დილით ადრე გამაღვიძეს ჩიტებმა. ისე მკაფიოდ მესმოდა მათი ხმა თითქოს ოთახში ჭიკჭიკებდნენ. ავდექი, ძილის მტვერი ჩამოვიფერთხე და ფანჯარა გავხსენი. ისეთი სურნელება იყო თითქოს ედემის ბაღის კარები შევაღე. ეს სიცოცხლე გაზაფხულმა მაჩუქა. გაზაფხულმა, რომელიც ჩემი ოთახის ფანჯარასთან მოსულიყო. ოდნავი ნიავის ფონზეც კი ხეებიდან ფერადი თოვა იწყებოდა. სიცოცხლით ივსები, როცა თბილ-ცივი ნიავი მოგიალერსებს. თითქოს ბუნებამ თავისი სული შეგიბერაო. მინდვრებში, უთვალავ ბაიებზე ჯერ კიდევ მშვიდ ძილს მისცემოდა დილის ცვარი. მზეც ამოიწია და მთათა მწვერვალებზე კიდევ ერთხელ ჯიუტად შეხედა ურჩ თოვლს. მერე ფერდობები ლექსებივით გრძნობით ჩაიკითხა და სოფელი გულში ჩაიკრა. გუ-გუ, გუ-გუ... უცებ გუგულის ხმა გაისმა. ყოველთვის ასეა, ბუნების სიმწვანეს მოჰყვება ხოლმე ეს იდუმალი ჩიტი. ყველაზე საოცარი კი ისაა ვერ მიხვდები საიდან ისმის მისი ხმა. ხან მარჯვნივაა, ხან მარცხნივ, ხანაც თითქოს ერთდროულად ორივე მხარეს. მე კი როგორც ბავშვობაში ისევ ვცდილობ გამოვიჭირო როგორმე საითაა, რომ ვნახო როგორია, მაგრამ ამაოდ. ზოგჯერ ვფიქრობ კარგია, რომ ვერ ვხედავ - ცნობისმოყვარეობისთვის... მიყვარს იდუმალება, და ყველაფერი რაც იდუმალია. ერთი ფრაზა გამახსენდა. ადრე ვთქი: "იდუმალება ასაზრდოებს ამ წუთისოფელს და თვით ნიავი მი-მოქრის ირგვლივ წუთისოფლის სულის ჩამდგმელად". როგორ ფეხაკრეფით გაპარულა ცვარი ბაიებიდან, ვერც კი შევამჩნიე... აქ ჩემი სოფელია ჩემი "მ ა წ ყ ვ ა ლ თ ა" -ა მე კი მისი მარად მოტრფიალე შვილი ვარ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|