ჩაის მოყვარულებმა ჩემი ჩანაწერების გარეშეც კარგად იციან ნამდვილი ჩინური, მწვანე ჩაის გემო და ფასი. მაგრამ გულახდილად რომ გითხრათ, ყოველთვის მაწუხებდა ერთი კითხვა: „და მაინც, რომელია საუკეთესო ჩინური ჩაი?“ პასუხი არავინ იცოდა. ინტერნეტში იმდენი ვერსია "ამოხტა" რომ ვერაფერი გავიგე. თან როგორი გასარკვევია ასობით ჩინური დასახელებიდან ერთ-ერთის ან წაკითხვა ან არჩევა?
მოკლედ, ძველებურ, "გუგლამდე" არსებულ წესს მივმართე: კითხვა ჩემს ჩინელ ნაცნობებს გავუგზავნე. პასუხებმაც არ დააყოვნა (ჩინელი ჩინურ ჩაიზე როგორ დაგამადლის ერთ-ორ სიტყვას?). მაგრამ პასუხები ზუსტად ისეთი იყო როგორსაც მოველოდი: ზრდილობიანი და ზოგადი. მიღებული წერილები და პასუხები ჩინელებისგან დაახლოებით ასე გამოიყურებოდნენ: „ ასე ზუსტად ვერ ვიტყვით, ათასობის სახეობა არისო“, „პროვინციების მიხედვით თუ ჩამოგითვლითო...“, „როგორი ფერმენტაციის ჩაის გულისხმობო?“, მოკლედ, ჩამძირეს კითხვებში, რომლებზე პასუხი არ მქონდა და ჩემს, ერთი შეხედვით, მარტივ შეკითხვას, კითხვითვე უპასუხეს. მაგრამ დიდია ღმერთი და არ გამწირა ბოლომდე.
პასუხებს დავაკვირდი და მეტ-ნაკლებად, ყველა წერილში ფიგურირებდა ერთი დასახელება: „ლუნგ-ჯინ ჩა“. „ეს ‘ლუნგ-ჯინი’ რა ჩაი არის-მეთქი?“, ვკითხე. კარგად მიკითხავს. დაიწყო მაგრამ რა დაიწყო: ‘ასეთია-ისეთია, დრაკონის ჭის ჩაია, იმპერატორების საყვარელი ჩაი, სამკურნალო თვისებებით და უნიკალური გემოთიო...“, მოკლედ როგორც ჩანდა, საწადელს მივაღწიე. როგორც იქნა ვათქმევინე ჩინელებს მათი საყვარელი, დაფასებული და აღიარებული ჩაის სახეობის სახელი. თქვენც დაიმახსოვრეთ - „ლონგ-ჯინ ჩა“ – „დრაკონის (ჩინ. ლუნ, ლონ) ჭის (ჯინ) ჩაი (ჩა)“ - აღმოსავლეთ ჩინეთის, ქ. ჰანგჟოუს (ჟეი-ჯანის პროვინცია) ახლომდებარე დასავლეთის ტბის მიდამოებიდან - ჩინური მწვანე ჩაის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული სახეობა, ნაზი, რბილი და თანაც ოდნავ მომწარო გემოთი, ჟეიჯიანის პროვინციის მწვანე გორაკების ტყეების ფოთლებზე დაცვარული დილის ნამის არომატით.
ალბათ საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ჟეი-ჯანის პროვინცია, რომელიც შანჰაის მუნიციპალიტეტის სამხრეთით მდებარეობს, ჩინეთში, ყველაზე ახლოს არის იაპონიის უკიდურეს სამხრეთთან, რიუ-კიუს კუნძულებთან - კარატეს სამშობლოსთან. რიუ-კიუ, კარატესა და ნუნ-ჩაკოს გარდა, ასევე ცნობილია თავისი უმაღლესი ხარისხის მწვანე ჩაითი. ოკინავურ იაპონურ ჩაიზე, სხვა დროს ვისაუბროთ...
როგორც მოგახსენეთ, პატარა კვლევით და ჩინელი ნაცნობების დახმარებით, მივაკვლიე ერთ-ერთ საუკეთესო ჩინურ ჩაის - "ლონგ-ჯინ ჩას", რითაც ამოვხსენი ჩემი მთავარი ამოცანა ჩინეთთან და ყველაფერ ჩინურთან დაკავშირებით: ნებისმიერი ჩინური პროდუქტი, რომელიც მოგვწონს თუ არა მოგვწონს (ეს სხვა საკითხია და ამას აქ არ შევეხები), სადღაციდან მოდის, ან სხვაგვარად, სადღაც არის გაკეთებული, მაგრამ არასოდეს, ან თითქმის არასოდეს, არ ვიცით საიდან, ჩინეთის რომელი პროვინციიდან, კულტურიდან, კლიმატიდან თუ ბუნებრივი ზონიდან მოდის ჩვენამდე ეს პროდუქტი...ამ ჯერზე, "ჩინური" ჩაის (რაც შინაარსის გარეშე, თითქმის არაფერს ნიშნავს) წარმომავლობა დავადგინე. იგი აღმოსავლეთის პროვინციიდან, ჟეიჯიანიდან არის (და ეს პროვინცია ახლოსაა შანხაისთან, რაც ამ შემთხვევაში, ფასეული ინდიკატორია). მაგრამ კვლავ გამოცანად რჩება დანარჩენი ჩინური წარმომავლობის პოპულარული პროდუქციის (დიახ, ისევ გავიმეორებ) წარმომავლობა, ანუ მისი რეალური წარმომავლობა უზარმაზარი ჩინეთიდან...მაგალითად, თქვენთვის ალბათ გასაგებია ასეთი შეთანხმებები: "ჩეხური ლუდი", "ქართული შოთის პური", "რუსული ხიზილალა" ან "ამერიკული ჯინსები". ასევე გასაგებია ასეთი "წყვილებიც": "მაისენის ფაიფური", "იმერული", ან "პარმის (პარმეჯანი/პარმეზანი) ყველი", "კილკენის წითელი ლუდი", "თუშური გუდის ყველი" და ასე უსასრულოდ...მაგრამ სრულიად გაუგებარი იქნება "ქართული" ან "რუსული", "ამერიკული" თუ "სლოვაკური" საჭმელი...ასეთი შეთანხმება უბრალოდ არაფერს ნიშნავს, სანამ ან კერძის კონკრეტულ სახელს ან შემადგენლობას არ გაიგებ, ან არ გასინჯავ ...რა უნდა ვუყოთ პროდუქციას ჩინეთიდან? რა ვუყოთ "იუნანურ ქათმის სუპს", ან "ლანჟოუს მაკარონს, ძროხის ხორცით", ან "ღორის ხორცს, ჰარბინულად"? სამწუხაროდ, ჩინურის არცოდნისა და ჩინეთის გეოგრაფიის სუსტი ცოდნის გამო, ჩვენ (გამონაკლისების გარდა) გვიჭირს წარმოვიდგინოთ ამ გიგანტურ ქვეყანაში არსებული კულტურული თუ სხვა განსხვავებები, არაფერი ვიცით იქ მცხოვრებ ასამდე ეთნიკური ჯგუფზე (არაჩინური წარმოშობის ხალხებზე), რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ჩინეთის სამყაროს მრავალფეროვნებაზე. რადგან ზემოთ დასმული კითხვები უპასუხოდ, ხოლო ეგზისტენციალური საკითხები გადაუწყვეტად მრჩებოდა, გადავწყვიტე "იდენტიფიცირებული", მწვანე და მართლაც ცნობილი ჩაი - "დრაკონის ჭის ჩა" - როგორმე გამესინჯა...ანუ, აქ საქართველოში მეპოვნა ეს ლეგენდარული ჩაი ...
ჩინეთში ორჯერ ყოფნისას, ზემოთ დასმულ საკითხებს ასე არ ვუყურებდი (აშკარად უფრო ახალგაზრდა ვიყავი მაშინ, შესაბამისად, ზედაპირულიც...) და უცხოელი ტურისტივით გავიძახდი: "მომიტანეთ "ჩინური ჩაი", ან "გავსინჯავდი ნამდვილ "ჩინური საჭმელებს"...ახლა ვხვდები, როგორი ზერელე იყო ჩემს მიერ ამ უზარმაზარი კულტურის აღქმა...და ალბათ როგორ ჩაესმოდათ უცხო ენაზე გამოცემულ ეს ბგერები თავაზიან და მუდამ მომღიმარე ჩინელებს!
შესაძლოა, მხოლოდ მოგზაურობისას ხვდები ადამიანი თუ რამდენი რამ არ იცი, რამდენი რამ გაქვს სასწავლი ან გასაგები, თუმცა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ეს ყველაფერი - ახალი ცოდნა, ახალი შეგრძნებები, ახალი დასკვნები, მიდგომები, გადაფასებული თუ გადასაფასებელი ღირებულებები, რომლებიც უცხო მხარის ნახვამ, უცნობმა ადამიანებმა და მათთან შეხვედრებმა გაგვიჩინა, მეორე ან მესამეხარისხოვანი ხდება და რუტინა, ჩვენი "შეუცვლელი" ყოველდღიურობა, ძველი თუ ახალი პრობლემები, კვლავ გვაბრუნებენ იმ წარმოსახვით "წონასწორობაში", რომელსაც ჩვენი შექმნილი და ჩვენითვე მართული ცხოვრება ჰქვია...
უკაცრავად, თქვენთან საუბარმა და კითხვებმა გამიტაცა და ლეგენდა "ლონგჯინის" ჩაიზე და ჩინეთის იმპერატორზე კვლავ ვერ მოგიყევით... გთავაზობთ ძველ ჩინურ ლეგენდას 'ლონგჯინის" გასაოცარ ჩაიზე. როგორც ყველა ჩინურ ლეგენდაში, აქაც შეხვდებით იმპერატორს, მთებს, დრაკონს, ჩაისა და გრძელ გზას... "ერთ მშვენიერ დღეს, იმპერატორი ციან-ლონგი, რომელიც ჩინეთის დიდი და გამორჩეული მმართველი გახლდათ ცინის მანჯურიული დინასტიიდან, სამოგზაუროდ გახლდათ დასავლეთის ტბის მიდამოებში, შანხაის სამხრეთით მდებარე ჰანგჟოუს პროვინციაში.
შენიშვნა: ციანგ-ლონგი უბრალო იმპერატორი არ გეგონოთ - მან ყველაზე დიდხანს იმეფა, ყველაზე ხანდაზმული გარდაიცვალა ჩინეთის იმპერატორებს შორის და XVIII საუკუნეში, მისი მმართველობა ჩინეთის იმპერიის განვითარებასა და კეთილდღეობას უკავშირდება.
დასავლეთის ტბის სანაპიროზე მდებარე „ლომის მწვერვალის“ (ში ფენგ შანი, ჩინ.) ჩრდილში მდებარე ‘ჰუ გონგის’ მონასტრის მონახულების შემდეგ, დიდმა იმპერატორმა, დასავლეთის ტბის გარშემო ზურმუხტოვან მთის ფერდობებზე მომუშავე ხალხი დაინახა. იგი იმდენად მოიხიბლა ჩაიზე მომუშავე ახალგაზრდა ქალების გრაციოზული მოძრაობებით რომ თვითონაც მოინდომა ჩაის მწვანე ყლორტების შეგროვება. მოულოდნელად, ჩაის კრეფისას, იმპერატორთან მისი პირადი საჭურისი მივიდა და შეატყობინა რომ იმპერატორის დედა, ქვრივი დედოფალი ცუდად გამხდარიყო. იმპერატორმა დაუყონებლივ შეწყვიტა თავისი ვიზიტი და პეკინს გაემგზავრა. წასვლის წინ, იმპერატორმა მის მიერ დაკრეფილი ჰანგჟოუს პროვინციის ჩაი, ნაჩქარევად, სამოსელის გრძელ სახელურებში ჩაიყარა და ისე გაუდგა გზას დედაქალაქისკენ. პეკინში ჩასვლისას, ქვრივი დედოფალი შვილს საგრძნობლად გამოკეთებული დახვდა. მეტიც, დედოფალმა შვილთან მისალმებისას უცნაური და საამო ტკბილი არომატი იგრძნო და მას ჰკითხა: „ეს რა სურნელი მოიტანე? რა სასიამოვნო სუნია“. იმპერატორს მხოლდ ამის შემდეგ გაახსენდა დასავლეთის ტბის სანაპიროზე მოკრეფილი ჩაის ყლორტები, რომლებიც მან სიჩქარეში სახელურში ჩაიყარა. ათასკილომეტრიანი მოგზაურობის შემდეგ, გარე მოსასხამის სახელურში ჩაყრილი ჩაის ფოთლები გამოშრნენ და დახურულ სირცეში თავიანთი განუმეორებელი, მოტკბო სუნელით აავსეს დედა-დედოფლის ოთახი. დედოფალმა, რომელიც შვილის ჩამოსვლამდე რამდენიმე დღე ცუდად იყო (სამხრეთული ცხარე საჭმლის გამო), სასწრაფოდ მოამზადებინა ჩაი, იმპერატორის მიერ შემთხვევით ჩამოტანილი მკრთალი მწვანე ფერის, ბრტყელი და ლამაზი ფოთლებისგან. ჩაის საოცარი გემო და კიდევ უფრო გასაკვირი შედეგი მოჰყვა - დედოფალმა ჩაის ერთი ჭიქის დალევისთანავე იგრძნო უკეთესობა, მოეხსნა სისუსტე, რომელიც მოწამვლის შემდეგ დაემართა და დიდი შვებაც იგრძნო. გარდა ამისა, ჩაის მოხარშული, მკრთალი ფერის მწვანე ფოთლები იჭმეოდა და მათ ტკბილი გემო ჰქონდათ. გახარებულმა იმპერატორმა, სასწარაფოდ გამოაცხადა რომ ლონჯინის ჩაისთვის საიმპერატორო ტიტული - „გონგ ჩა“ - ებოძებინათ, ხოლო ტბის პირას, მის სახელზე, 18-ძირიანი ჩაის საიმპერატორო ბაღი გაეშენებინათ. ასე დაიწყო ლონჯინის ჩაის ზეობის ხანა“.
დასავლეთ ტბაზე, ლონგჯინის სოფელში, ეს ბაღი დღესაც არსებობს, სადაც განუმეორებელი არომატის მქონე ლონგ-ჯინის საიმპერატორო „დრაკონის ჭის“ ჩაი იზრდება. ამ ბაღის ჩაი ყოველწლიურად აუქციონზე იყიდება და მისი ერთი გრამის ფასი უფრო მაღალია, ვიდრე ოქროსი! ლონგ-ჯინის ჩაის ფოთლები დღესაც დიდად ფასობს ჩინეთში და მას ხარისხის მიხედვით ექვს კატეგორიად ყოფენ: უმაღლესი ხარისხისა (რომელიც ყოველი წელს, მინციანის დღესასწაულამდე, 7-8 აპრილამდე იკრიფება), რომელსაც Mingqian Tea-ს ეძახიან. ეს ყველაზე ძვირფასი და ნარჩევი ჩაი გახლავთ. მოკრეფის შემდგომ, ჩაის ყლორტები ოსტატების მიერ რამდენიმე წუთით სპეციალურ ღუმელებში ან ტაფებზე ცხელდება ფერმენტაციის და დაჟანგვის პროცესების შესაჩერებლად და შემდეგ რამდენიმე დღით ბნელ ადგილას ინახება საბოლოო გამოშრობისა და სწორი ტენიანობის მისაღებად. ლონგჯინის ჩაის ერთიდან მეხუთე ხარისხამდე გრადაცია ვიზუალურად ხდება და გადარჩევისას, უპირატესობა ნაზ და არომატულ ყლორტებს ენიჭებენ. ... ბედმა გამიღიმა და რამდენიმე წლის წინ, ჩემმა ჩინელმა კოლეგამ, ერთ-ერთი გიგანტური ქარხნიდან, საჩუქრად ჩაი ჩამომიტანა. როდესაც ვკითხე, რა ჰქვია ამ ჩაის-მეთქი, სრულიად წყნარად მითხრა:“ მისტერ ლევან, ეს ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩაი, ლონგ-ჯინ ჩა გახლავთო და ასევე აუღელვებლად მომიყვა ლეგენდას დიად იმპერატორ ციანგ-ლონგზე, სახელოში ჩაყრილ ჩაიზე და სასწაულებრივად გამოჯანმრთელებულ დედა-დედოფალზე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. გმადლობთ თამარ და ჯონათან! მიხარია რომ მოგწონთ ჩემი ამბები შორეულ ქვეყნებზე. გმადლობთ თამარ და ჯონათან! მიხარია რომ მოგწონთ ჩემი ამბები შორეულ ქვეყნებზე.
2. ლევან, რა საინტერესოდ იცი მოყოლა?! და საერთოდ, საინტერესო ადამიანი ხარ. ბრავო!
ლევან, რა საინტერესოდ იცი მოყოლა?! და საერთოდ, საინტერესო ადამიანი ხარ. ბრავო!
1. ჩაისთან მოსაყოლი ამბავია, არა მხოლოდ ჩაიზე :)
ჩაისთან მოსაყოლი ამბავია, არა მხოლოდ ჩაიზე :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|