აღმართს გადაღმა, გზა დაღმა რომ არყოფნისკენ მიემართება, შავი მდინარისპირა მინდორზე, ვათვალიერებ მკვდარი წლების სასაფლაოებს და იკბინება მახსოვრობის ტანჭრელი გველი.
როგორც რიყის ქვა, მდინარის ფსკერზე, ისე მარხია ძმათამკვლელ სისხლში, ცხრაას ოთხმოცდა თერთმეტი და ცამეტი წლის დედაქალაქი, დედაქალაქი- წინა სახის უკანა სახით, დედაქალაქის პირიქითა დედაქალაქი, ბოღმით გაბექსნილ ქუჩებით და ეზო-კარებით, შურის უბნებით და მოედნებით, დედაქალაქი-„გრაფობისთვის ერის დამკლელთა“, კუდაბზიკა და ძველბიჭების დედაქალაქი, დედაქალაქი-კლიჩკების და ოვიჩებისა, დედაქალაქი- ქურდების და პარტკომებისა, დედაქალაქი-სვეტების და განაბებისა, დედაქალაქი-ქეშების და მამონებისა, დედაქალაქი-ელიტარულ საყვარლებისა, დედაქალაქი-პატიოსან მეძავებისა, იმისტების და ამისტების დედაქალაქი, ჭამის, სმისა და მონელების დედაქალაქი... დედაქალაქი...დედა....რომელიც, ყრუ სოფლებიდან ჩასულ სტუდენტებს, „ჩამოთრეულის“სტატუსებს რომ უნაწილებდა, ხან გოიმების ხარისხებით და ხან სუნიანთა ზედწოდებებით... მე კი...მე...ბედის უკუღმართობით, მე კი...მე...დროის დედინაცვლობით და ისტორიის მამინაცვლობით, ვით ორი ღმერთის ჯიუტ მოწაფეს, ისე მიმზერდა და მექცეოდა, როგორც ბავშვს, უცხო პრიუტიდან შვილად აყვანილს, ისე მიმზერდა და მექცეოდა, როგორც უცხოს და საეჭვო მდგმურს, სომხის ფაშფაშა დიასახლისი, ისე მიმზერდა... როგორც...როგორც...თათარს მამაო... დედაქალაქის პირიქითა დედაქალაქში, კოლონიური ზეიმობდა დროის ფორმულა და პრინციპების უპრინციპობა, შექმნილი ყალბი ცხოვრების წესით, რომელსაც, თითქოს, ერთი შეხედვით, უდობლობით და იჭვის თვალით უმზერდა ყველა, მაგრამ, რატომღაც, თვინიერი უმრავლესობა, ერთგულ ძაღლივით გვერდში ედგა ერზაცელიტას და მისნაირი „სულერთია“-ს წესით ცხოვრობდა.
აღმართს გადაღმა, გზა დაღმა რომ არყოფნისკენ მიემართება, შავი მდინარისპირა მინდორზე, ვათვალიერებ მკვდარი წლების სასაფლაოებს და იკბინება მახსოვრობის ტანჭრელი გველი.
ცხრაას ოთხმოცდა თერთმეტი და ცამეტი წლის საქართველოში, ფრთებმოკვეცილ და სულდაცხრილულ საქართველოში, სადაც ქართველი და ქართველობა, რომ უდრიდა და რომ ნიშნავდა მართლმადიდებელს, სადაც გულსგარეთ მომლოცველი და პირჯვრის მოდურად გადამწერელი, წითლად შეღებილ მატადორის ფეშტემალივით, ღვთისმშობლის კალთას დროშასავით აფრიალებდა, ყველაზე უფრო მაძღარი და დანაყრებული იყო დიადი საპატრიარქო, საპატრიარქო-ძმათამკვლელ ომში, გამზავებელი კი არა-მხარე. საპატრიარქო-ნაირფერი უზალთუნებით, ბადაღშებით და ბაჯაღლოებით, ბადაგებით და ბადექონებით, საპატრიარქო -ოქროს კვერთხით და საპატრიარქო-ოქროს მიტრებით, ძვირფასი ქვით და გაცვეთილი ეპისტოლეთი, საპატრიარქო-ალაგ-ალაგ აგენტებით და საპატრიარქო-ალაგ-ალაგ რეზიდენტებით, საპატრიარქო-მხედრიონელ ქვაბ-ავაზაკთა, საპატრიარქო- უბიოგრაფო მღვდლმთავრებით და საპატრიარქო-უწარსულო ფოფოდიებით, საპატრიარქო ქორებითა და, არქებითა და არქიელებით, და კიდევ...მრევლით, გულწრფელი მრევლით, ბრმადმორწმუნე და ამტანი მრევლით, მრევლით, რომელსაც, კარგა ხანია, შიმშილით ჰქონდა ხერხემალზე ჭიპი მიკრული...
პატრიარქი კი...დიადი და მარადი არქი, ზნეობისა და მორალის თარგი, ღვთისმოშიშთათვის დამბანგველი იყო თრიაქი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. რაც კაია კაია. რაც კაია კაია.
2. რეალურ ტკივილებზე ნაწერ ლექსებს ხშირად მდუმარებით პასუხობს მკითხველი, ...თან ყველას საკუთარი მიზეზი აქვს დასადუმებლად.
რეალურ ტკივილებზე ნაწერ ლექსებს ხშირად მდუმარებით პასუხობს მკითხველი, ...თან ყველას საკუთარი მიზეზი აქვს დასადუმებლად.
1. გაგიმარჯოთ!... და ჯვარი გეწეროთ! გაგიმარჯოთ!... და ჯვარი გეწეროთ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|