 | ავტორი: ავტ2 ჟანრი: პროზა 16 იანვარი, 2017 |
ძალიან გამიჭირდა იმ პერიოდში ჰამბურგში ცხოვრება. სამუშაოს ვერ ვშოულობდი. საერთოდ გერმანიაში, თუ მუქი ფერის თმა გაქვს ძალიან ერიდებიან შენს სამსახურში აყვანას. მოვლილი მქონდა ყველა პოტენციური დამსაქმებელი, თუმცა უშედეგოდ. იშვიათად მიმართლებდა და თუ მიმართლებდა, ალბათ ესეც ჩემი სტუდენტური სახის გამო. მორიგი გასვლა მქონდა სამსახურების საძებნელად. ამჟამად პორტის უბანს Landungsbrücken-ს მივაშურე, სადაც რამოდენიმე დიდი და სოლიდური რესტორანი მეგულებოდა. მესამე რესტორანში, რომ შევედი, მორიგი სტანდარტული ჰამბურგული მისალმებით მივესალმე და ისევ მაქსიმალურად სასიამოვნო სახის მიმიკით ვეცადე უაქცენტო გერმანულით მეკითხა, ხომ არ ქონდათ სამუშაო სტუდენტისსახიანი ადამიანისთვის. გერმანელმა მერცედესივით გაწყობილმა რესტორნის მენეჯერმა Frau Dokme-მ მიპასუხა, რომ შეეძლოთ ჩემთვის Probetag (საცდელი სამუშაო დღე) შემოეთავაზებინათ და შემდეგ თუ მოვეწონებოდი ამიყვანდნენ სამსახურში. ამგვარი საცდელი დღეები არაერთი გამიკეთებია და სამუშაოზე აყვანის შანსი გამოცდილებიდან გამომდინარე 50-50-ზეა ხოლმე. რა თქმა უნდა დავეთანხმე იქედან გამომდინარე, რომ თუნდაც ერთი სამუშაო დღე ჩემთვის უკვე ნიშნავდა, რომ გარკვეულ თანხას ავიღებდი ჩემს შრომაში. დამიბარეს შაბათს დილით 8 საათზე. როცა მივედი დამავალეს პირველ რიგში ბარის შევსება და პროდუქტების შეზიდვა ქუჩიდან სარდაფში. მარტო ვიყავი, ამიტომ საკმაოდ ბევრი ვიშრომე, თუმცა მაინც კმაყოფილი ვიყავი იმ ფაქტით, რომ ვმუშაობდი. ამ სამუშაოს, რომ მოვრჩი მითხრეს, რომ მაგიდები უნდა გამეშალა. საკმაოდ მოზრდილი რესტორანი იყო და დაახლოებით 1 საათი მოვანდომე მაგიდების გაშლას. შუა დღისკენ მითხრეს, რომ ახლა წადი სახლში მოწესრიგდი, თეთრი პერანგი ჩაიცვი და 2 საათში მობრუნდიო. ძმაკაცის მიერ მოპარულ ჰოლანდიურ ველოსიპედს მოვახტი და წავედი სახლისკენ. ციოდა, წვიმდა და თან ძალიან მშიოდა, თუმცა არც დრო მქონდა და არც ფული, რომ გზაში რამე მეყიდა. რომ მოვბრუნდი რესტორანში Frau Dokme-მ მითხრა, რომ მეორე სართულზე 40 ადამიანზე გაშლილი სუფრისთვის უნდა მიმეხედა. არ წარმომედგინა, თუ 40 გერმანელის შიმშილისა და წყურვილის დაკმაყოფილების პროცესი ესეთი დამღლელი და რთული იქნებოდა. თან ამ პროცესში გერმანული სტანდარტით დადგენილი მექანიკური ღიმილის შენარჩუნება და "კლიენტი არის მეფე"-ს პრინციპის არდავიწყებაც ძალიან გამიჭირდა, თუმცა ზუსტად 5 საათიანი ქეიფის დასრულების შემდეგ მაინც კმაყოფილი ვიყავი, რომ შევძელი მათი მომსახურება. ფეხები და წელი ძალიან მტკიოდა ზემოთ-ქვემოთ სირბილის და ალბათ დილით შესრულებული გადმოტვირთვის სამუშაოების გამო. შიმშილს ვეღარ ვგრძნობდი, უბრალოდ სკამზე დაჯდომა მენატრებოდა, რომ ოდნავ მაინც შვება მეგრძნო. ჩემს უკვე ნაკლებადსტუდენტურ სახეზე ეს ტკივილი და დაღლა ჩაშავებულ თვალებში და შუბლზე დაცვარულ ოფლში გამოიხატებოდა. მიუხედავად ამისა 40 კაციანი მაგიდის ალაგება მარტოს მომიწია. ამის შემდეგ დამავალეს ცარიელი საკვები პროდუქტების და სასმელების ყუთების გარეთ გატანა და ამით დასრულდა ჩემი სამუშაო დღე. ამ დღის განმავლობაში არაერთი პრეტენზია და შენიშვნა მოვისმინე Frau Dokme-გან, სტუმრებისგან, ბარმენისგან და სპილოს ძვლის კუნძულელი ჭურჭლის მრეცხავისგანაც კი. ეს უკანასკნელი უკვე 2 წელი მუშაობდა ამ თანამდებობაზე, მე კი მხოლოდ გამოსაცდელი ვადით ვიყავი იქ, ამიტომაც აძლევდა თავს უფლებას, რომ თავისი დამსხვრეული აფრო-გერმანულით შენიშვნები მოეცა ჩემთვის იმასთან დაკავშირებით, რომ არასორტირებულად მიმქონდა მისთვის გასარეცხი ჭურჭელი. Frau Dokme-ს შენიშვნების მიღება ყველაზე მეტად გამიჭირდა იმიტომ, რომ ვიცოდი მასზე იყო ჩემი სამსახურში აყვანა დამოკიდებული. ერთი შენიშვნის დროს პასუხი, რომ გავეცი ჩემივე აქცენტით დამიმარცვლა, რომ ქე-ზე-ქუ-ხე-ნის ზა-ნეს გარეშე მიტანა იგივეა, რომ მერცედეს ბენცს რული მოაძრო და ისე ატაროო...
ერთი სიტყვით დღის ბოლოს მაინც კმაყოფილი ვიყავი იმიტომ, რომ ვიცოდი, თუნდაც იმ დღის ანაზღაურებას მივიღებდი და გემრიელად მაინც შევჭამდი რამოდენიმე დღე იმ ფულით. მივედი Frau Domke-თან ანაზღაურების მისაღებად და იმის გასაგებად ამიყვანდნენ თუ არა სამსახურში. ქალბატონმა შემომხედა და მითხრა, თავისუფალი ხართ, დაგირეკავთ დაინტერესების შემთხვევაშიო. როგორ? - გამიკვირდა მე - ნუთუ არ მოგეწონათ ჩემი მუშაობა; და ანაზღაურება? ჩვენთან ფღობეთაგს არ ვანაზღაურებთო, ეგეთი წესი გვაქვსო - მიპასუხა ცივად და თან გერმანული სტანდარტით დადგენილი ცივი მექანიკური ღიმილი არ დავიწყებია. აქ უკვე ჩემი მოთმინების ფიალა გადაივსო და ძალიან უწმაწური სიტყვებით, დავიწყე ჩხუბი და ლანძღვა გინება. ჩემი სტუდენტური სახე საბოლოოდ დაემსგავსა ჭეშმარიტი Auslaender-ის (აუსლენდერი - გერმანულად უცხოელს ნიშნავს და აღნიშნული მიმართვა შეურაცყმყოფელია გერმანიაში) სახეს, რის გამოც Frau Dokme-მ ალბათ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ სამსახურში არ ამიყვანდა. მანაც აუწია ტონს და ცოტა ხნის კამათის შემდეგ მითხრა, რომ არ ვიხდით ჩვენ ფულსო, მაგრამო რადგან ესეთი პანიკა ატეხე აჰა, ჩემი ჯიბიდან მოგცემ მაგ 100 მარკასო და ამოიღო ფული. ძალიან შეურაცყოფილად ვიგრძენი თავი და ისე, რომ ხმა არ გამიცია და არც ფული გამომირთმევია წამოვედი. წვიმდა. ძალიან გაბრაზებული ვიყავი და გულში გერმანიას, მათ ჯიშს და კლიმატურ პირობებს უმეტესწილად ისეთი ქართული სიტყვებით ვამკობდი, რომლებშიც ტ,ყ,შ და ც ჭარბობს. ძმაკაცის მიერ ნაქურდალი ველოსიპედის საბურავი დაშვებული დამხვდა. მივედი ავტობუსის გაჩერებაზე და დავინახე მოხუცი თეთრთმიანი მათხოვარი კაცი, რომელიც ფეხშიშველი იყო და ჰამბურგის დეკემბრის სუსხიან ამინდში ქუჩაში იყინებოდა. ვიფიქრე, რომ ამ კაცს უფრო გამოადგებოდა ის 100 მარკა ვიდრე Frau Domke-ს. შევტრიალდი და გავიქეცი რესტორნისკენ. გიჟივით შევვარდი რესტორანში და ქალბატონ დომქე-ს წავგლიჯე ჩემი ნამუშევარი 100 მარკა, რომელიც ნამდვილად მეკუთვნოდა. უკან, რომ მოვბრუნდი ეს კაცი გაჩერებაზე აღარ დამხვდა...
სემესტრულ არდადაგებზე თბილისში ჩამოვდივარ ხოლმე. ჩემი ძმაკაცები ისევ ისე, ბირჟაზე დგანან და მზესუმზირის კნატუნით აგრძელებენ მთავრობების და იმ ხალხის ლანძღვას, ვინს სამსახური არ დააწყებინა, ჩემი კი შურთ, ვინაიდან ევროპის შუაგულში, კერძოდ კი გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ვცხოვრობ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მადლობა შეფასებისთვის :) ახლა ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ალბათ უამრავი ადამიანი წავა იმ იმედით, რომ "იქ უკეთესია"... მადლობა შეფასებისთვის :) ახლა ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ალბათ უამრავი ადამიანი წავა იმ იმედით, რომ "იქ უკეთესია"...
4. უფრო მოყოლილი ამბავითაა პროზა ცოტა მეტია :) უფრო მოყოლილი ამბავითაა პროზა ცოტა მეტია :)
3. არადა ყველას ჰგონია რომ ევროპაში და ზოგადად საზღვარგარეთ მარტივადაა ყველაფერი
სინამდვილეში რამდენი ბარიერის გადალახვა გიწევს ადამიანს
თუმცა, თუ ბედი გაგიღიმებს და ამ ყველაფერს გადალახავ, მერე ყველაფერი კარგად იქნება არადა ყველას ჰგონია რომ ევროპაში და ზოგადად საზღვარგარეთ მარტივადაა ყველაფერი
სინამდვილეში რამდენი ბარიერის გადალახვა გიწევს ადამიანს
თუმცა, თუ ბედი გაგიღიმებს და ამ ყველაფერს გადალახავ, მერე ყველაფერი კარგად იქნება
2. აი ზუსტად :)) აი ზუსტად :))
1. ყველგან კარგია, სადაც ჩვენ არ ვართ :)
ყველგან კარგია, სადაც ჩვენ არ ვართ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|