ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ა___ჩ___ი
ჟანრი: პოეზია
16 ოქტომბერი, 2016


რ ე ფ ლ ე ქ ს ი (მხოლოდ შენი წასაკითხი)

შენი ატანა ამ ბოლო დროს გახდა ადვილი,
სექტემბერია, კერძოდ ოცი, ქარი, გრიგალი,
ჩვენმა სულებმა ერთმანეთში ჰპოვეს ადგილი,
შენი თვალები ზღაპარია, სრული იგავი.
შენ შეიძლება არ ფიქრობდე, მაგრამ ნამდვილად -
როცა წახვედი მაშინ უფრო ჩემთან იყავი.

სექტემბერია, ზემოთაც ვთქვი, ქარი თუ არი
თვალებს არ ვხუჭავთ მტვერით სავსე დაგვაქვს მომენტი,
შემოგთავაზე ჩამოვალ-თქო, შენ თქვი უარი,
და ამ უარში იგრძნობოდა მთელი სონეტი,
ასაფრენ ბილიკს ხელის გული ვეღარ გაგიწევს,
ვეღარ ვიქნები საკუთარი შენი პოეტი.

ღმერთია მოწმე (მე ყოველთვის ვგმობდი ამ ფრაზას)
მაგრამ ნამდვილად მოწმე არის და მე ვაფიცებ
ბიბლიას, ჰოდა გამოსული როგორც დაფასთან,
დგება პირისპირ და მიყურებს თეთრი ანფასით.
რას ავიჩემე ახლა ღმერთი, ასეა მუდამ,
ათასად კაცი, ღმერთი უფრო მეტად დაფასდა.

არის გვიანი, საათია ღამის სამისკენ,
გვიან ვბრუნდები როგორც წესი სრულად ფხიზელი,
შენ კი უტუხად სიფხიზლისთვის ჩხუბსაც დამიწყებ,
თხოვნით მოგმართავ, ამ ერთხელაც გთხოვ გამიძელი.
და როგორც საბანს გექაჩები, მსურს მოგიპარო,
შენ კი საკუთარ თმებს მახურავ, გავხარ კვიპაროს.

სექტემბერია, გარეთ არის კადრი ლამაზი,
მზეა გარეთ და მხიარული მე მის გამო ვარ
ვიცი, ოდესღაც, ჩამოდიო შემომთავაზებ
და მე ჩამოვალ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები