ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეონე
ჟანრი: პროზა
13 ოქტომბერი, 2016


პუაზონ

– შენ უფრო შეძლებ ცრემლების შეკავებას თუ ეს ცა – წვიმის?

იმ დღეს საერთოდ არ წვიმდა. არადა, ისეთი ამინდი იყო, ჯობდა ეწვიმა. გულს შეგიღონებდა მოქუფრული ცა, მილქშეიქად ქცეულ ღრუბლებს რომ დაეფარათ. იმუქრებოდა, იმუქრებოდა, მაგრამ არაფრით წვიმდებოდა. ესეც შენი შემოდგომა. ლამაზი, ოქროსფერფოთლებიანი შემოდგომა. იცით, ზოგიერთი შემოდგომა საშინლად წვიმიანი და ტალახიანია. ისეთი, ვერაფრით ვერაფერს რომ ვერ დაწერ, მაგრამ მაინცდამაინც ასეთი შემოდგომის საშინლად უწვიმო დღეს გადაეყარა ჩემი ცხოვრება მის მზისფერ მაჯებს.

– შენ რომელი გაწყობს?

ვერაფრით ვერ ვაშორებდი თვალს მის ხელებს. მეგონა, თვალს თუ მოვაშორებდი, რაღაც დაემართებოდა. ის კი იჯდა და ფიქრობდა. ფიქრობდა, რომელი იყო ნაკლებად სარისკო: ჩემი ტირილი თუ გასკდომამდე გაბერილი ცის დაღვრა.

– ოდესმე უთქვამთ, რომ ლამაზი ხარ, როცა ტირი?
– უთქვამთ.
– მერე, დაუჯერე?
– დავუჯერე.
– სულელი ხარ. ყველაფერს, ყველაფერს გატყუებდა და რაღა ამისთანა სისულელეში იქნებოდა გულწრფელი?
– შენ არავინ მოგიტყუებია ასე?
– ადამიანი ტირილისას დაახლოებით ისეთივე ლამაზია, როგრიც მაშინ, როცა საჭმელს ჭამს, ძვირფასო.

გამეცინა.

– გინდა, ვითამაშოთ? – მითხრა მერე სერიოზულად.
– რა ვითამაშოთ?
– თუ დილამდე ისე ვერ გაძლებ, რომ არ იტირო, ხვალ აი იმ ტიპთან დაწვები, – ბართან მჯდომი უსახური კაცისკენ მიმითითა. მაშინ, ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო ჩემი თამაშის წესების შედგენა.

იმ საღამოს წვიმას მოუწია დათმობა. იმ ღამით ჩემოდნებზე მსხდარ ცრემლებს ითვლიდა ჩემს თვალებში. იმ ღამით ვიწექით ერთად და მივშტერებოდით ჭერს, სადაც არარსებული ლაქები იქცეოდნენ ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდ შეცდომებად. ჩვენ არ შეგვეძლო, ერთმანეთი გვყვარებოდა.

მან იცოდა, როგორ ვერ ვიტანდი სახელებს, როგორ მიშლიდა ხელს სუნთქვაში რაღაც ბგერების ერთობლიობა, რომლითაც ვიღაც რატომღაც იყო განსაზღვრული ამ სიბრტყეზე და არასდროს გაუმხელია, რა ერქვა. ერთადერთი, ერთ დღეს გამომიცხადა, მე შენი პუაზონი ვიქნებიო. თან “ზ” განსაკუთრებულად გამოკვეთა, რომ საწამლავი თევზში არ ამრეოდა. მას მოსწონდა, როგორ გამოვთქვამდი “პუაზონს:” მსუბუქ “პ”-ს გლუვი, პრიალა “უა” მოსდევდა, მერე მკვეთრი “ზ” ახმოვანებდა და ბოლო “ონ” ცხვირის სიღრმეში იკარგებოდა. საშინლად მოსწონდა, როგორ გრძნობდა ბოლო უჯრედამდე, რომ შეეძლო ჩემთვის რაღაც არანორმალურად მძაფრი ყოფილიყო. სიგიჟე, შიში, ლტოლვა, ცოტ-ცოტა ყველაფერი, რაც სიყვარულს სჭირდება, მაგრამ ჩვენ არ შეგვეძლო, ერთმანეთი გვყვარებოდა.

მან იცოდა, რომ შემეძლო, მასზე დამეწერა. იცოდა, რომ შემეძლო, მისი ამაღლება ვყოფილიყავი. შემეძლო, მექცია მუზად. შემეძლო, მიმეცა მნიშვნელობა. თითქოს არარსებული, მაგრამ მაინც მნიშვნელობა და მერე ის იქცეოდა რაღაც ისეთად, რად ქცევადაც უღირდა მთელი თავისი უბადრუკი სიცოცხლე ალბათ. მე ვხედავდი, როგორი მონდომებით არიდებდა თავს ყველა მეზობელს, როგორ ეშინოდა პეპლების, როგორ ზრუნავდა ჩემზე და არაფრად აგდებდა ჩემს შუა გზაზე მიტოვებულ ნაწერებს.

ამბობდა, რომ შოპენის მუსიკა იყო ყველაზე სექსუალური რაღაც დედამიწაზე და მე ამ დროს მსუბუქი მუჯლუგუნით ვაჩუმებდი ტომ უეიტსს, რომელსაც შოკოლადი ჰქონდა იესოსთვის. ჩვენ არასდროს ვსუნთქავდით მაშინ, როცა ვუსმენდით მუსიკას და არასდროს ვუსმენდით მუსიკას მაშინ, როცა ვსუნთქავდით.

მისთვის ყველაზე რთული ის იყო, ყავა მაგიდამდე ისე მიეტანა, რომ არ დაქცეოდა. განსაკუთრებით ამ დროს მიყვარდა ხოლმე მისი ხელების ყურება და მაშინ ვხვდებოდი, რომ ჩვენ არ ვიყავით ერთმანეთისთვის არაფერი, ხმების გარდა. მაშინაც კი ჩემს ხმას უსმენდა, როცა არაფერს ვამბობდი. სიმართლე თუ გინდათ, უფრო ყურადღებით სწორედ მაშინ მისმენდა, როცა არაფერს ვამბობდი.

ერთადერთი ხმა, რომელიც ჩემს ხმაზე მეტად უყვარდა, ასანთის გაკვრის ხმა იყო.
მაგიჟებდა ამის გაანალიზება. ჭკუიდან მშლიდა, როცა ვუყურებდი, როგორც ცდილობდა მთლიანდ შეეგრძნო ერთწამიანი პროცესის ჟღერადობა. გული მისკდებოდა იმიტომ, რომ მაშინ მისთვის არ ვარსებობდი. მაშინ მისთვის ვიყავი სრული სიმუნჯე, სიბნელე, უფერულება… არაფერი მეტყველი, არაფერი შეხედვადი. სიცარიელე ვიყავი. დამხრჩვალი სიცარიელე. მაგრამ მაშინაც ის ადგენდა თამაშის წესებს. ის ადგენდა, როდის ესმინა ასანთის გაკვრისთვის და როდის შემოეცალა ჩემთვის ყველა ნოტი ერთდროულად.

მაშინ, როცა კედლებს ავსებდა შოპენი, ის უყურებდა ჩემს ნერვებამდე შიშველ სხეულს და მე მასზე ვწერდი. ყოველ სიტყვაში წამებით ვატევდი მის თვალებს და ვინახავდი მხოლოდ ჩემთვის. ჩემი დაწერილი არც ერთი სიტყვა არ წაუკითხავს პუაზონს, არც ერთი. მე ვწერდი, ვწერდი მასზე ჩემთვის. მას კი ძალიან ფრთხილად შემოჰქონდა ჩემში მთელი მუსიკა. არარსებული, დაუჯერებელი, საშიში მუსიკა და მაშინ აღარ ჰქონდა მნიშვნელობა არაფერს.
მერე შეეშინდა და დამთავრდა შოპენი. ერთ დღეს ყველაფერი დამთავრდა და მთელი ამბიდან გოგირდის სუნი დარჩა მარტო და ასანთის გაკვრის საშინელი ხმა, რომელიც მყლაპავდა მთლიანად. ერთ დღესაც დაამტვრია ყველაფერი, სადაც შეიძლებოდა შოპენს ეარსება და სახლიდან წავიდა. აი ასე, ადგა და წავიდა.

იმ ღამით ნაცნობმა ხმამ გამაღვიძა. სიბნელეში წამიერად ნათდებოდა ხოლმე ასანთის ღერი, პატარა ფეიერვერკივით და თითისწვერებს უნათებდა იატაკზე მჯდარ უშოპენო პუაზონს. არც ერთი წვეთი შოპენი არ მოიძებნებოდა მაშინ მასში. ისმოდა, როგორ აქრობდა სულის შებერვით ასანთს და მერე ახალს ანთებდა.

– ბენზინის სუნია მგონი…
– ჰო, პუაზზონ. ჩვენს ამბავს ყოველთვის ბენზინის სუნი ჰქონდა.

***

– კვამლი გაქვთ ნაყლაპი დიდი რაოდენობით. დამწვრობა, საბედნიეროდ, არ არის.
– ის?
– ვინ ის?
– პუა…
– მარტო იყავით.
– როგორ?
– თქვენ გარდა არავინ უპოვიათ. საძინებელში იატაკზე გიპოვეს, გონდაკარგული. ბინა თითქმის მთლიანად დაიწვა როდე….

მისთვის ყველაზე რთული ის იყო, ყავა მაგიდამდე ისე მიეტანა, რომ არ დაქცეოდა.
და შიგნიდან მაინც ისმოდა შოპენი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები