ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეონე
ჟანრი: პროზა
26 დეკემბერი, 2016


კატა

- მზის ღმერთი ეგვიპტურ მითოლოგიაში, ორი ასო, - ჩამოარაკრაკა ვიღაცამ ენერგიულად ჩემს ყურთან. არადა, აშკარად ვიცოდი, რომ იმ დღეს კაფეში მარტო წავედი.
- რა... - ვთქვი გაურკვეველი ინტონაციით. ასე დასმულ კითხვაზე პასუხიც გამოვიდა და ჩემი საკუთარი კითხვაც.
- ბრავო! - წამოიძახა ხმამ და რომ გავხედე, დავინახე, როგორ ჩაწერა კროსვორდის ორ უჯრაში ორი გამოყვანილი ასო.
- დაასრულე? - გამეღიმა მის რეაქციაზე.
- ჰო, სულ შევავსე.
- გილოცავ, - ახლა უკვე სიცილით ვუთხარი და კუთვნილ ბროწეულის წვენს მივუბრუნდი. მერე რომ მივხვდი, არსად წასვლას არ აპირებდა, ისევ მე გავაგრძელე: - ისე, ცოტა უფრო რთული გეკითხა, თუ მაინცდამაინც ეფექტი უნდა მომეხდინა.
- დარწმუნებული ხარ? - შემომხედა პირდაპირ თვალებში.
- რა თქმა უნდა.
- მაშინ მითხარი, სიკვდილი რომელ თვეშია ყველაზე ლამაზი?
აი ამას არ ველოდი. არაფრით ველოდი ამას. მზის ღმერთიდან სიკვდილზე როგორ გადავიდა? მაინც დავფიქრდი. დავფიქრდი და სანამ ფიქრს დავამთავრებდი, ლაპარაკი დავიწყე:
- დეკემბერში. უნდა ციოდეს, ძალიან, ძალიან უნდა ციოდეს და უნდა იყო თეთრი, სიკვდილამდე თეთრი და შენს ტუჩებს ოდნავ უნდა გადაჰკრავდეს ლურჯი ფერი. ზამთრის სისუფთავის სურნელი უნდა იდგეს და უნდა თოვდეს. მშვიდად, აუღელვებლად თოვდეს.
- და ლამაზი იქნება? - იკითხა ჩუმად.
- ძალიან ლამაზი.

ამ დღის მერე, მე ყოველდღე, შიშველი ხელებით მიმქონდა მასთან სიკვდილი, მაგრამ ვჩუქნიდი თითო ჩასუნთქვა სიცოცხლეს და ეს თავიდან ბოლომდე არაჩვეულებრივი იყო.

მიყურებდა თვალებში და საკუთარ სიცარიელეს ხედავდა, ბოლო, სულ ბოლო ცრემლამდე. მე არ ვსუნთქავდი. არ უნდა მესუნთქა, თორემ სიკვდილი გამეპარებოდა ხელისგულებიდან და იატაკზე დაიღვრებოდა. მერე ვერაფერი გადაარჩენდა.

მას ძალიან ლამაზი ყელი და ძალიან, ძალიან მუქი ლურჯი კაპილარები ჰქონდა. კაპილარები, რომლებიც ყოველთვის მახსენებდნენ მდინარეებს. იმ მდინარეებს, ორჯერ კი არა, ერთხელაც რომ ვერ შეხვალ. მე მეშინოდა მისი. მეშინოდა და მაინც მიმქონდა ყოველდღე პეშვით სიკვდილი და ფილტვებით - სიცოცხლე.
მას ჰყავდა ნაცრისფერი კატა და უნდოდა სიკვდილი.



***
ჩვენ ერთმანეთი დავბლოკეთ. ანამ - ადამი, ადამმა - ანნა, თუმცა მე ბოლოდან მოყოლილი ამბების არასდროს მწამდა.



***

პირველად მასთან სახლში რომ მივედი, რაც მაშინვე მომხვდა თვალში სივრცე და სინათლე იყო. ერთი დიდი ოთახი იყო, ღია ხისფერი იატაკით და უზარმაზარი ფანჯრებით. ეს ოთახი მხოლოდ სინათლე იყო. სინათლე და მეტი არაფერი.

- იატაკზე დაჯექი, - სივრცისგან დაბნეულს მიმითითა მან და თვითონ პატარა თაღში გაუჩინარდა.
იატაკზე ლოტუსის ფორმაში დავჯექი და ჩანთა კალთაში ჩავიდე. განუზომელი ინტერესით ვათვალიერებდი ოთახს, რომელსაც სინამდვილეში დასათვალიერებელი არც არაფერი ჰქონდა. თეთრი კედლები იყო. ცარიელი თეთრი კედლები. არც სარკე, არც საათი, არც ნახატი... არაფერი. თითქოს ეშინოდა, ოთახისგან სიცარიელე არაფერს მოეპარა. ეს ფანჯრებიც თითქოს გარეთ იჭრებოდნენ და იქიდან მოჰქონდათ ბევრი, ბევრი, კიდევ უფრო ბევრი სივრცე, ვიდრე ოთახში იყო. ისეთი შეგრძნება რჩებოდა, თითქოს ოთახი ჰაერში ტივტივებდა.

სანამ მე ერთი ჩვეულებრივი ოთახის ფილოსოფიურ განზომილებებზე ვმსჯელობდი, ის ღვინის ბოთლით ხელში დაბრუნდა.

- უნდა დავლიოთ! - გამომიცხადა საზეიმოდ.
- დავლიოთ!

პირველ ყლუპი რომ მოვსვი, გავიფიქრე, რომ წინ საშინლად ბევრი ლაპარაკი მელოდა. ძალიან, ძალიან შევცდი. მსგავსი არაფერი ყოფილა. თითქოს იმდენი იყო სათქმელი, საიდან დაგვეწყო არ ვიცოდით და ასეთ დროს ხომ ყველაზე სწორი გამოსავალი სიჩუმეა. არაფერი ხმაურობდა ოთახში. აბსოლუტურად არაფერი. მე კი ვცდილობდი, ღვინისგან აჩქარებული სისხლის მიმოქცევის ხმა გამეგონა. მაშინ დავაკვირდი პირველად მის კაპილარებს და საშინლად მომეწონა მათში მდინარეების აღმოჩენის იდეა. ვიჯექი და ვათვალიერებდი. არ ვიცი, ის რას აკეთებდა. ალბათ, იგივეს. მე ისე ვიყავი ამ მდინარეებში შესვლა-არშესვლის საკითხის გადაჭრით დაკავებული, ნორმალურად ვერც გავიაზრე, რა ხდებოდა სინამდვილეში.

ბოლოს ჩვენს ანგარიშზე იყო მთელი ბოთლი ღვინო და არც ერთი გრამი ბგერა.

საშინლად ლამაზი იყო ის დღე. იმდენად ლამაზი, შიშისგან კანკალმა ამიტანა. მაშინ პირველად ავკანკალდი ვიღაცის თვალწინ. მაშინ პირველად მეძინა ცარიელ იატაკზე. მაშინ პირველად გავიფიქრე, რომ რაღაც შეიცვლებოდა. მაშინ ძალიან ბევრი რამ იყო პირველად.



***
- ერთი თვე გავიდა ზუსტად.
30 ივნისი იყო. ისევ მის იატაკზე ვისხედით. ამჯერად არ ვსვამდით.
- რატომ ითვლი?
- იმიტომ, რომ შენ არ ითვლი არაფერს.
- რას უნდა ვითვლიდე?
- დროს. დეკემბრამდე!
სულ გაფითრდა. გამჭვირვალე გახდა. გაქრა. აორთქლდა. ჰო.
მე ვითვლიდი იმას, რისიც მას ეშინოდა.



***
- ანნა! - გამაღვიძა მისმა ხმამ.
- რა ხდება?
- ანნა.. ანნა.. ანნა.. ანნა! - იმეორებდა შეშლილივით და თავიდან მეგონა, ბოლომდე გამოფხილზებულ რომ არ ვიყავი, ამიტომ მესმოდა ერთის ნაცვლად ორი ნ ჩემს სახელში.
- გააფრინე?
- ანნა, ანნა, ანნა, ანნა... - არ ჩერდებოდა ის.
- რა გჭირს, ადამ? - უკვე სასაცილო აღარ იყო არაფერი.
- ა-ნნ-ა, - გრაციოზულად წარმოთქვამდა ჩემს სახელს და სიცილს მაინც ვერ ვიკავებდი.
მერე უკვე ცხადი რომ გახდა, ამ ამბავს დასრულება აღარ ეწერა, მივხვდი, რომ გავხდი ანნა. მივხვდი, რომ ანასა და ანნას შორის აუცილებლად იქნებოდა განსხვავება და ნაპრალი, რომელიც ნელ-ნელა გაიზრდებოდა.
შემეშინდა.
შემეშინდა, მაგრამ ის მაინც ძალიან ლამაზად ამბობდა ორ ნ-ს ერთის ნაცვლად ჩემს სახელში.
ივლისის ბოლოს უკვე ანნა ვიყავი.
ანნა.



***

ნელ-ნელა მხდიდა ტანსაცმელს. მისი უზარმაზარი ფანჯრების წინ ვიდექი და საკუთარი ხელით მხდიდა ისედაც თხელ სარაფანს. დადიოდა წრეზე. ბეჭებიდან ლავიწებზე, ლავიწიდან ისევ ბეჭებზე ატარებდა გაყინულ თითებს და მაკანკალებდა. საკუთარი კბილების ხმა მესმოდა და ვხედავდი, როგორ იღიმოდა. როგორ მოვწონდი მაშინ. ვხედავდი. ვხედავდი და ვგრძნობდი. არ მეხებოდა არსად სხვაგან. ჩემს სახესთან ძალიან ახლოს ჰაერს ყლაპავდა დიდ ლუკმებად, მაგრამ ჩემამდე არ მოდიოდა.
- ჭორფლები გაქვს? - მკითხა გაოცებით.
- ჰო, ამბობენ, - ვუპასუხე მეც ჩუმად და თითქოს მაშინ ვიგრძენი თითოეული ჭორფლი თვალებს ქვემოთ.
- რამდენიაა! - ბავშვური სიხარულით აკვირდებოდა ჩემს ჭორფლებს და ძალიან ლამაზი თვალები ჰქონდა.
მერე სული შეუბერა და სახეზე გრილი, ოდნავ მოთბო ჰაერი მომაფრქვია. გამეცინა.
- რას აკეთებ?
- სულ მეგონა, ჭორფლებს სულს თუ შეუბერავდი, გაიფანტებოდნენ, - მიპასუხა ძალიან ჩუმად და უფრო კარგად დააკვირდა იმ ჭორფლებს, ისევ რომ ადგილზე იყვნენ.
- მართლა?
- მართლა. ღმერთო, რა ლამაზია.
აგვისტოს ბოლომდე ითვალა ჩემი ჭორფლები ადამმა.



***

მისი ფანჯრებიდან არაფერი ჩანდა, ღრუბლების გარდა და ჩვენ საათობით ვიწექით იატაკზე გულაღმა, თავით ფანჯრისკენ და ვუყურებდით, როგორ დაცურავდა მთელი ეს სიფუმფულე ცაზე. მერე ვთხზავდით ზღაპრებს, ვდგამდით სპექტაკლებს და ვირგებდით როლებს და ვთამაშობდით, რომ ვიყავით ერთმანეთისვის ყველაფერი. სულ ყველაფერი, რად ყოფნაც ღირს. ჩვენ ვცხოვრობდით ერთმანეთის თვალებში, ვისრუტავდით იქ დაგროვილ სევდას და ვტიროდით ორივე, ერთმანეთისგან მალულად. მერე ისევ ვაგროვებდით სევდას, რომელსაც მეორე იტირებდა და ასე დავდიოდით წრეზე, რომელსაც ბოლო რაუნდი არ ჰქონდა.
- იცხოვრე რა ჩემთან, - მითხრა ერთხელ.  უკვე სექტემბერი იყო.
- ისედაც შენთან არ ვცხოვრობ?
- არა, ასე არა. აი ადექი, ჩაალაგე ჩემოდნები და მომადექი კარზე, თითქოს სახლიდან გამოგაგდეს, თითქოს წასასვლელი არსად გაქვს, თითქოს უსახლკარო ხარ, თითქოს გაწვიმს, თითქოს ყველაფერი დამთავრდება, თუ არ შეგიფარებ. მიდი, რა.
- კარგი, ჰო, - ჩავილაპარაკე უფრო მეტად საკუთარი თავისთვის და გონებაში მისი სახლიდან ჩემს სახლში, გარდერობამდე გზაც კი გავიარე. გავიხსენე, სად მედო ჩემოდანი. მახსოვდა. ეს უკვე ნიშნავდა რაღაცას.

მერე წამოვედი.

წამოვედი და უკან აღარ მივბრუნდი ძალიან, ძალიან დიდხანს. არ ვიცი, რატომ. უბრალოდ აღარ მივედი. ვერ მივედი. ძალიან სქელი კედელი მყოფდა მისკენ მიმავალი გზისგან და ერთ ნაბიჯსაც ვერ ვდგამდი. ვფიქრობდი ბევრს, მაგრამ არ მენატრებოდა. არაფრით არ მენატრებოდა და არ მესმოდა. როგორ შეიძლება, ამდენად არ მოგენატროს ადამიანი. როგორ შეიძლება, ამდენად ცარიელი იყო. როგორ შეიძლება, ასე თქვა უარი. ასე ერთი ხელის მოსმით, აუხსნელად. უბრალოდ წამოხვიდე და უკან აღარ მიბრუნდე მიუხედავად იმისა, იცი, რომ გელოდება. თან როგორ გელოდება...



***

წვიმდა იმ დღეს.
და მე მართლა არ მქონდა წასასვლელი.
ის იყო ყველაზე არასწორი გამოსავალი მაშინ, მაგრამ მაინც ვიდექი მის კართან და ვაკაკუნებდი. ჯერ არ უნდა დაემთავრებინა. ჯერ არა. ჯერ ოქტომბერი იყო.

კარი გაიღო და იქიდან ისევ ისეთი სისუფთავე გამოვიდა. ამეწვა ყველა ნაბიჯი, რომელიც იმ კარიდან გადავდგი იმ დღის მერე და მინდოდა, იმ ოთახში არსებული მთელი ჰაერი შემესუნთქა, რომ როგორღაც მეცოცხლა. დეკემბრამდე მაინც მეცოცხლა.
ის იდგა და მიყურებდა მხრებზე და მხრებამდე შეჭრილ თმაზე.
მხოლოდ ჩემი მხრები დარჩა იგივე. მხოლოდ მხრები.


მერე, ერთ დღეს, სვამდა როგორც ყოველთვის, ძალიან ცხელ და ძალიან ტკბილ ყავას და უყურებდა, ხმაგამორთული ტელევიზორის ფერადი ანარეკლი როგორ დარბოდა სიბნელეში ჩემს  შიშველ სხეულზე.
- არ მჭირდები, - მითხრა ისე, რომ ჩემთვის არ შემოუხედავს.
- ვიცი, - ვუპასუხე მის ყავის ჭიქაზე შემოხვეულ თითებს.
- რატომ აღარ მიდიხარ?
- ზუსტად იმიტომ, რომ არ გჭირდები.
- რომ მჭირდებოდე, წახვიდოდი?
- აუცილებლად.
- ჰო?
- ჰო. ყოველთვის ასე ხდება.

რაღაცაზე დაფიქრდა. ოთახში არეულობის სუნი დადგა. აი ისეთი, წამით რომ დაიჭერ რაღაც კონკრეტულ სუნს და მერე ისევ რომ გისხლტება ნესტოებიდან. რომ ვერ იგებ, ვერაფერს რომ ვერ იგებ და თვალები დავხუჭე, მთლიანად ყნოსვის რეცაპტორებად ვიქეცი და შევეცადე, მისი სურნელი მომეძებნა. სადღაც ძალიან შორს ვიგრძენი ნაძვის მძაფრი სუნი და მივხვდი, რომ ვიპოვე.

მას ნაძვის სურნელი ჰქონდა. მძაფრი სურნელი. მთლიანად რომ გავსებს, ისეთი. მაგრამ იმ ქაოსში ბოლომდე ვერ აღწევდა. ჩემამადე ვერ მოდიოდა. მთელი სხეული მტკიოდა, ისე მინდოდა, ოდნავ უფრო ახლოს ყოფილიყო ეს სურნელი.

ვერ ვსუნთქავ. ვერ. ვერაფრით ვსუნთქავ. ამომევსო ფილტვები აურზაურით. ჰაერი მჭირდება! ჰაერი... ჰაერი, ნაძვის სურნელით.

გონს რომ მოვედი, მთელი ტანით ვცახცახებდი და ცრემლები გაუჩერებლად მომდიოდა. ტელევიზორი გამორთული იყო.



***

ყოველთვის შიშველს მეძინა და დილაობით ხერხემალზე მისი გაყინული თითების შეხება მაღვიძებდა ხოლმე. დაუყვებოდა მთელ ხერხემალს და არ ჩერდებოდა, სულ რომ ვერ ამომესუნთქა. თან ისეთი უცნაურად ცივი ხელები ჰქონდა, უცხოდ ცივი. სიცივე რომ გაღვიძებს, ამაზე საშინელი  და სასიამოვნო არაფერია. ჰო, ეს პროცესი იყო ალბათ ჩვენი ურთიერთობის ყველაზე ზუსტი აღწერა. საზარლად სასიამოვნო შეგრძნება რომ გიძვრება ხერხემლის მალებიდან მთელ სხეულში და მერე უკვე აღარ იცი, სად ხარ. აღარ იცი, რამეს აქვს თუ არა მნიშვნელობა საერთოდ.

- ჩაი მინდა, მწვანე, - მითხრა მონაცრისფრო ხმით.
- როდის იყო, ჩაის სვამდი? თან მწვანეს, - ჯერ კიდევ მეძინა.
- კარგი, დაივიწყე.
საწოლიდან ადგა. მისმა გაბრაზებამ გამომაფხიზლა და თავი წამოვწიე.
- გსიამოვნებს, პატარა ბავშვივით რომ გექცევიან?
- დაივიწყე, ანა.

იშვიათად, ძალიან იშვიათად მომმართავდა ასე და ამ დროს ყოველთვის საშინლად ვგრძნობდი თავს. მაშინ ძალიან მომინდა ტირილი. მინდოდა უბრალოდ, მარტივად მეტირა. მერე ცრემლები მომეწმინდა და იმის ილუზიით გამეგრძელებინა ცხოვრება, რომ რამდენიმე გრამი ტკივილი გამოვიბერტყე ორგანიზმიდან. ამის მაგივრად, ვიჯექი და ვერაფერს, საერთოდ ვერაფერს ვამბობდი.

- მიყვარხარ, ადამ,  - წამომცდა საიდანღაც.
ადამ... ადამ... ადამ....  ვიმეორებდი გონებაში მის სახელს, სანამ რამეს მიპასუხებდა.

საერთოდ არაფერს რომ არ გრძნობ. აბსოლუტურად არაფერს. სიცარიელე რომ ხარ. იმდენად დიდი სიცარიელე, რომ ხვდები, როგორ იკარგები საკუთარ სიცარიელეში. ეჩვევი. აღარ გეშინია. აღარ იბრძვი. აღარ გტკივა. აღარ...

ერთადერთი რაც იმ მომენტიდან მახსოვს, მისი თვალებია. ასეა, მნიშვნელოვანი მომენტებიდან ბევრი არაფერი მამახსოვრდება ხოლმე. მიყურებდა ოთახის შორი კუთხიდან და იყო უზომოდ ახლოს. ვსუნთქავდი ღრმად და ფრთხილად, რომ მისი თვალები შემესრუტა. რომ დამემახსოვრებინა ისეთი, როგორიც მაშინ იყო. სავსე. ჩემით სავსე.

იქ დამთავრდა. იქ და მაშინ ჩემ თვალწინ დამთავრდა და მე ეს ვიგრძენი. ნელა წამოვდექი. თვალი გამომაყოლა. მივდიოდი და თვალდახუჭული ვყვებოდი არარსებულ მუსიკას და ვიყავი ისეთი სავსე, როგორც არასდროს. საკუთარი თავით ბოლომდე სავსე ვიყავი და არ არსებულა ამაზე სასიამოვნო შეგრძნება. თმის ღერებიდან თითის წვერებამდე სავსე ვიყავი და ეს ნიშნავდა ყველაფერს.
- შეძლებ? - მომესმა ზურგიდან. დიდ ფანჯარასთან ვიდექი და ცარიელ ქუჩას გავყურებდი. დილა იყო.
- გეშინია? - ვუპასუხე ისე, რომ მისკენ არ შევბრუნებულვარ.
- შენი?
- იმის, რომ შევძლებ.
- შეძლებ?
- მიყვარხარ-მეთქი, ადამ.

ნოემბერში მიყვარდა ყველაზე მეტად. არც იქამდე და არც იმის მერე, ასე ძალიან არ მყვარებია. სულის შეხუთვამდე სავსე იყო ნოემბერი მისი სიყვარულით და გადმოდიოდა, ჟონავდა ჩემი თითებიდან და იკარგებოდა. იღვრებოდა იატაკზე და მერე ჩემს ნოემბრისფერ სიყვარულს მისი ნაცრისფერი კატა ლოკავდა.

მის ნაცრისფერ კატას არ ვუყვარდი. აი, ასე დამინახავდა თუ არა, ებუტებოდა ადამს. მერე მას უწევდა, აერჩია.

იმ დღეს ადამმა ის აირჩია.

მე ვიჯექი და ვუყურებდი, როგორ ეფერებოდა ლამაზი თითებით თავის ნაცრისფერ კატას და ვგრძნობდი, როგორ ვფერმკრთალდებოდი. ვწყვეტდი არსებობას.

ქალაქი არ სუნთქავდა. ხმობაშეპარული კედლები ზლაზვნით მოიწევდნენ ჩემკენ და ჩემი შეჭმა უნდოდათ. ის კი კატას ეფერებოდა. ნაცრისფერ კატას. მე თითები მიკანკალებდა. მე ვმთავრდებოდი. მე ვსვამდი წერტილებს. ვისერავდი მაჯებს და საკუთარ ჭრილობებში ვძვრებოდი, ვიხლართებოდი, იქ ვრჩებოდი დალპობამდე, ხრწნამდე ვრჩებოდი ჩემს ჭრილობებში და ვიყავი თბილად და არ მეშინოდა. ვემალებოდი უმისობას, რომელსაც მისი ნაცრისფერი კატის სახელი ერქვა და და და მთავრდებოდა სადღაც ყველაფერი და აღარაფერი იწყებოდა თავიდან. ის კი თავის ნაცრისფერ კატას ეფერებოდა.

ყოველთვის, როცა ის კატას ირჩევდა, მინდოდა, სადღაც გავქცეულიყავი, მაგრამ ვერაფრით ვახერხებდი. ალბათ, ველოდი კატა როდის გააკეთებდა ამას. ველოდი, რაღაც თავისით როდის მოხდებოდა და თვითონ არ ვაკეთებდი არაფერს გარდა იმისა, ვმჯდარიყავი ზედმეტად მშვიდი გამომატყველებით მეყურებინა არაფრისთვის, რომელიც მაშინ ჩემ თვალწიინ ხდებოდა.



***
- დაამთავრე, ანნა.
- ანნა. ანნა. ანნა. დაამთავრე, ანნა! წადი.
- სად წავიდე?
- არ ვიცი. აი, ადექი და წადი. წადი და დამთავრდება. წახვალ?
სიჩუმეა.
- ვერ წახვალ. ვერ წახვალ და მე რატომ მახოცავ ხელებს, ამიხსენი...
- არ მინდა, რომ აქ იყო.
- გღლი?
- არ მინდა, რომ აქ იყო. უბრალოდ არ მინდა.
- მე მინდა.
- ანნა...
- მოკეტე!
- ანნა, სისულელეებს ნუ აკეთებ.
- როდიდან ზრუნავ ასე?



***
ნუ იკარგები, რა.
გეხვეწები, ადამ. ნუ იკარგები.


***
უკვე დეკემბერია.
უკვე დეკემბერია და შენ ისევ კატას ირჩევ. საშინელ ნაცრისფერბეწვიან კატას.
მე ვგრძნობ, როგორ მეფშვნება ძვლები თანდათან და როგორ შემოდიხარ ჩემში ისე ღრმად, ვეღარაფერი რომ ვერ ამოგთხრის.

ვუყურებ, როგორ არჩევ კატას შენს სიცოცხლეს და მინდა საკუთარი ხელებით დაგახრჩო.

მჭირდები.
აი ახლა მე მჭირდები, ხედავ?
ასეა, ჰო! ასე. უფრო კარგად უნდა დამეთვალა დრო. უფრო უკეთ უნდა გამომეზოგე. გამენაწილებინე. უნდა გამეყავი ასზე, ათასზე, ასიათასზე და ნელ-ნელა შემეშვი შიგნით, რომ მერე ვეღარ მოგეკალი. რომ უძლური ყოფილიყავი. რომ მეცინა მერე, ცრემლებამდე მეცინა, ხარხარით მეცინა. თითი გამომეშვირა და მეცინა, რომ მოგიგე, რომ მე შევძელი.
მე სიყვარული შევძელი.

ახლა შენი ნათელი ოთახი ნელ-ნელა ივსება ჩემი იოგებიდან გადმოღვრილი სისხლით და შენი ნაცრისფერი კატის ბეწვს მახველებს.
ვიხრჩობი. შენ კი არ გინდა, ისევ ჩაისუნთქო ჩემი სიცოცხლე.

შენ გეშინია. ჩემი ხელების გეშინია, რომლებიც ახლა უღონოდ ყყრია შენი ლამაზი დიდი ოთახის იატაკზე და გეშინია ჩემი ასფალტზე დანთხეული ტვინის, რომელიც შენი ფანჯრიდან თუ გადაიხედები, აუცილებლად გამოჩნდება; და გეშინია ჩემი გადაჭრილი ვენებიდან დაღვრილი სისხლის, რომლითაც, რომ გქონდეს, აუცილებლად იქნებოდა სავსე შენი აბაზანა; და გეშინია შენს უნაკლო ჭაღზე ჩამოკონწიალებული ჩემი უსიყვარულო სხეულის და გეშინია შენს მდინარეებში დამხრჩვალი ჩემი თავის და გეშინია დამწვრობის სუნის და გეშინია დაგვიანებული მუხრუჭების ხმის და გეშინია იარაღის ლულის სიცივის და გეშინია....

თოვს.
მე მოგიგე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები