ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პროზა
4 ოქტომბერი, 2016


მელანოMANia

“სიყვარულის სამი მეოთხედი ცნობისმოყვარეობაა."
ჟან პოლი
თავი მეჩვიდმეტე
ვერსად გავექცევი იმ ფაქტს, რომ საშინელი და ამავდროულად ფარული მექალთანე ვარ. ერთის ნახვით უბრალო, უწყინარი და უთქმელი ბართლომეს უკან, რომელიც საკმაოდ კარგადაა შენიღბული, ნამდვილი კაზანოვა იმალება.
ჩემი მამაკაცური მიდრეკილებების გამო მელანოსთან ორგზის ვიჩხუბე სერიოზულად და თუმცა პირველი ამბავიც არ მომიყოლია მთელი სიმძაფრით, სათქმელიც ბევრი არაფერია, პირველივე შემხვედრთან მზად ვიყავი მეღალატა მისთვის, თან ყველა სიკეთესთან ერთად, მელანოს უახლოესი დაქალი შემრჩა ხელთ...
მელანოსგან ღალატს ფიქრადაც კი არ ვუშვებ, მე კი საკუთარ პრინციპებს ვუღალატე...
ფლირტი მილიონგზის მქონია და ალბათ მექნება კიდეც, თუმცა ასე ძალიან უცხო ადამიანით არასოდეს დავინტერესებულვარ, თან თავდაპირველი ინიციატივა მისგან წამოვიდა, როგორც წესი, ასეთ დროს ადვილად ხელმისაწვდომობა შესაძლო პარტნიორისა ინტერესს მიხშობს, მაგრამ დავხარბდი "იოლ ნადავლს", ამჯერად სხვანაირად მოხდა და მწარედაც შევცდი.
მერჩივნა მიწა გამსკდომოდა, როცა გავიგე, რომ მარი მელანოს დაქალი იყო, წარმოიდგინეთ რა დამემართა, როცა მარის მობილურიდან მელანოს ხმა გავიგე და მითხრა:
"ბართლომე, ტყუილად არ დაგველოდო, არცერთი არ ვაპირებთ შენთან შეხვედრას, მე მითუმეტეს!".
სრული შოკი იყო, ენა გადამეყლაპა, ვერაფერი ვუთხარი, გავშრი, თვალები დამეძაბა და მობილური ტელეფონი კედელს მივანარცხე მთელი ძალით.
დარწმუნებული ვიყავი, რომ მობილურზე აღარ მიპასუხებდა მელანო, თუმცა მისი ნომერი ზეპირად მახსოვდა, აღარ მიცდია მისთვის პირადი მობილურიდან გადამერეკა, რადგან აქამდე სამსახურში მოცემული ახალი ნომრიდან ვეკონტაქტებოდი, რომელზეც ანგარიში ულიმიტოდ მქონდა, მობილურის აწყობასაც ვინღა სჩიოდა, სასწრაფოდ სოციალურ ქსელში მივწერე.
სიმართლე გითხრათ, რამდენადაც დამნაშავედ ვგრძნობდი თავს, იმდენად შეურაცხყოფილი ვიყავი, რადგან ჩემი სიყვარული ასე აქამდეც გადაუმოწმებიათ და ორივე შემთხვევაში მე დავმარცხდი, თუმცა მსგავსი საქციელით ადამიანი პირველ ყოვლისა საკუთარ ღირსებას და პიროვნებას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, ჩემთვის კი ეს უკვე გარდასული და ჩავლილი მომენტი იყო.
აპელირებაც სწორედ ამ კუთხით დავიწყე და მელანოც მიხვდა, რომ მასზე არანაკლებ მეტკინა გული და ამის ღირსი მეც არ ვიყავი.
გათენებამდე ვწერდი მელანოს.
მისგან მხოლოდ შორისდებულებს და ერთფეროვან, არაფრისმთქმელ ღიმილაკებს ვღებულობდი, პარალელურად კი, მარი მიტარებდა აღმზრდელობით გაკვეთილებს და დიდაქტიკურ დიალოგს მიმართავდა, მალე ისიც მონოლოგში გადმოვიდა ჩემთან, თუმცა მე შორისდებულებსაც აღარ ვიმეტებდი მისთვის...
ბოლოს, როგორც იქნა, მელანოც მოლბა და მცირედით მიხვდა საკუთარ დანაშაულს.
გამთენიისას მისგან პირობა მივიღე, რომ კიდევ ერთხელ მომცემდა მასთან შეხვედრის საშუალებას, რათა ყველაფერზე დეტალურად გვესაუბრა და ერთად გადაგვეწყვიტა, რამდენად ექნებოდა ასეთ ურთიერთობას აზრი.
იმ ღამით გავაცნობიერე, რომ ერთდროულად თბილი და მოსიყვარულე, მზრუნველი და ყურადღებიანი ბართლომე, გულის სიღრმეში ტიპიური, უზნეო მამაკაცი იყო და საკუთარი სიამოვნებისთვის, თუნდაც ერთჯერადად, ყველაფერზე წამსვლელი იყო.
სამწუხაროდ, მელანოსთან შეხვედრის დღემდე დებოშის გარეშე მაინც ვერ მივაღწიე...
ამჯერადაც ღალატი, უფრო ფართო მასშტაბიანი, ამჯერადაც სოციალარი ქსელით...
ვიცი, მკითხველის გულისწყრომას გამოვიწვევ, მაგრამ დანარჩენს შემდეგ თავში მოგახსენებთ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები