ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დოდონა
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2017


  ჩამოტვირთვა

ამაოებათა ამაოება! (თეკერეის " ამაოებათა ბაზარი" არ გეგონოთ, ეს ჩემი ამაოებაა )

სიცოცხლის ფასად დალეულ ვნებებს,
ჟინმოკლულ წყურვილს, გულისთქმას უცხოს
ვიღაც უღმერთომ აჰხადა ფარდა
და გააშიშვლა პატარა გოგო...
ის სიყვარულით იწვოდა ფერთა,
ეტრფოდა გრიგალს ირმის თვალებით,
ცას მიწეული გუმბათიც კვნესდა,
იებს რომ კრეფდა ივრის ჭალებში...
მის არსებობას ილხენდნენ წლები,
მის სიგიჟეებს სიცოცხლე ერქვა,
მისგან მორთული პატარძლის კაბა
ყოველ გაზაფხულს ხეებსაც ეცვათ...
ბალახის სუნი, დგაფუნი წვიმის,
მისი გულისთქმა, ელვა და ჭექა,
მონუსხულივით იდგა ტაროსი,
როცა გოგონა სიყვარულს ჭედდა...
და იყო სრბოლა უთვალავ დღეთა,
ყვითლად იწვოდა კოცონი ვნების,
და ისმებოდა ღვინის თასები
უმიზნო ქროლვის,დაღლილი წლების...
და გაიცრიცა ვნება ცხოველი,
ვერ ითავისა გულისთქმა უცხო...
ასე უღმერთოდ აჰხადეს ფარდა
და გააშიშვლეს პატარა გოგო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები