ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვერიკო გოცირიძე
ჟანრი: პროზა
15 იანვარი, 2018


ერთხელ ბიბლიოთეკაში

                    დილით რომ გავიღვიძე და ტელეფონს დავხედე ორი შეტყობინება დამხვდა, ერთი,  რა თქმა უნდა, Techno BOOM-ისგან იყო და მეორე ეკასგან: გეხვეწები დღეს ბიბლიოთეკაში გამყევი, მარტო წასვლა მეზარება და თანაც კარგი ამინდიაო... დამეზარა, მაგრამ მზის ხათრითა და ეგოიზმის დაძლევის მიზნით, დავთანმხდი.
                      და სანამ ეკა კატალოგში „ეძიებდა და ჰპოვებდა“  მისთვის საჭირო წიგნებს, მე თავისუფალი ადგილების დასაჯავშნად გავემართე, უსურვილოდ მივუჯექი მაგიდას და ეკას მოლოდინში ცოტა გავირინდე,  თითქოს იქ მარტო ვყოფილიყავი.  ბიბლიოთეკის სივრცე, რატომღაც, კითხვაზე ძალიან წერას მანდომებდა. ასე უსაქმურად წასულს თავი რაღაცით ხომ უნდა შემექცია... „რაღაცით თავის შექცევაზე“ - სულ ერთი ადამიანი მახსენდება, ბატონი სტიმა (ის ყოფილი ჟურნალისტია), რომელმაც ყურძნის შემოთავაზებისას „მიირთვის“ ნაცვლად გვითხრა: „თავი შეიქციეთ ბავშვებოო“ და საუბარი ჩვეული დაბალი ტემბრით განაგრძო. გვიანი შემოდგომა იყო, სუსხიანი საღამო,  მახსოვს.
                  ხოდა იმას ვამბობდი, რომ თავის შექცევის მიზნით გადავწყვიტე პატარა ჩანახატი შემექმნა, აი, მერე რომ დიდ წიგნს დავწერდი (მეტი არაა ჩემი მტერი), იქ შევიტანდი.  გადავწყვიტე დამკვირვებელი ვყოფილიყავი და მკითხველების „თვალთვალი“ დავიწყე. სულ მიყვარდა ადამიანების თვალიერება, ისეთი დეტალების შემჩნევა, რომლებსაც მარტო მე ვანიჭებდი მნიშვნელობას და მერე ამ დეტალებით მათზე ისტორიებს ვქმნიდი.
                    აი, მაგალითად, ის დაცვა, ფეხზე რომ წამოდგა, ალბათ წყლის დასალევად, დავუშვათ მას კახა ჰქვია. კახას ერთი თვის წინ ხვდება თავის მეზობელი თალიკო, რომელსაც მძიმე პარკები უჭირავს ხელში და აღმართზე ასვლა უჭირს . როგორც ჩანს, პენსია ახალი აღებული აქვს. მერე თალიკო დეიდა, რომელიც კახას ჟუჟუნა თვალებს სათანადოდ აფასებს, ასევე პოტენციურ სასიძოდაც  თვლის და ცდილობს გადაამოწმოს ჭორი, რომელიც ლამარასგან გაიგო, რომ თურმე მედიკოს ბიჭს სამსახური დაუწყია და კახას ვითომ სასხვათაშორისოდ ეკითხება,  შემთხვევით სამუშაო ხომ არ იშოვა... კახა კი ღიმილით პასუხობს, რომ ბიბლიოთეკაში...  და თალიკო დეიდასაც მეტი რა უნდა...  ანუ კახა ყველაფერთან ერთად განათლებული ყმაწვილიც ყოფილა. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ კახას ბიბლიოთეკაში არც ერთი წიგნი არ წაუკითხავს და მისი სამუშაო გრაფიკი დილიდან საღამომდე ჯდომა, ხანდახან დგომა და ბიბლიოთეკაში მოსიარულე გოგოების ათვალიერება-ჩათვალიერებაა. ისე, მთლად წიგნის კითხავასაც არ უნდა დავაბრალოთ განათლებულობა, მაგრამ საყოველთაოდ ხომ ნაკითხ კაცზე ამბობენ ხოლმე - განათლებულიაო... და მაინც, არამგონია ბიბლიოთეკის დირექტორი დაცვის თანამშრომლებს წიგნების კითხვას უკრძალავდეს და კითხვაში გატარებულ საათებს სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობად უთვლიდეს... მაგრამ რა იცი, იქნებ და ამის გამო მკაცრ საყვედურებსაც  ეუბნება, იქნებ და სამართლიანადაც... ისე,  დაცვის არ ვიცი, მაგრამ სამხატვრო აკადემიაში რომ ჩავაბარე, მგონი ხატვას მას შემდეგ შევეშვი...
                ახლა რომ კარში გოგო შემოვიდა, ჩემი მეზობელია სოფელში, ნეტა არ დამინახოს, ან ვერ მიცნოს. მაგის თავი არ მაქვს. ამის გაფიქრებას ვერ ვასწრებ - ჩემკენ მოემართება, გაღიმებული და გაბრწყინებული თვალებით. მხურვალედ მიკრავს გულში,  ისე, როგორც უცხო ადგილას, უცხო ქვეყანაში ვინმე „შენიანის“ დანახვისას იქცევი კაცი; ის ადამიანი უფრო ახლობელი რომ ხდება თითქოს და მეტი სიხარულით ხვდები. ახლაც ასეა... დიალოგი იწყება ჩვეულებრივი ფრაზით      - „ რას შვები?! როგორ ხარ?!“ – „რავი, კარგად,  შენ?!“ და მერე ის იწყებს: „გოგო,  საერთოდ არ შეცვლილხარ, მგონი ვინც ქალაქში ჩამოვიდა ყველა „გაქალაქელდა“, (ამაში იგულისხმება სტილის მკვეთრი ცვლილება ჩაცმულობის, თმის ფერისა  თუ ა.შ.), შენ კიდე ისევ ისეთი გამხდარი ხარ, რა იყო, ქალაქში არაფერს გაჭმევენ?!“  და ამ დროს იცინის...  (ხო, ქალაქში არავინ არაფერს არ გაჭმევს და ზოგადად, შენ უნდა ჭამო). ამას მოჰყვება ისეთი ეგზისტენციალური მნიშვნელობის შეკითხვა, როგორიცაა: „რატომ არ თხოვდები?!“ ამ შეკითხვას სრულიად მთელი სოფელი განიცდის. პასუხი კი აუცილებლად იუმორ-ირონია ნარევი  უნდა იყოს, სხვაგვარად არ გამოვა,  ვნებათაღელვას ეს თუ გააქარწყლებს; ამიტომ  რაღაც სისულელეს ვეუბნები, ისიც კმაყოფილია და მეც. ვემშვიდობები.
                      ჩემ მარცხნივ ზურგით გოგონა ზის;  აი,  ისეთი თმა აქვს, ბიჭებს რომ უყვართ - გრძელი და დაუდევრად გაშლილი.  მისი ვიწრო წელი და გამხდარი მხრები მანდომებს  ფოტოები გადავუღო, ოღონდ შავ-თეთრი კადრები, კონტრასტული განათებით. მის სახეს ვერ ვხედავ, არც ვიგონებ. ამ გოგოს  გვერდით რომ ბიჭი ზის, ჟაკეტი  ორჯერ რომ ჩამოუცურდა სკამიდან, საიდანღაც მეცნობა, ვერაფრით ვიხსენებ, მაგრამ შეგრძნებით მახსოვს, რომ მის მიმართ მთლად დადებითად განწყობილი არ უნდა ვიყო, რატომ - არ ვიცი. მარჯვნივ შუა ხნის კაცი ზის, უკვე სიბერეშეპარული,  ძველ გაზეთებს კითხულობს,  სათვალეს დროდადრო საგულდაგულოდ წმენდს -  ცხვირსახოცით...  ასე მგონია აკადემიკოსი უნდა იყოს... სულ მიკვირდა, რატომ ეცვათ აკადემიკოსებს ყოველთვის და ყველგან კოსტიუმი და თეთრი პერანგი, კიდევ რატომ ეკეთათ ჰალსტუხი და რატომ ჰქონდათ კუშტი გამომეტყველება, თითქოს ვიღაცამ საგანგებოდ დააწესა - აი, ასეთი უნდა იყოს ნამდვილი აკადემიკოსიო და ისინიც ზედმიწევნით ასრულებდნენ  ამ წესს... არის  ამაში რაღაც დამთრგუნველი და საბჭოური. ამ ფიქრებში ვარ,  ახალი მკითხველი შემოდის, ორ წუთში ერთხელ ტელეფონზე იყურება და ტექსტის დაწერისას  საეჭვოდ თბილად იღიმის...  არა, ნამდვილად შეყვარებულია...მართალია წიგნს არც ისე ყურადღებით კითხულობს, მაგრამ ეს არ მაღიზიანებს. ჩემ წინ, მეოთხე რიგში რომ ერთი ცარიელი სკამი დგას, დროებითი მეპატრონე გამოვუგონე; წარმოვიდგინე - აი, თვით საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი - გიორგი კეკელიძე რომ ახლა დარბაზში ჩვეულებრივი მკითხველივთ იჯდეს და მომავალი წიგნისთვის რაიმეს წერდეს, რომ გადაწყვიტოს ბიბლიოთეკაში ჩემსავით დააკვირდეს  მკითხველებს და მერე აქედან მოპოვებული მასალა გამოიყენოს, ნეტა ჩემზე რას დაწერადა-მეთქი; „გოგონა თავისთავად ყურადღებას არაფრით იქცევდა, მკითხველთა მოშაო-მონაცისფრო სამოსის დომინირების ფონზე მისი წითელი მაისური მთელი სიძლიერით ბრდღვიალებდა... იყო ამაში რაღაც სიმბოლური და დრამატულიც კი, რადგან.... და ბლა ბლა ბლა... (დელაკრუას „თავისუფლება ბარიკადებზე“ გამახსენდა ეს რომ დავწერე), ნეტა კეკელიძეს თუ გაახსენდებოდა?! ისე რამ ჩამაცვა დღეს ეს წითელი მაისური-მეთქი - გავიფიქრე, თითქოს კეკელიძე მართლა მჯდარიყოს დარბაზში... სამაგიეროდ მარჯვენა კუთხეში ერთი საინტერესო ბიჭი ზის და სქელტანიან წიგნს მთელი რუდუნებით კითხულობს. პოლიტოლოგს, ეკონომისტს, სოციოლოგს და ჟურნალისტს არ ჰგავს - და მე მისი გამოგონება დავიწყე,  მიუხედავად იმისა, რომ ის ნამდვილად არსებობს. ვცდილობ მისი თითოეული ნაკვთი და მიმიკა ღრმად დავიმახსოვრო, ხოდა ტრენინგგავლილი დამკვირვებელივით ვაკვირდები. აი ასეთი ბიჭია სიმპათიური, ვამბობ ჩემთვის... (თეკლა მაინც არ დამეთანხმება).
                        და უცბად გავიფიქრე, აი ეს ბიჭი მე არასდროს არ გამიცნობს. ამ ფიქრებში ვარ ეკა რომ მოდის, თავს წიგნებში რგავს და გამინაპირდება. მათემატიკა ჩემთვის ნებისმიერ პლანეტაზე უფრო შორეული პლანეტაა, ეკასთვის - ყველაზე ახლო.
                      მე კვლავ გავნაგრძობ ჩემს ფიქრებს იმ ბიჭზე, არასდროს რომ არ უნდა გამიცნოს და მითუმეტეს მოვეწონო,  მაშინ, როცა ეკას სახით საშიში კონკურენტი მყავს.  ანუ,  როგორღა შემამჩნევს მე, როცა ეკას ლამაზი პროფილი აქვს და მთელი ოცი სანტიმეტრით მაღალია  ჩემზე... მაგრამ იმედად ისღა მრჩება, რომ ის ბიჭი ჩვენკენ საერთოდ არ იყურება.
                მოკლედ ამ ბიჭს თვითმონიჭებული უფლებით ვეტოს ვადებ და ჩემს მოლივლივე აზრებს  ბიბლიოთეკის მოხატულ ჭერში ვუშვებ.  ეკას ფანქარს და ფურცელს  ვართმევ,  თავის დავიწყებას ვეძლევი, ანუ ხატვას ვიწყებ.
                    ამასობაში გადის რამდენიმე უტყვი საათი და ჩვენი ბიბლიოთეკიდან გასვლის დროც ახლოვდება. მე და ეკამ კაფეში გადავინაცვლეთ და ჩემი წამოწყებული „ამაოების ბაზარი“ იქ გავნაგრძე.  ის  კლასიკურად შავ  ჩაის უკვეთავს -  მე „გურიელის“ ჟასმინის არომატით;  მიმტანი გოგონა სასიამოვნოდ გვიღიმის და ეს ჩვენს განწყობაზე  მოქმედებს.  „გურიელზე“ ისევ კეკელიძე მახსენდება, (რას გადავეკიდე კაცო დღეს ამ კეკელიძეს, რა მინდა! ვფიქრობ ჩემთვის...). ეკა, (მივუბრუნდი), როგორ გგონია, უყვარს ნეტა კეკელიძეს ჟასმინის ჩაი?! - ეკამ რავიცი გოგო, მაგრამ რეებზე ფიქრობ შენო?!...(კიდევ კარგი ის ფიქრები არ იცის სიტყვა ჟასმინზე რომ იისფერი მახსენდება ასოციაციურად და რიცხვი შვიდიანიც იისფერი მგონია, და საერთოდაც,  რიცხვებს და სახელებს ფერებში რომ ვხედავ, თორემ სულ გადაირევა...) არადა, ის ბიჭი როგორ მომეწონა-მეთქი რაღაცნაირად.  რომელიო - გაკვირვებული მეკითხება; გოგო, მარჯვენა კუთხეში გამხდარი ტიპი რომ იჯდა თავისთვის და ჭკვიანი თვალები რომ ჰქონდა-მეთქი...არც შემიმჩნევიაო... (ხანდახან მგონია მათემატიკოსები მარტო ციფრებს ხედავენ).
                    ვაიმე, მგონი მეჩვენება და ის ბიჭი კაფეში  შემოდის; კიდევ მეჩვენება, რომ  თითქოს ჩვენი მაგიდისკენ მოემართება და ცოტა ვფორიაქობ, მაგრამ ეკასთვის ბწკენას მაინც ვასწრებ, ვანიშნებ - ეს „ისააა“-მეთქი; შეიძლება ჩაიზე შემოგიერთდეთო?! მე და ეკა ჯერ ერთმანეთს ვუცხადებთ თვალებით თანხმობას და მერე მას. აჰა, ხომ ვამბობდი, ეკა მოეწონა,  აბა,ჩემ გამო ხომ არ მოვიდოდა-მეთქი  აქ ... მე ხომ ვერ წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა მას მე ... მოკლედ...
                        ვატყობ როგორ ვიხიბლები თანდათან მისით... მომწონს მისი საუბრის ტონი, ინტონაცია,  ჟესტები, შინაგანი თავისუფლება,  ბუნებრივს რომ ხდის ადამიანს ის... თან ეკას წინაშე თავს დამანაშავედ ვგრძნობ, მაქვს შეგრძნება, რომ ეკას ვღალატობ, რადგან მე ხომ ჩავთვალე, რომ მას ეკა მოსწონს  და იქნებ,  ეკასაც მოსწონს ამასობაში...                              ირკვევა, რომ მსახიობია. ეკას მათემატიკოსობა და მისი მსახიობობა კიდევ ერთი დასტურია  იმ აზრისა, რომ განსხავებული პროფესიების და მისწრაფებების ადამიანები ერთმანეთს კარგად უგებენ და ავსებენ... და მე ვასკვნი, რომ მათ ერთმანეთი იპოვეს. მოკლედ, სპექტაკლის პრემიერაზე დაგვპატიჟა და წავიდა.
                    მე და ეკა პირველკლასელებივით ავვარდით, არა შენ მოეწონე- არა შენო... და ბოლოს იმ აზრზე შევთანხმდით, რომ არცერთიც არ მოვეწონეთ; ჩავთვალეთ, რომ ის უბრალოდ ასეთი ტიპი იყო,  ფილმებში რომ არიან - თავისუფლები, უბრალოები და თვითმყოფადები.
                  უნებლიედ ვოცნებობდი.... ვოცნებობდი, რომ ერთხელაც დამდაგრიყო დღე, როდესაც მასთან ერთად ბაზარში წავიდოდი... მიმაჩნდა, რომ  ბაზარში  ადამიანებს ძალიან ახლობელი ადამიანების გაყოლა სურთ ხოლმე. ეს ჩემი საკუთარი ოცნება იყო...  ზოგს სხვისი ოცნებები აქვს...
                  უკვე საღამოს facebook-ზე მისგან მეგობრობის შემოთავზებას ვიღებ, ემოციურად ვერაფრით გამოვხატავ, თორემ ისეთი  შეგრძნება მაქვს, რომ ახალი პლანეტა აღმოვაჩინე და ყველასთვის მინდა ამის (თავად ჩემი ემოციური მდგომარეობის გადადება) შეტყობინება. და გავიფიქრე, თუ ეს „ის“ არის თერთმეტი საათის შემდეგ აუცილებლად მომწერს და თუ არ არის - არ მომწერს... მხოლოდ ამ მოგონილ ბედისწერას, ამ ჩემს გამოგონილ ბედისწერას ვანდობ მასთან ურთიერთობას და მთელი რუდუნებით ველოდები თერთმეტ საათს, რომელიც უსაშველოდ არა და არ დგება... მერე დილის თერთმეტ საათს ველოდები , მერე საღამოს...  და მესამე დღეს უკვე საბოლოოდ მიდგას  ფეხი დედამიწაზე...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები