნამეტანი რთული ემოციებია ჩემთვის
წარმატებები
პ.ს. გახდას ნახატისა არ იყოს ოდნავ შორიდან ცქერა უხდება :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|