ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეონე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
24 ნოემბერი, 2016


სისხლი

ღმერთი ხარო მითხრა და შემეშინდა. პირველად შემეშინდა რამის საერთოდ.

და მერე კიდევ უფრო შემეშინდა.

ჭუჭყიანი ხელები მქონდა. სევდა მქონდა ჩამჯდარი ფრჩხილებში და ვერაფრით ვიშორებდი. ის კი ჯიუტად მიმეორებდა, ღმერთი ხარო. ღმერთიო.

კივილი მინდოდა. კივილი მინდოდა, მაგრამ უბრალო ღიმილს ვერ გავცდი. იმ ღიმილმა კიდევ ცრემლებიც ვერ დაიტია, ჩვეულებრივი ცრემლები…

ის იდგა და ისევ თავისას გაიძახდა… ღმერთი ხარო.

ვგრძნობდი, როგორ ვიკაწრავდი სხეულს ყოველი ამოსუნთქვით და მაინც არ შემეძლო, არ მესუნთქა იმიტომ, რომ ასე მას ვინარჩუნებდი. ჩემი ყოველი ამოსუნთქვა მის ერთ სიკვდილს უდრიდა და მე ასე მას ვინარჩუნებდი.

და მაინც იდგა და მეუბნებოდა, ღმერთი ხარო.

იმ დღეს უზარმაზარი მაკრატლით ძირებამდე დავიჭერი ფრჩხილები, ლაქის მოუცილებლად და ჩემმა ლამაზმა თითებმაც იმ წამსვე დაკარგა ფორმა და აზრი.

ის კი… ჰო, ღმერთი ხარო მაინც.

იმ დღეს მე ვიყავი ჭრილობა, საიდანაც სისხლდენა არ წყდებოდა და მე ვიყავი სისხლიც, მაგრამ არ ვდედდებოდი. ვცლიდი და ვცლიდი და ვცვლიდი.

ღმერთი ხარო მითხრა ისევ.

მე ის არასდროს მყვარებია ისეთი სიყვარულით, რომელსაც არსებობის უფლება ჰქონდა და ვიყავი მხოლოდ ტკივილი და არაფრით – ღმერთი, მაგრამ ის ჯიუტი ბავშვივით ყურებზე იფარებდა ხელებს და

ხმამაღლა, ყვირილით ამბობდა ღმერთი ხარო.

მე მაშინ მინდოდა სიკვდილი და შემეძლო სიკვდილი, მაგრამ არ მოვკვდი.

იმიტომ, რომ დავუჯერე. დავუჯერე ჩემს ღმერთს რომ მე ვიყავი ღმერთი და მაშინ პირველად და უკანასკნელად ვილაპარაკეთ ამდენი ღმერთზე.

დავსხედით იატაკზე ფეხმორთხმით და ვილაპარაკეთ. ვილაპარაკეთ ღმერთზე, რომელსაც ვუყვარდით და ღმერთზე, რომელიც გვპატიობდა და ღმერთზე, რომელსაც ეშინოდა და ღმერთზე, რომელიც არ არსებობდა და…

გავჩუმდით.

ტყვიასავით მძიმე სიჩუმეში მისი ნაწვეტ-ნაწყვეტი სუნთქვის ხმა ისმოდა და მე მჯეროდა ამ სუნთქვის. სუნთქვის, რომელიც მუნჯდებოდა.

და მე ვიყავი ღმერთი. ჩვეულებრივი ღმერთი, რომელსაც არაფრის გაკეთება შეეძლო გარდა იმისა, ეფიქრა, რომ იყო ღმერთი.

ეწამა, რომ იყო ღმერთი.

იყო

თავად არა.

ღმერთი იყო.

მე მაშინ შევცდი.

ღმერთები არ ცდებიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები