ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2018


# # #

სევდამ დამიჩემა მთელი გამეტებით,
როგორც შემოდგომამ იცის ფოთოლცვენა.
წლებმა გაიყოლა სადღაც იმედები,
წასვლა არ უნდოდათ ასე მომეჩვენა.

შიგნით ოთახია ოდნავ მთვარიანი,
გარეთ დეკემბერი ცივი ამინდებით.
ყველა მონატრება არის აზრიანი
თუკი გულს გაცლიან გრძნობის ვამპირები.

სულის სამრეკლოზე ფიქრით მინაწერი
ყელში მებჯინება ყველა ნოსტალგია,
გარეთ შიშველ ხეებს თეთრი მინანქარი
თოვლის სევდიანი ლექსით აუგიათ.

ვუცქერ მთვარის შუქს და სული ვერ ეტევა
მიწის სხეულში და ცდილობს ამოფრენას.
ხურდად შერჩენილი გრძნობის მონეტები
ყრია ვარსკვლავების ფერად გამოფენად.

მახსოვს გულში მქონდა ასი ჩანაწერი,
ასჯერ მეტი ფიქრი, თუნდაც დაპირება
ალბათ უამრავი ლექსიც დასაწერი,
წვეთი სიყვარულით ზეცის ატირება.

ვწერ და რა აზრი აქვს თუნდაც გაპვოეტდე,
ასე ცივ ოთახში, თბილი ოცნებებით.
ვწერ და ტკივილებიც ლექსად ამოვბეჭდე,
ალბათ დავნებდი და ალბათ ვპოეტდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები