ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
6 მარტი, 2017


ვწერ ვინაიდან დასასრულად ვერ გაგიმეტე

ვიცი ამ დილას, როგორც ყველას ლოცავს უფალი
ავსებს სიცოცხლით, იმედებით და რწმენით ქარგავს
ვინ მოთვლის უკვე მერამდენედ ასე ვუთხარი
ამ გულს დარდიანს, ვუთხარი... ვარწმუნე მაგრამ...

როგორ დავარქვა გათენება ამ დილას როცა
ჩემი თვალები უშენობით ვერაფერს ხედავს
თან როგორ უცებ დავემგვანე ურწმუნო მლოცავს
აღარ მწამს, მაგრამ ძველებურად ლოცვასაც ვბედავ.

დუმს სევდიანი იმედების ფიქრთა ამალა,
გონდაკარგული ოცნებები ვერ აიმედებს.
სიტყვებიც ფურცლებს ტყვიებივით ლექსად ვახალე
ვწერ ვინაიდან დასასრულად ვერ გაგიმეტე.

დილაობით კი ღამენამტვრევ სიცოცხლის სარკმლებს
სისხლიან თვალებს ცივი სარკეც არიდებს მზერას,
რადგან ნაპერწკლებს ჩაბუდებულს ტკივილის მარცვლებს,
როგორც ნაცარში ასანთებად ქარი უბერავს.

ამიტომ დროა გავეცალო საკუთარ თავსაც
დილიანად და დავუბრუნდე ალბათ არასდროს,
რომ ავედევნო შენს ბილიკებს, შორს ვიყო თანაც
გადაგეფარო მზის სხივებად, როცა დაათოვს.

მოვიდე წვიმად გაზაფხულზე, დავაშრო თოვლი
რომ მარტისთვეში ამოსული იები მოვრწყო,
მერე კი ქმარი, ან შვილები დაკრეფენ, მოვლენ
და შენს თვალებში სიყვარულის ანთებენ კოცონს.

დაშრება სევდა, როცა გნახავ სიცოცხლით მზიანს
და ჩემი გზებით გავუყვები სულ სხვა ხეივანს.
წავიდე, დროა შევეგებო ახალ განთიადს
მზეც სადაცა დილის ცვარით ხელ-პირს დაიბანს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები