ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ebraeli2
ჟანრი: დრამატურგია
19 ოქტომბერი, 2016


სერია 3 - დაპატიმრება - მინდა ბავშვი

მინდა ბავშვი - ბავშვის და მამის ურთიერთობაზეა. არც ბავშვმა და არც მამამ არ იცის თუ ვინ არის ამ ბავშვის დედა, რადგან იგი ჯერ არ დაბადებულა. ის რაღაც უხილავი ძალებით ახერხებს გამოეცხადოს მის მომავალ მამას და სთხოვს, რომ მოძებნოს ქალი, რომელიც მას გააჩენს და გახდება მისი მომავალი დედა, თუმცა მამას ამაზე არასდროს უფიქრია.

დაკითხვაზე (დღე)

გამომძიებელი: ყველა თქვენი ჩვენება შეიძლება გამოყენებული იქნას თქვენ საწინააღმდეგოდ, თქვენ გაქვთ დუმილის უფლება, შეგიძლიათ მოითხოვოთ დამცველი ადვოკატი.
ირაკლი: ვფიცავ!
გამომძიებელი: გნებავთ ადვოკატი?
ირაკლი: არა გმადლობ. მე ყავას დავლევ.
გამომძიებელი: რა ყავას, დაკითხვაზე ხარ და წაყენებული გაქვს ძალიან სერიოზული ბრალდებები.
ირაკლი: მაშინ ჩაი თუ შეიძლება.
გამომძიებელი: ლიმნით თუ ლიმნის გარეშე?
ირაკლი: ლიმნით, ოღონდ ლიმნის გარეშე.
გამომძიებელი: ეხლავე.
(გამომძიებელი მოიტანს ორ ცხელ ჭიქას და მორიგეობით თავზე დაასხამს).
გამომძიებელი: ეს ლიმნით (თავზე ლიმონიც ეცემა), ეს ლიმნის გარეშე (და თავზე ორთქლი ასდის). ეხლა გამოფხიზლდი და წესიერად მელაპარაკე.
ირაკლი: ანგარიში თუ შეიძლება.
გამომძიებელი: დაპატიჟებული ხართ.
ირაკლი: და ბავშვი? ბავშვი სად არის?
გამომძიებელი: არანაირი ბავშვი აქ არ არის, თქვენ დაპატიმრებული ხართ რამდენიმე დანაშაულის გამო.
ირაკლი: დაპატიმრებული? მე ვარ დაპატიმრებული?
გამომძიებელი: კი!
ირაკლი: მე თუ თქვენ? მე ეხლა მოვედი აქ და თქვენ სულ აქა ხართ!
გამომძიებელი: ეხლა თქვენც სულ აქ იქნებით!
ირაკლი: რატო დავაშავე რამე? თუ პრაქტიკას გადიხართ?
გამომძიებელი: დააშავე!
ირაკლი: რა დავაშავე?
გამომძიებელი: ყველაფერი.
ირაკლი: ყველაფერი?
გამომძიებელი: ხო ყველაფერი, სისხლის სამართლის თითქმის ყველა მუხლი დაარღვიე!
ირაკლი: აა გამახსენდა, ეს მე არ ვყოფილვარ!
გამომძიებელი: აბა ვინ იყო?! მე ვიყავი?!
ირაკლი: ეს ის ბავშვი იყო, ის აუტანელი ბავშვი!
გამომძიებელი: რა ბავშვი, ხუმრობის ხასიათზე ხართ?! საქმე ძალიან სერიოზულად არის, თქვენ შესაძლოა სამუდამო პატიმრობა მოგესაჯოთ.
ირაკლი: არ მინდა სამუდამო. ცოტა დააკელი რა.
გამომძიებელი: ვაჭრობა მერე იყოს, აღიარებ დანაშაულს თუ არა?
ირაკლი: რა მინდა გკითხოთ, თქვენ გყავთ ბავშვი?
გამომძიებელი: კი მე მყავს.
ირაკლი: მეც მყავს. მაგრამ ჩემი ჯერ არ დაბადებულა.
გამომძიებელი: გასაგებია.
ირაკლი: თქვენი? თქვენი დაიბადა?
გამომძიებელი: კი, რათქმაუნდა.
ირაკლი: გილოცავთ! ღმერთმა გაგიზარდოთ. ძილინებისა.
(თავი უვარდება მაგიდაზე, ითიშება).

(დაპატიმრებამდე, წინა ღამე)

(ირაკლი მთვრალია საჭესთან, ბავშვი გვერდით).
ბავშვი: შენ არ გაქვს უფლება ესე მომექცე!
ირაკლი: მე მაქვს უფლება ისე მოვიქცე, როგორც მე მინდა! და შენ პატარა ლაწირაკო ჩემ ცხოვრებაში ჩარევის უფლება არ გაქვს!
ბავშვი: შეუცვალე სიჩქარე.
ირაკლი: ვიცი.
ბავშვი: ავტომატიკაზე ფული არ გეყო მამი?
ირაკლი: არ მიყვარს, ამაზე ვარ მიჩვეული.
ბავშვი: ვა, გოშნიკი ხარ?
ირაკლი: შენი საქმე არ არის.
ბავშვი: ცოტა ნელა იარე რა.
ირაკლი: როგორც მინდა ისე ვივლი!
ბავშვი: შეუცვალე სიჩქარე.
ირაკლი: შევუცვლი, შენ არ ინერვიულო. გეშინია ხო ჩქარა სიარულის პატარვ?
ბავშვი: კი მეშინია, არ მინდა რო რამე დაგემართოს.
ირაკლი: ჩემზე ნუ ნერვიულობ.
ბავშვი: შენ რო რამე დაგემართოს ხო იცი, მერე მეც ვეღარ დავიბადები.
ირაკლი: შენ ისედაც ვერ დაიბადები.
ბავშვი: თან ვინმემ ხო უნდა მომიაროს.
ირაკლი: მე არასდროს არ მოგივლი, მე ბავშვისთვის არ მცალია, მე ჩემი გეგმები მაქვს. წადი ეხლავე აქედან თორე კიდე უფრო ჩქარა ვივლი.
ბავშვი: არსადაც არ წავალ. თუ გინდა მეც მოგეხმარები სხვა გეგმების შესრულებაში.
ირაკლი: არ მჭირდება შენი მოხმარება!
(კიდე უმატებს სიჩქარეს).
ბავშვი: მამი ცოტა ნელა იარე, ხო ხედავ რო ნასვამი ხარ?!
ირაკლი: მომშორდი აქედან თორე დავამტვრევ მანქანას.
ბავშვი: არაუშავს, მე მაინც არ მჭირდება ესეთი ბანძი მანქანა.
ირაკლი: იცი რას გეტყვი პატარა აჩრდილო?! ძალიან დავიღალე შენი ბავშვური სულელური ლაპარაკით! ეხლავე მომწყდი თავიდან! ვერ გიტან! ბავშვის პროვოკაცია ხარ! საზიზღარი არსება!
ბავშვი: ეგრე ხო?
ირაკლი: ხო ეგრე!
ბავშვი: იცოდე მწარედ ინანებ შენ სიტყვებს ძვირფასო მამა!
ირაკლი: აჰა, მემუქრები კიდეც?! გადაეთრიე ეხლავე ჩემი მანქანიდან და აქ აღარ დაგინახო!
(კარს უხსნის).
(წითელს გადაკვეთენ, აეკიდება პატრული, გააჩერებს. პატრული და სხვა ვერავინ ამ ბავშვს ვერ ხედავს).
პატრული: წარმოადგინეთ საბუთები.
(ირაკლი აწვდის საბუთებს).
პატრული: თქვენ დაარღვიეთ მოძრაობის წესები და უნდა დაგიწეროთ ჯარიმა, კერძოდ შუქნიშნის დაუმორჩილებლობის გამო.
ირაკლი: რა? რა შუქნიშანი, სად ხედავ აქ შუქნიშანს?
(პატრული მიანიშნებს შუქნიშანზე წითელია).
პატრული: აი შუქნიშანი ბატონო.
ირაკლი: აუ ეს ვინ დაკიდა აქ! ადრე არ იყო!
პატრული: ეს შუქნიშანი უკვე თხუთმეტი წელია აქ არის. ეხლავე დაგიწერთ ჯარიმას და 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადო.
ირაკლი: (ბავშვს) სუყველაფერი შენი ბრალია.
ბავშვი: მამი რაღაც ვერ გავიგე, წითელზე გავლა არ შეიძლება?
ირაკლი: (პატრულს) ხო, დაიცა, რაღაც ვერ გავიგე წითელზე გავლა რა არ შეიძლება?
პატრული: რათქმაუნდა არა.
ირაკლი: რა ყოველდღე ცვლით წესებს.
პატრული: რაც წესები არსებობს იქიდან მოყოლებული წითელზე გავლა არ შეიძლება!
ბავშვი: სთხოვე რო ღვედებს ვიკრავდი და ვერ დავინახეთქო, შეიძლება გაპატიოს.
ირაკლი: ხო მართალი ხარ. არ დამიწერო რა ჯარიმა, ღვედს ვიკრავდი და ვერ დავინახე შუქნიშანი.
პატრული: აჰა, ღვედი არ გქონდა შეკრული? ეგეც მეორე ჯარიმა.
ირაკლი: უხ შენი ეს რა მათქმევინე!
ბავშვი: მაშინ უთხარი ჩაბურული შუშები მაქვს და ღამე არაფერი არ ჩანს თქო.
ირაკლი: არ დამიწერო რა, შუშები ჩავბურე და არაფერი არ ჩანს, შენც ვერ დაგინახე.
პატრული: აჰა, ჩაბურული შუშებით დადიხარ არა?! ეგეც მესამე ჯარიმა.
(ტრიალდება ბავშვისკენ გამწარებული, ბავშვი მობილურს აწვდის და რაღაცას ანიშნებს)
ირაკლი: რა მესამე ჯარიმა, სანამ გამაჩერებდი ველაპარაკე იურისტს და მითხრა რო ჩაბურული შუშებით სიარული უკვე შესაძლებელიაო.
პატრული: რითი ელაპარაკე?
ირაკლი: რითი და ტელეფონით, (ანახებს) გაგიგია ესეთი რაღაცა რო არსებობს?
პატრული: კი, გამიგია, როგორ არ გამიგია, და ისიც გამიგია რო საჭესთან მობილურით ლაპარაკი არ შეიძლება. ეგეც მეოთხე ჯარიმა.
ირაკლი: გეყოფა, რას აკეთებ, ჯარიმა აღარ დამიწერო შენი (ხელს უშვერს).
პატრული: ესეც მეხუთე სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის!
(ირაკლი გახედავს ბავშვს გამწარებული სახით, ბავშვი მხრებს იჩეჩავს, გადმოხტება ირაკლი მანქანიდან და იწყებს ღრიალს).
ირაკლი: გაინტერესებს ხო სიმართლე? ყველაფერი აი ამ ბავშვის ბრალია!
(გადმოდის მანქანიდან, შეიხედავს პატრული, ბავშვი არ არის).
პატრული: აქ არ არის არავინ.
ირაკლი: არის! უბრალოდ შენ ვერ ხედავ! როგორც შენ ვერ ხედავ იმ ბავშვს, მეც ზუსტად ეგრე ვერ დავინახე ეგ შუქნიშანი! თან იცი რატო ვერ დავინახე? იმიტომ, რომ გახეული მთვრალი ვარ! (პატრული კიდე უმატებს წერას) რო დავინახე ვერ გავაჩერე იცით რატომ? იმიტომ, რომ ასოცით მოვდიოდი და ვერ დავამუხრუჭე! ჩქარა მივდიოდი იმიტომ, რომ ბანკი გავიტანე და გამოვიქეცი! და ბევრი დავლიე იმიტომ რომ ყაჩაღობისას ერთი მოლარე შემომაკვდა! გაწყობთ? ეს გინდოდათ ხო? მიდით ეხლა დამიჭირეთ! მიშველეთ! სადმე წამიყვანეთ! იმედია იქ მაინც არ იქნება ეს ოხერი ბავშვი! და მომშორდება სამუდამოდ...
(თან მოდის მეორე პატრულის მანქანა, აპატიმრებენ, ადებენ ბორკილებს).


განყოფილებაში - (დღე).

უფროსი პოლიციელი: გუშინ ბანკის დაყაჩაღების შემთხვევა არ დაფიქსირებულა! არც მკვლელობა. მემგონი ეს ადამიანი ბოროტმოქმედი კი არა ცოტა უბერავს.
უმცროსი: მე ვერ დაგეთანხმებით.
უფროსი: რატო?
უმცროსი: ცოტა კი არა მაგრად უბერავს ბატონო გამომძიებელო.
უმცროსი: დაკითხვაზე სულ ვიღაც ბავშვზე მელაპარაკებოდა.
უფროსი: მოკლედ მოდი ეგ ჯერ ექიმ ფსიქოლოგს ვაჩვენოთ და შემდეგ გადავწყვიტოთ როგორ მოვიქცევით.

სახლში (ღამე)

ბავშვი: ხო ხედავ მამა, მე რომ არა ეხლა საგიჟეთში იქნებოდი.
(ირაკლი ხმას არ იღებს და ნელ-ნელა ეძინება, სიზმარში ხედავს შვილთან ერთად დადის სხვადასხვა ადგილებში, კარუსელებზე, პარკებში, ბუნებაში, აუზზე, ფეხბურთის სათამაშოდ და ასე შემდეგ).

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები