 | ავტორი: თეონე ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 25 აპრილი, 2017 |
მას ეგონა, რომ ვიყავი კაცი და იცოდა, რომ მიყვარდა.
ყოველდღე იღებდა ჩემგან წერილებს და ყოველ საღამოს, რვა საათზე ხსნიდა. ვუყვარდი.
მან არ იცოდა ჩემი სახელი, თვალის ფერი, ასაკი, ოჯახური მდგომარეობა… არაფერი. დარწმუნებული იყო, რომ ვიყავი მამაკაცი. მამაკაცი, რომელიც მასზე გიჟდებოდა. მე მისთვის ვწერდი წერილებს. ისეთ წერილებს, რომლებსაც მე თვითონაც სიამოვნებით მივიღებდი და ზოგჯერ გული მერეოდა საკუთარ საცოდაობაზე. იმიტირებულ ორგაზმზე ბევრად უარესი რაღაც იყო ეს და არ მოეძებნებოდა არანაირი გამართლება ჩემს საქციელს.
მაინც ვერ ვუმხელდი. ვხედავდი, როგორ ხდებოდა ჩემზე დამოკიდებული და უფრო ვაყვარებდი თავს. უფრო მიყვარდებოდა. და მიყვარდებოდა საკუთარი თავიც – როგორც ქალს კაცი და ეს მარაზმი იყო. ვერ ვითვლიდი ამ სასიყვარულო ამბის კუთხეებს, წვეროებს და წახნაგებს და თვალებს ვხუჭავდი. როგორც ყოველთვის.
ზოგჯერ შორიდან ვუყურებდი ხოლმე საკუთარ თავს და მინდოდა, გამოვმძვრალიყავი კანიდან და დამესრულებინა არსებობა, რამენაირად, რაღაც ხერხით… არ გამომდიოდა. მან იცოდა, რომ ვერ ვიქნებოდი ვერაფერი, გარდა ქაღალდზე გადატანილი გრძნობებისა და მეუბნებოდა, რომ ესმოდა. არ ვიცი. ეს ქალებს არ ესმით ხოლმე. არ ესმით, როცა გრძნობენ. ვერ ეგუებიან. არ არსებობს, შეეგუო იმას, რომ ერთხელ იქნება და დამთავრდება. აი, ადგება და ამოიწურება. ბატარეა დაჯდება. გაითიშება და ვეღარ ჩართავ. წავა და აღარ მოვა. მე კი ყველა წერილში ვამზადებდი, რომ აღარ ვიარესებებდი ოდესმე. ბოდიშს ვუხდიდი, რომ მაშინაც კი არ ვარსებობდი, როცა იმ წერილებს კითხულობდა.
საშინელება იცით რა იყო? ის, რომ არაფერს ვატყუებდი ერთი Y ქრომოსომის გარდა. ყველა დანარჩენ დაწერილ სიტყვაზე სიცოცხლით ვიყავი პასუხისმგებელი. ათასი პროცენტით დარწმუნებული ვიყავი იმაში, რასაც ვეუნებოდი იმიტომ, რომ მე ვერ ვამბობ თუ არ ვგრძნობ. მე ვიცოდი, რა სჭირდებოდა და ვაძლევდი ზუსტად იმას, რაც სჭირდებოდა. მე გადავარჩინე. გადავარჩინე ისეთი გრძნობისგან, რომელიც სიცარიელის მეტს არაფერს მოუტანდა. უფსკრულის პირას იდგა და….
ასე ვცდილობ ყოველ ჯერზე გავმართლდე საკუთარ თავთან, მაგრამ არაფერი გამომდის. აქ იწყება წრე, რომელიც ბოლოს ისევ აქ მოდის და არაფერს აძლევს აზრს. ჩვეულებრივი სადისტი ვიყავი და არ განვისაზღვრებოდი არც ერთი სხვა არსებითი სახელით თუ ეპითეტით. ერთადერთი იყო და მარტივი: სადისტი ვიყავი. ვაბედნიერებდი და ვკლავდი. ვიყვარებდი და ვკვდებოდი. მიფიქრია, მართლა მიფიქრია, რა იქნება, რომ შეიძლებოდეს, ცოტა ხნით მაინც რომ… ღმერთო, საზიზღრობაა!
ის იყო ძალიან ძალიან სუფთა. ზედმეტად სუფთა და ნათელი ჩემთვის და სულ რომ სიმართლე ვყოფილიყავი, მაინც არაფრით არ იყო მისი ადგილი ჩემთან. ვგრძნობდი, როგორ უკანკალებდა ხელები, მაშინ როცა ვწერდი, როგორ მინდოდა, მისი თმის არომატი შემეგრძნო. მის თმას ლიმონის ფოთლის სუნი ჰქონდა. ვგრძნობდი, როგორ შეუყვარდა საკუთარი ხელები მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მე უნდა მყვარებოდა. ვგრძნობდი მის ღიმილს და მჯეროდა. მჯეროდა რომ იღიმოდა ჩემ გამო და ჩემთვის. ვიღიმოდი მეც. ვიღიმოდი, როცა ვივიწყებდი, რას ვაკეთებდი სინამდვილეში, მაბედნიერებდა მისი სინათლე. მიყვარდა. ისე, როგორც არავინ მყვარებია არასდროს. საშინელება იყო ამის გააზრება და უფრო საშინელ რამეებზე მაფიქრებდა ეს სიგიჟე, მაგრამ გრძნობას ვერაფერს ვუხერხებდი. არ მემეტებოდა სხვისთვის. ვერ ვიტანდი, რომ ჩემი ღიმილით სხვისთვის უნდა გაეღიმა. სხვას უნდა მოხვეოდა. ჩემი თითებით სხვას უნდა შეხებოდა. ასეთ მომენტებში საკუთარი თავი მზიზღდებოდა ხოლმე.
იყო იმ კინოდარბაზში, სადაც ვიყავი მე და ვხედავდი, როგორ ეძებდა ვიღაცას. იმას, ვინც აუცილებლად უნდა ეცნო, თუ ოდესმე, სადმე შეხვდებოდა. სჯეროდა, რომ თუკი სადმე სასწაული არსებობდა, ჩვენ აუცილებლად შევხვდებოდით. მე ვიყავი სასწაული, რომელიც არასდროს ახდებოდა და ეს არ დამიმალავს.
ის ბედნიერი იყო. არარსებული ამბით იყო ბედნიერი და ვთხოვდი, ვევედრებოდი, არ მოეცა ჩემთვის ამის უფლება. მეუბნებოდა, ძლიერი ვარ და გაგიძლებო, მაგრამ მე ხომ ვიცოდი… მე ზუსტად ვიცოდი, რას გრძნობდა. მე და ის ერთი ვიყავით. ვიცოდი, გადაიტანდა. მიტოვებულები არ კვდებიან, მაგრამ მე ისიც ვიცოდი, რას ნიშნავს, როცა გტოვებენ და მაშინაც კი, როცა შემეძლო მეთამაშა, ვერ მივატოვე. ვერ ავდექი და ვერ დავივიწყე. საკუთარი ნებით ვერ შევწყვიტე წერილების წერა ყოველდღე, რომ მას მერე, რვა საათზე შეემოწმებინა საფოსტო ყუთი, გაეხსნა და გაეღიმა.
მერე დავისაჯე. სასტიკად დავისაჯე. აუტანელ ტკივილად დამიჯდა ზუსტად ის ამბავი, რასაც მას ვმართებდი. ვგრძნობდი, ორი იდენტური პროცესი ერთდროულად როგორ მიღებდა ბოლოს, უბრალოდ მხარე ვიყავი სხვადასხვა. აუტანლად ერთნაირი იყო ყველა ნაბიჯი, ყველა სიმღერა, ყველა ლექსი და ნელ-ნელა ვგრძნობდი, რომ აღარ შემეძლო, რომ ვიწურებოდი, რომ ვეღარ ვარსებობდი მისთვის იმიტომ, რომ მტუმბავდნენ სისიხლს და აზავებდნენ იმ სტროფებში, რომლებსაც მე მას ვუძღვნიდი და რომლებსაც მე სხვა მიძღვნიდა და აღარ ვიცოდი ვინ მყვარებოდა და მყვარებოდა თუ არა ვინმე საერთოდ და აღარ შველოდა ამ ამბავს კივილი ხმის ჩახლეჩვამდე და არც სიმართლის თქმა და აღარც ვედრება და აღარც ჩხუბი აღარც სიკვდილი.
და მაინც მოვკვდი. მოვკვდი იმიტომ კი არა, რომ სხვა გამოსავალი არ მქონდა, არამედ იმიტომ რომ ჩემნაირი არააადამიანები სწორედ ასეთი საშინელებამდე ადამიანური დასასრულით უნდა დამთავრდნენ, მაგრამ სიკვდილი მაინც არ იყო შესაფერისი ფინალი მთელი ამ ამბისთვის. ამიტომ ვერ გამოასწორა ვერაფერი. მან ვერ გაიგო, როგორ მოვკვდი და ალბათ აუტანლად დაიტანჯა. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, მიუხედავად იმისა, რომ ვაფრთხილებდი, არ შეიძლება შეეგუო სიყვარულის დამთავრებას. ვეუბნებოდი და იცოდა, რომ ყველგან მეყვარებოდა, სადაც ვიქნებოდი, მაგრამ ღმერთზე არანაკლებ რთლია, სიყვარული იწამო.
ვევედრებოდი, ბედნიერი ყოფილიყო უჩემოდ და მპირდებოდა, რომ მთელ სამყაროს გაანათებდა, უჩემოდაც კი, თუ საჭირო იქნებოდა, მაგრამ მე ყველაზე დიდი დანაშაული ჩავიდინე: ბედნიერების უფლება წავართვი. ის ვეღარასდროს იქნება ბედნიერი, თუ არ მისცემენ იმაზე მეტს, ვიდრე ვაძლევდი მე და შეუძლებელია, მიხვდე, რომელი სიცარიელეების ამოვსება სჭირდება ყველაზე უფრო თუ არ ხარ…
„ვხედავ, როგორც ცეკვავ. შენ ანათებ!“
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|