ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უმისამართო
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
27 თებერვალი, 2018


„ვეფხისტყაოსნის“ პროლოგის „შეწევნის“ კავშირი წმინდა გიორგისთან

„ვეფხისტყაოსნის“ ავტორი პროლოგში ღმერთს შეწევნას სთხოვს : „ძალი მომეც და შეწევნა, შენგნით მაქვსს მივცე გონება“, რაც ბუნებრივია, რადგან „რაცა ღმერთსა არა სწადდეს, იგი საქმე არ იქმნების“. პოემის ამგვარად დაწყება კი იმ პერიოდისთვის, როგორც შემდგომი პერიოდისთვის, დამახასიათებელი იყო (მაგ. თეიმურაზ პირველის შემოქმედება).
თუმცა საყურადღებოა ისიც, რომ რუსთველს, როგორც განსაკუთრებულ პოეტს, ამასთანავე სჭირდება ის, ვინც მასთან ერთად უგულშემატკივრებს პერსონაჟებს და ტარიელისთვისაც დაღვრის ცრემლს :
„მო, დავსხდეთ, ტარიელისთვის ცრემლი გვდის შეუშრობელი“.
ნაწარმოების ძირითადი თემაც მიჯნურობასთან ერთად ხომ მეგობრობაცაა, რომელიც სწორედ შეწევნაზეა დამყარებული.
აღსანიშნავია დასაწყისის არაერთი სტროფი, რომელიც უნებლიეთაც კი იქცევს მკითხველის ყურადღებას; მათ შორისაა რამდენიმე, რომელშიც პოეტი  ხაზს უსვამს დამკვეთთა სურვილს - ლექსი უნდა იყოს ტკბილი და შექებულ იქნას გარეგნული სილამაზე; და რაც მთავარია გამოკვეთილია თამარ მეფის გამო  „გულისტკივილი“ ( მხედველობაში მაქვს შემდეგი ტაეპი : „თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ დათხეული“) , რომელიც  პირდაპირი მნიშვნელობით ესმის ზოგიერთ მეცნიერს. მაგ. კ. კეკელიძეს, რომლის  მიხედვით ამით მინიშნებულია თამარ მეფის გარდაცვალება, (მის მიერ „ვეფხისტყაონის“ დათარიღება სწორედ აღნიშნულს ეყრდნობა)  და პ. მარგველაშვილს, რომლის აზრითაც აღნიშნული ასოცირდება უღონობასთან, თამარი კი  შველას საჭიროებს, აუცილებელია მისთვის ზრუნვა, შეწევნა.
რეალურად კი, პოემაში სისხლის ცრემლების ფრქვევა ნიშნავს არა მწუხარებას, არამედ უზომოდ დიდი სიყვარულის გამოცხადებას, როგორც ე. ხინთიბიძე მიიჩნევს და რასაც ვეთანხმები. პოემაში ხომ ზუსტად დასახელებული მნიშვნელობით გვხვდება „სისხლის ცრემლები“ სხვა შემთხვევებშიც. მაგ. „მზე ტირს სისხლისა ცრემლისა, ზღვისაცა მეტის-მეტითა (1712;3). 
პ. მარგველაშვილმა კი  სწორედ აღნიშვნულ არასწორ გაგებაზე დაამყარა თავისი მოსაზრება იმის შესახებ, რომ წმინდა გიორგი არის „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგში შემწის და საზეოდ გამიჯნურებულის მაგალითი. მას ასევე, მოჰყავს შემდეგი არგუმენტები, რომელთა სისწორეშიც, ასევე, ეჭვის შეტანა შეიძლება;
პოემაში შეფარვით არის შექებული პიროვნება, რომელიც საზეოდ გამიჯნურებულისა და სხვათა შემწის სამაგალითო სახეა, ასეთ სახედ საქართველოში კი გიორგი კაპადოკიელი ითვლებოდაო. „ვეფხისტყაოსანთან დაკავშირებით კი ვფიქრობ, რომ როცა პოეტი აცხადებს - თამარ მეფის შეწევნისთვის „ვხელობო“, ამით ის, ერთი მხრივ, ადასტურებს კონკრეტული, რეალური მსმენელის, თამარ მეფის შეწევნის განზრახვას, მეორე მხრივ კი მიგვითითებს შეწევნის საყოველთაოდ ცნობილ მაგალითზე, შეფარვით მიგვანიშნებს სახელის, რომელიც ყველა ქართველმა კარგად იცის და რომელიც მან ქვემოთ შეაქო.“- წერს მკვლევარი, რაც  ცოტა არ იყოს გაუგებარი .
პირველ რიგში, მივუბრუდენთ ტექსტს: ვის ჰმორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი;; (გ) დავუძლურდი, მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი,; (დ) ანუ მომცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი. გავიხსენოთ უპირველესად რას ვაკეთებთ, როცა ტექსტის კვლევას ვიწყებთ. იმისათვის, რომ არ გავცდეთ ნაწარმოების ლოგიკას, განმარტებით ლექსიკონში უნდა მოვიძიოთ აღნიშნული სიტყვის, ამ შემთხვევაში კი „ხელის“ მნიშვნელობა;  ხელი  ძველი მნიიშვნელობით ძლიერ გაჯავრება, გაბრაზება. გახელებული – ძლიერ გაბრაზებული, შესაბამისად, არაა გასაკვირი , რომ მიჯნურთან ასოცირდებოდა შუა საუკუნეებში . პოემაში სხვა ადგილებშიც მსგავსი კონტექსტით ვხვდებით აღნიშნულ სიტყვას. მაგ. „ვარ მიჯნური, ხელი ვინმე, გაუწყვედლად სულთა დგმისად.“  „რასაცა მიზამ, შენ იცი, შენ ხარ წამალი ხელისა“, „ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა“, სიყვარულმა მისმან, ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ“, „ვხედავ, ესე ხელი  ვინმე მოყმე შენთვის წაეგების“, „იგი, ვინ ხელ-მქმნა, მოველი მისგან აროდეს ლხენასა“ და სხვა.
შესაბამისად, ვფიქრობ, აღნიშნულ ადგილას საუბარია რუსთველის სიყვარულზე თამარისადმი ან მეხოტბისადმი ან როგორც ქალისადმი, ეს უკვე სხვა საკითხია;
საყურადღებოა, რომ პროლოგის მესამე სტროფის მოჰყავს ზემოთ დასახელებულ მეცნიერს :
„ ვის ჰშვენის, ლომსა, ხმარება შუბისა, ფარ შიმშერისა,
მეფისა მზის თამარისა, ღაწუ ბალახშ, თმა გიშერისა.
მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა ხშირისა ?!“
ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, სტროფი გამართული იმ ლომის საქებრად, რომელიც უფრო მაღლა დგას, ვიდრე თვით თამარი, რამდენადაც მეფეს იქვე აქებს, ხოლო ლომს „არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა შერისაო“, სწორედ ასეთი კი წმინდა გიორგია . იმასაც უსვამს ხაზს, რომ ლომი წმინდა გიორგის ერთ-ერთი ეპითეტი იყო, რაზეც ყველაზე დამაჯერებლად მეტყველებს ერთიანი სვანეთის დროშა „ლომი“, რომელიც წმინდა გიორგის დროშააო, წერს მკვლევარი.
ასე რომ, მეოთხე სტროფში წმინდა გიორგის შეფარვითი, მაგრამ მეტად მაღალი ქებაა ნათქვამი, სწორედ რომ „არ ავად გამორჩეული“ ქებაო, განაგრძობს მეცნიერი და იმასაც ამატებს, რომ ქება შესაძლოა გიორგი მესამესაც მიესადაგოს, რაც არ ცვლის საქმის არსს, რადგან მას ხშირად ადარებდნენ წმინდა გიორგისო; აღნიშნული, ვფიქრობ, ალოგიკურად ჟღერს ; მეცნიერი ხომ წერს, ლომი უფრო მაღლა დგას, ვიდრე თვით თამარიო, გიორგი მესამე კი თამარიზე მაღლა არც ისტორიულად წყაროებში დგას და არც ხალხთა ეროვნულ მეხსიერებაში.
რაც შეეხება „ლომს“ , განკერძოებით მდგომი განსაზღვრებაა („ვის ჰშვენის, - ლომსა, - ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა, - მეფისა მზის - თამარისა...“). ამგვარი გააზრებით ამ სტროფში რუსთველი ქებას უძღვნის თამარის ლომს, მის მეუღლეს, ქვეყნის სამხედრო ძლიერების ძირითად ბურჯს. თამარის ლომად დავით სოსლანი სხვა, მათ შორის ისტორიულ წყაროებშიც არის მოხსენიებული.
სტროფი „ვის ჰშვენის, - ლომსა...“ დავით სოსლანისადმია მიძღვნილი. შემდეგი სტროფი უშუალოდ თამარისადმი: „თამარს ვაქებდეთ მეფესა..“. შეიძლება დაისვას კითხვა: რატომ უნდა შეექო ავტორს ჯერ დავით სოსლანი, ხოლო შემდეგ თამარ მეფე? ისტორიული წყაროების მიხედვით დავით სოსლანიც (ისევე როგორც თამარ მეფე) საქართველოს მეფედ მოიხსენიება. დოკუმენტებს ხელს ორივენი აწერენ ზოგჯერ წინ თამარ მეფეა და ზოგჯერ დავით სოსლანი. პოეტის მიერ ჯერ დავით სოსლანის მოხსენიება და შემდეგ თამარისა იმითაც არის მოტივირებული, რომ ქება თამარის მიმართ შემდგომში გრძელდება და პოეტის, როგორც მეხოტბის, მისდამი უსაზღვრო სიყვარულზე მიმათითებელი ფრაზებითაა გადმოცემული. იმასაც უნდა მიექცეს ყურადღება, რომ დავითისადმი მიძღვნილ სტროფშიც დავითთან ერთად თამარიც მოიაზრება - „ლომი“, რომელსაც ხოტბას უძღვნის პოეტი, თამარ მეფისაა.
პ. მარგველაშვილი ჩერდება შემდეგ სტროფზეც :
„თამარს ვაქებდეთ მეფეს სისხლისა ცრემლთ დათხეული,
სჰთქუენით ქებანი ვისნიმე არ ავად გამორჩეული.
მელნად ვიხმარე გიშრის ტბა, კალმად მინა რხეული,
ვინცა ისმინოს, დაესვას ლახუარი გულსა ხეული“.
წმინდა გიორგის შეფარვითი ქება შეიძლება, ამოვიკითხოთ შემდეგ სიტყვებშიცო, „მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მინა რხეული“, რომელიც მიუთითებს შთაგონების ორ წყაროზეო - შავ თვალებზე და რწმენის ხატზე, მინა რხეულზეო, აღნიშნავს პ. მარგველაშვილი. იგი „მინას“ დეფინიციასაც გვთავაზობს, ამ სახელითარის ცნობიი ჭიქური ხატვის ირანული ტექნოლოგია, რომელიც მე-11-12 საუკუნეებში იყო გავრცელებული. მინას სულხან - საბა ასე განმარტავს : „მინა ჭიქა არს ფერადი ელვარედ შემზადებული ილეკროთა (ლითონთა) ზედ, მხატვრულად ქმნად შემზადებული.“ ილია აბულაძის ციტატასაც გვთავაზობს : „დავასუენე ხატი წმიდისა გიორგი მთვაარმოწამისაი. ოქროისაი მინაითა“. საბოლოოდ, დასკვნა გამოაქვს მკვლევარს - „მინა“ მინანქრის ძვირფ ხატს, კერძოდ კი, წმინდა გიორგის ხატს უნდა ნიშნავდეს, რადგან საკუთრივ პოემაში იგი თავისუფლად უტოლდება ხატს, სახეს, პიროვნებასო; მინა რხეული კი ნიშნავს რწმენის დროშასო.
ვფიქრობ, „მინას“ გაგება , ასევე, შეიძლება, როგორც ტანი, როგორც ცნობილ პოეტს ტიციან ტაბიძეს ესმოდა; გავიხსენოთ მისი „მუხრანის ველზე სათქმელი ლექსი“, სადაც ვკითხულობთ :
„რა საჭიროა მელნად გიშრის ტბა
და კალმად კიდევ მინა რხეული,
თუ ამ მღვრიე მზით გული გაგითბა,
თუ ამ ჟრუანტელს იგრძნობს სხეული.“
შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული არგუმენტი არგუმენტიც საეჭვოა (ჩემი აზრით, გინდ „მინაში“ დროშა მოვიაზროთ, მაშინაც არ ქრება ეჭვი).
ბოლოს მოვიყვან  პ. მარგველაშვილის კიდევ ერთ ფუნდამენტურ არგუმენტს, რომელიც ეყრდნობა შემდეგ სტროფს :
„ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები.,
ვით მარგალიტი ობოლი, ხელისხელ საგოგმანები,
ვჰპოე და ლექსად გარდავთქუი, საქმე ვქენ საჭოჭმანები.“
ამასთან დაკავშირებით მკვლევარი წერს, „ნათქვამია იგ სპარსულად“ არ ნიშნავს სპარსულ ენაზე საუბარს. აქ სპარსული აღნიშნავს რწმენას, ან თქმის თუ თხრობის განსხვავებულ ფორმას. მაგ. ზღაპრულობას, და არ არის ეთნიკური, გეოგრაფიული თუ ენობრივი კუთვნილების მანიშნებელიო. თვით პოემაშიც სიტყვა „სპარსი“ ორჯერ არის ნახმარი რწმენის მნიშვნელობითო . „ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები“ უნდა ნიშნავდეს წარმართულს - ქრისტიანობის მიერ შეწყარებულს , ანუ ამბავს, რომელმაც დროის გაოცდას გაუზლო და დარჩა „ვით მარგალიტი ობოლი, ხელით-ხელ საგოგმანები“ ქართულ ქრისტიანულ ყოფაშიო, თუმცა აღნიშნული მართებულად არ მიმაჩნია. როგორც ბარამიძე აღნიშნავს, რეალურად რუსთაველს გამოუყენებია სპარსული ამბის მომიზეზებით მსოფლიო ლიტერატურაში კარგად ცნობილი - სიუჟეტური შენიღბვის ხერხი (მონტესკიეს „სპარსული წერილები“, ლერმონტოვის „ჩვენი დროის გმირი“). ეს ხერხი ძვ. ქართული მწერლობის ლიტერატურისთვისაც არ ყოფილა უცნობი, რისი საუკეთესო მაგალითია ბესარიონ გაბაშვილის „რძალ-დედამთილიანი“. ასევე უნდა გადაწყდეს „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტის საკითხიც. ავტორი შეგნებულად და გეგმაშეწონილად აუცხოებს პოემის სიუჟეტს, რის საჭიროებას ალბათ იწვევდა პოემაში გატარებული სოც-პოლ და სარწმუნოებრივ-ფილოსოფიურ შეხედულებათა რადიკალიზმი. სწორედ ამიტომ ტხზულების წყაროდ რუსთველმა გამოაცხადა „სპარსული ამბავი“, მოქმედება გაშალა უცხოეთის დიდ გეოგრაფიულ არეზე, ზოგიერთ პერსონაჟს შეარქვა უცხოური სახელები.

შესაბამისად, მიმაჩნია, რომ „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგის
„შეწევნასთან“ არ აქვს კავშირი წმინდა გიორგის; მსგავსი რამ კი სცდება პოემის საზღვრებს და ჩვენს ფანტაზიის ნაყოფად რჩება.



გამოყენებული ლიტერატურა :

კ. კეკელიძე „ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია“ მეორე ტომი;
ე. ხინთიბიძე - „ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობრივი სამყარო“;
ა. ბარამიძე - „შოთა რუსთაველი და მისი პოემა“;
პ. მარგველაშვილი - „რუსთველის მსოფლმხედველობა“.

მარიამ რაქვიაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები