ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პროზა
10 იანვარი, 2017


მელანოMANia

„რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს“
ფრიდრიხ ნიცშე
თავი ოცდამესამე
ამასობაში კედლის კალენდარზე ბლომად დამიგროვდა ჩამოსახევი ფურცლები. „განვლილი დღეები“ სანაგვე ყუთში მოვათავსე და  კედლის კალენდარს სექტემბრის თვე შერჩა, უკან ასიოდე ფურცლით.
ერთ კვირაში ჩემი 29-ე დაბადების დღე მოდის. უკან რომ გავიხედო არაფერია. მხოლოდ ნიჰილისტური და ვერასმთქმელი წლები, კიდევ კარგი, რომ კვირა ემთხვევა ჩემ დაბადების დღეს. არ მიყვარს ეს ბანალური და უნიათო მილოცვების დასტა...
სასეირნოდ გავედი სახლიდან. მინდოდა უმიზნოდ და უშინაარსოდ მევლო, რადგან ფიზიკური დაღლა მეგრძნო, იქნებ ჩემი უძილობისათვის ამით მაინც მეშველა.
არადა, შინ მქონდა ბორხესის მოთხრობათა წიგნი. წასაკითხთა ნუსხიდან ერთ-ერთი, რომელიც მელანომ მათხოვა და სამი თვის მანძილზე მხოლოდ ერთი გვერდი შემომეკითხა. ისიც ბორხესის ბიოგრაფია გახლდათ და სულ ორი რამ დამამახსოვრდა: მისი გარდაცვალების წელი-1986 და დაბადების ადგილი:ბუენოს-აირესი, ჩემი საყვარელი ქალაქი.
მელანოს სულ ვეხუმრებოდი, ბორხესი გარდაიცვალა და ერთ წელიწადში მე მოვევლინე ქვეყანას მის შემცვლელად, მეთქი. ამაზე ორივენი გულიანად ვხარხარებდით ხოლმე.
აი, ნამდვილად კი ვისაც ვკითხულობდი, ეს ბრაიან თრეისი იყო. „შეჭამე ბაყაყი“ ჩემი სამაგიდო წიგნი გახდა. გაყიდვების სფეროში ერთგვარი გზამკვლევი იყო. ასევე წავიკითხე მისი 21 რჩევა, რათა გაყიდვების სუპერვარსკვლავი გავმხდარიყავი.
თუმცა იმ დღეს არც თრეისის, არც ბორხესს, არც ბეგბედერს არ ეწერათ წაკითხვა, ტყუილად მიცდიდნენ, რომ ჩავუჯდებოდი მათ და ალტერ ეგოსთან განვიხილავდი ზემოთხსენებულთა ტექსტებს, უფრო მეტიც, გონებაში ჩავიბეჭდავდი. დღეების ან თუნდაც წლების შემდეგ წაკითხულის გასახსენებლად.
ნახევარი თბილისი მოვიარე და შინ საკმაოდ დაღლილი დავბრუნდი. სახლში მისულს სასწრაფოს მიერ დატოვებული კიდევ ერთი, ახალი მწვანე ფურცელი დამხვდა. ოღონდ ამჯერად დიაგნოზი ვიტოზე კი არა, დედაჩემზე იყო დასმული.
დედაჩემი აქამდე არასოდეს მიხსენებია თქვენთვის. შუახანს გადაცილებული, გულღია, კეთილი ადამიანია, საკუთარი ტკივილითა და სიხარულით.
სექტემბრის დასაწყისში მომრავლებულმა ამინდის ხშირმა ცვალებადობამ დედის ჯანმრთელობაზეც იქონია გავლენა გარკვეულწილად. დაბალი წნევა აწუხებდა ასეთ დროს და მთელი დღე ლოგინიდან წამოდგომა უჭირდა. იმ დღესაც მითხრა, შეუძლოდ ვარო და ცოტა ხანი წამოვწვებიო, მაგრამ რას ვიფიქრებდი, რომ სასწრაფოს გამოიძახებდა მოგვიანებით.
ერთი კვირით წასული იყო დასავლეთში ნათესავთან და სანამ ჩამოვიდოდა, ვისარგებლე მისი სახლში არყოფნით. გუშინდელი „მწვანე ბოტასების“ ამბავი ხომ გახსოვთ?
მოკლედ, საღამოს ისევ დაგვჭირდა სასწრაფოს გამოძახება. დედა კვლავ შეუძლოდ იყო.
ჩემდა გასაკვირად ძალიან მალე მოვიდა სასწრაფოს მორიგი ჯგუფი.
ახალგაზრდა წყვილი იყო. მისტერ და მისის სმიტივით, ბონი და კლაიდივით, ქეთო და კოტესავით საამოდ საცქერნი.
სანამ გოგონა დედას წნევას უზომავდა, ექიმმა მკითხა:
-რას საქმიანობ? დედის პირადობაც მომიტანე, თუ შეიძლება.
მივუტანე და დაიწყო შევსება.
-რას საქმიანობო? კიდევ გამიმეორა კითხვა.
-უი, სულ დამავიწყდა, სადაზღვევო აგენტი ვარ. ავტომობილებს ვაზღვევ, შედარებით ახალი დაწყებული მაქვს ეგ საქმე, მეთქი.
-რას ამბობ? აბა, მითხარი, თქვენი პირობების შესახებ, ავტომობილის დაზღვევა მინდა.
ჰოდა, მეც ჩამოვყევი:
-ავტომობილის ძარის დაზღვევა.
-მძღოლის და მგზავრების ჯანმრთელობის დაზღვევა.
-მესამე პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა.
-0 % იანი ფრანშიზა.
-ავტოასისტანსი.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, დედას წნევა დაურეგულირეს რამდენიმე წუთში, თან სულ მარტივად, რამდენიმე წვეთი „კორვალოლით“. მე კი მორიგი მანქანა დავაზღვიე მეორე დღეს. მკითხველისთვის მიცემული სიტყვა არ დავარღვიე და სადაზღვევო ისტორიაც მოგიყევით.







მელანოMANia
,,ძალიან ცუდია, როდესაც ქალსა და მამაკაცს სიყვარულის გარდა, არაფერი საერთო არ გააჩნიათ“
გი დე მოპასანი
თავი ოცდამეოთხე
ამასობაში თითქმის ერთი თვე მიილია, რაც მელანო არ მინახავს, ნახვას ვინ ჩივის, ერთი მესიჯი, ერთი ზარიც კი არ ყოფილა ჩვენ შორის.
ვგრძნობდი, რომ საშინლად მაკლდა მისი სითბო, ჩახუტება, ის რაც ყოველდღიურობაში იყო გადასული და სათანადოდ ვერ ვაფასებდი, მანამ სანამ არ დავკარგე თვალსა და ხელს შუა.
ამ სინდრომს მთელი კაცობრიობა განიცდის გაჩენის დღიდან და არც მე ვარ გამონაკლისი, არასოდეს ვაფასებთ იმას, რაც გაგვაჩნია, ვფიქრობთ, რომ მუდმივად გვექნება ის.
მილიონი ხერხით ვცადე ამ ყველაფრის ჩანაცვლება, რას და ვის არ მივმართე, თუმცა იმთავითვე ვიცოდი, რომ ადამიანის ჩანაცვლება ადამიანსაც კი არ შეუძლია, რომ არაფერი ვთქვათ აზარტულ თამაშებზე, ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე, თუნდაც მსუბუქზე და მითუმეტეს მსუბუქი ყოფაქცევის ქალებზე.
უელბეკისა არ იყოს, სიყვარულის ნაკლებობას განვიცდიდი და ვცდილობდი ყველანაიირი გზით აღმომეფხვრა ეს განცდა, წაიკითხეთ "ელემენტარული ნაწილაკები" ან თუნდაც "პლატფორმა" და მიხვდებით ჩემი სიტყვების აზრს.
იმედი არასოდეს დამიკარგავს, რომ განგების წყალობით ან უფრო შემთხვევითობის მეშვეობით ისევ გადავეყრებოდი მელანოს და თუნდაც ეს უკანასკნელი შეხვედრა ყოფლიყო ჩვენთვის, თვალებში ჩავხედავდი და მთელი გულით ვეტყოდი თუ როგორ მიყვარდა და ეს იქნებოდა ყველაზე წრფელი და მართალი სიტყვები, რაც აქამდე მითქვამს მისთვის.
ვინ იცის, იქნებ ამ ხნის განმავლობაში მელანოც იგივეს ფიქრობდა და ჩემსავით გამბედაობა არ ჰყოფნიდა, რომ პირველი ნაბიჯი გადაედგა, მაგრამ ფაქტია, რომ მე უნდა მემოქმედა და მთელი ეს პერიოდი გულხელდაკრეფილი არ უნდა დავლოდებოდი კიდევ ერთ შენდობას და პატიებას მისგან, ალბათ დროც იყო იმისა, რომ დამეძლია ამპარტავნებაში გადასული, ფამილარული და ფიგურალური სიამაყე და როგორმე დავკონტაქტებოდი მელანოს.
ასე იყო თუ ისე, მაინც ბედს მივენდე და ფორტუნამ ამჯერადაც არ მაქცია ზურგი.
დაუჯერებელი და შოკისმომგვრელი შეხვედრა მელოდა წინ, რომელზეც ვერასოდეს ვიფიქრებდი, ვერასოდეს დავგეგმავდი წინასწარ, რადგან ამის წინაპირობა არასოდეს მქონია მთელი ამ ხნის განმავლობაში, სანამ გაგანდობთ ამ საბედისწერო შეხვედრის დეტალებს, მოგიყვებით, როგორ მივიდა ყველაფერი აქამდე.
20 სექტემბრის საღამო იყო, მეგობარმა დამირეკა და მითხრა ეკლესიაში წავიდეთო, ღამისთევაზე, რადგან "ღვთისმშობლობის" დღესასწაული დგებოდა რამდენიმე საათში, იცოდა, არაფერს ვაკეთებდი და თუმცა არ მქონდა ლიტურგიაზე წასვლის ხალისი, თავს ძალა დავატანე და შევთანხმდით, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში შევხვდებობი ერთმანეთს, "ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების" სახელობის ეკლესიასთან 12-ის ნახევარზე.
დანიშნულ დროს და ადგილას შევხვდით ერთმანეთს, ბევრი ხალხი მოგროვდა ეკლესიის ეზოში, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი სააათით ადრე მივედით იქ, მაინც ეკლესიის გარეთ მოგვიწია კარგა ხანს ყოფნამ და საათზე მეტი ველოდეთ რიგს, როცა შევძლებდით მამაოსთან მიახლოვებას და ზეთისცხების რიტუალში თანამონაწილეობის მიღებას.
მეგობარმა შემატყო, რომ ჩვეულებრივზე მეტს ვამთქნარებდი, არადა მსმენია, რომ ყველაზე მეტს ეკლესიაში, თან წირვისას ვამთქნარებდი, მაგრამ ჩემი იმდენად შესამჩნევი და თვალშისაცემი იყო, რომ მითხრა წავიდეთო.
მე თვალებს გამალებით ვაცეცებდი იმ იმედით, რომ სადმე მელანოს გადააწყდებოდა ჩემი მზერა, რადგანაც ვიცოდი, რომ ამ ეკლესიის მრევლი იყო, თუმცა ჩემი მცდელობა ამაო და უშედეგო გამოდგა.
მოკლედ, თანხმობა მივეცი მეგობარს წამოსვლაზე, ის ის იყო უნდა გამოვსულიყავით და არც კი დამიჯერებთ, თვალი ელენეს მოვკარი, მელანოს შვილს, სოციალურ ქსელში მქონდა ნანახი მისი ფოტოები მელანოსთან და იმედი მომეცა, რომ მელანოც აქვე იქნებოდა, მასთან ერთად.
მეგობარს ნიშნის მოგებით ვუთხარი, რომ ჯობდა ბოლომდე დავრჩენილიყავით, მაგრამ ნამდვილი მიზეზი არ გავუმხილე ჩემი აღტკინებისა.
წირვამ დილამდე გასტანა, ელენესთვის თვალი არ მომიცილებია, მაგრამ მელანო ვერსად დავლანდე მასთან შორი-ახლოში, რამაც ძალიან გამაოცა და ჩამაფიქრა.
მინდოდა ელენესთან მისვლა, მაგრამ ვერ გავბედე, ან რა უნდა მეთქვა, რომ მივსულიყავი?
იმედგაცრუებული და დამწუხრებული წამოვედი იქიდან, მეგობარმა უხასიათობა შემატყო, მაგრამ არაფერი მითქვამს, უბრალოდ დაღლა მოვიმიზეზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები