ჩემი ლექსები ვერ სცდებიან მაღალ კორპუსებს ქალაქში, სადაც ცხოვრებასთან ერთად მომინდა მეწერა შენზე – არარსებულ მელოდიაზე. და როცა ფიქრით გავიღადრე ყელი და ვთქვი, რომ სახლი არ მქონდა, (სადაც თავი დამიფარავდა,) მოხვედი შენ და უფრო მეტად გამაღატაკე.
დავდივარ ასე, უბინაოდ, იმდენად მარტო, იმდენაც ცოტა როგორიცაა ჩემი ხელფასი. მეგონა გვერდით არავინ მყავდა, და მართლა არავინ მყოლია ირგვლივ.
და ვჯდები თავთან სალაპარაკოდ, ანუ ვწერ მორიგ სისულელეს, თავის გასართობს. და სამწუხარო ის არის მხოლოდ, –არ მეცინება,. სხვა კი – იცოცხლე! გადაირბენს შენს ნაწერებზე. და შეგრძნება გაქვს, თითქოს სხეულს ფეხით გითელავს, როგორც თელავენ ახალ ბალახს, დამსვენებლები.
მე კი მაწუხებს ჩემი თავის უსახლკარობა, და ვერმსგავსება, ვერ მორჩილება გარემოს, სადაც მთავარი ძალა რუტინაზე მიწებებაა, რომ მოიპოვო პური, შენი არსობისა, და გადაიხადო კომუნალურები შენი არსობისა, და დილით ისევ გაღვიძებდეს არა ალერსი, არა ჩიტების საამური რეჩიტატივი, არამედ მძიმე კორპუსების ამოხველება. და აივანზე გადმომდგარი მეძავთა გმინვა, მოხუცი ვაჭრის სამსახური – ,,აბა მაწონიიი! ‘’ ან უფრო გულის ამაჩუყებელი – ,,ვიბარებ ჯართს“: –ძველ რადიატორებს, –კონდინციონერებს, –მაცივრებს, –სარეცხის მანქანებს.
და სურვილი გაქვს ლექსებიანად გადაეყარო ფანჯრიდან ქალაქში, სადაც ცხოვრებაც კი აღარ მინდება, არა თუ წერა, გაღიმება, მშვიდად ძილიც არ მღირსებია ქალაქში, სადაც კორპუსებზე მაღლა ვერ ვდგავარ და არც ჩემს ლექსებს უგემიათ დილის სინათლე.
და ვხუჭავ თვალებს, ჩემი წასვლა არის ლოდინი. და გელოდები შენ, რომ ისევ წავიდეთ სახლში, იქ, სადაც მძიმე ტალღების და ჩიტების ხმაა, სადაც გავიგებ ვინ ვარ და რა მინდა თავისგან.
მომიხალოვდი, როგორც სევდა, როგორც სიმშვიდე. და ეს მორიგი დილის ლექსი იყოს საგზალი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|