I ზოგ რამეს სათაურს ვერ მოუძებნი. იქნებ არცაა საჭირო. ვინ იცის?!.. ხანდახან ერთი ადამიანისთვის მეორე მარადიულ მნიშვნელობას იძენს. თავისთავად გამახსოვრდება სახით, ღიმილით, ქცევით, ან ერთი უბრალო სიტყვითაც კი და გონებაში იზრდება მარადმწვანე კვირტივით. ეს არც აკვიატებაა, არც სიგიჟისკენ მიმავალი გზა. ეს არაფრით არ ჰგავს დავიწყებას და მითუმეტეს არც გახსენების მცდელობას, ან იქნებ ორივესთან აქვს საერთო? უყურებ საკუთარი გონების ჰორიზონტს და უფრო შორია, ვიდრე სხვა ნებისმიერი. უფრო მიუწვდომელი და ბუნდოვანი... ამბობენ წლებს ყველაფერი მიაქვსო. დიახ, მიაქვს... მაგრამ რაღაც ხომ რჩება?.. რაღაც, რაც დროზე მეტია... რაც დროის დინების გარეთაა. რა მოხდებოდა სულამოცლილი ადამიანიც ხელახლა იკვირტებოდეს ყოველ გაზაფხულს?!..
II შებინდება კვალდაკვალ მომყვებოდა ჩემთვის უცხო, საცალფეხო ბილიკზე. ბედის ანაბარა მივდიოდი იქ, საითაც გზა მიდიოდა. არც ის მახსოვდა საიდან დაიწყო. რამდენჯერ მიოცნებია ასე დაუსაბამოდ მევლო ნაცნობი სამყაროსაგან შორს. ირმის რქებივით დახლართული ფიქრების გარეშე. უბრალოდ მსუბუქად მინდოდა მესუნთქა. ბავშვივით უდარდელი ვყოფილიყავი, მაგრამ...
III მაგრამ მოულოდნელად გაწყვეტილი დრო ისევ გაიკვანძა. ჩემს თვალებში ისევ აირეკლა იგივე სახე, იგივე ღიმილი. ხანდახან ერთი ადამიანისთვის მეორე მარადიულ მნიშვნელობას იძენს... ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი. თვალებში ვუყურებდი. მერე მის გვერდით ჩამოვჯექი. უსასრულო დუმილი ჩამოწვა. ან რა უნდა თქვა, როცა თითქმის რვა წლის მანძილზე ერთხელაც ვერგაბედე მასთან მისვლა?.. რთულია, როცა გული წასვლას გთხოვს, მაგრამ ნაბიჯი გიმძიმდება. ვერ ბედავ. ის დღე გამახსენდა, როცა მარტო მყოფს სრულიად უცნობი გოგო მომიახლოვდა და გვერდით ჩამოჯდომა ითხოვა. მთა... ღამე... ვარსკვლავები... პირველი მეგობარი... პირველი სიყვარული.
მე ხომ არ ვიცოდი, როგორ მეთქვა, რომ მიყვარდი. იქნებ იცოდი კიდეც?.. ისევ თვალებში შევხედე და გამეღიმა. რა უცებ წახვედი ჩემგან... გახსოვს... ... ...
გაიღვიძე სკოლაში გაგვიანდება... საათს დავხედე და ვიგრძენი თვალები წყლით იყო სავსე. გონებას კი ახალი მარადიული კადრი შემორჩა - ჩემივე ხელით გადაღებული ფოტო საფლავის ქვაზე. IV ერთხელ აუცილებლად გავბედავ და მოვალ... გპირდები მოვალ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ,, ამბობენ წლებს ყველაფერი მიაქვსო. დიახ, მიაქვს... მაგრამ რაღაც ხომ რჩება?... რაღაც, რაც დროზე მეტია... რაც დროის დინების გარეთაა''.
,,რთულია, როცა გული წასვლას გთხოვს, მაგრამ ნაბიჯი გიმძიმდება. ვერ ბედავ''.
კაია.
,, ამბობენ წლებს ყველაფერი მიაქვსო. დიახ, მიაქვს... მაგრამ რაღაც ხომ რჩება?... რაღაც, რაც დროზე მეტია... რაც დროის დინების გარეთაა``.
,,რთულია, როცა გული წასვლას გთხოვს, მაგრამ ნაბიჯი გიმძიმდება. ვერ ბედავ``.
კაია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|