ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეროლაინი
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2016


ვშორდებით*

ერთმანეთის ენა არ გვესმის,
ბევრს ვლაპარაკობთ
და თვალთახედვაც არა გვაქვს ერთი,
გაგვირბის რადგან.
არადა ფიცი ასეთი იყო:
"...სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ..."
სასიკვდილოდ სულ სხვა გრძნობა მოვიდა ჩვენთან,
ინფანტილურობას დროით ან ხალხით,
ანდაც სულაც ჩვენით ვიხვევდით.
- "რომელნიცა ღმერთმან შეაუღლნა, კაცნი ნუ განაშორებნ“
და სხვანი არა,
ისევ თავად ვშორდებით.
ოქროს გვირგვინი, მარგალიტებით,
ეკლისად გვექცა
და ის უღელიც ძლიერ დამძიმდა,
გაწევა გვიჭირს.
(არა)თითებზე აღარ ვირგებთ პრიალა ბეჭდებს
(თითქოს თავადვე იუარეს დასაწყისიდან)
პასუხს არა ვცემთ,
არც კითხვებს ვუსვამთ,
ასე ვშორდებით,
რადგან ცალ-ცალკე თუ ორივე ერთად,
აქილევსის ვიქეცით ქუსლად.
და სასურველი ერთ დროს სხეული,
სარეცელს ახლა სულ სხვა კაცს უყოფს.
სხვა ქალს იფარავს იმ კაცის მხრები,
რომლებიც ადრე გიცავდნენ თითქოს.
მარმარილოსგან ვთლიდით ერთმანეთს
და გაოცებით,
ცივ ბომონებს წყალში ვისროდით.
არ გაჩენილხარ ჩემი ნეკნისგან,
არც თავად ვგავარ სულთშთაბერილს ფიგურას თიხის.
ატავიზმებად გარდავიქმენით,
წარსულის ტვირთად,
სიზიფეს ლოდივით მივათრევთ ყოფას.
და მირაჟივით გამოცხადებულ წყვილად ქცეულნი,
ასე ვშორდებით,
აწ და მარადის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები