ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
20 მარტი, 2018


სანამ ძარღვების უხამს სიცივეს


ცხოვრება - სულის მაწამებელი
მიედინება, როგორც მდინარე
და თან მივყვები, ვით მატარებელს,
ზოგჯერ ფხიზელი, ზოგჯერ მძინარე.

და წინ მიმიძღვის დროცა და ჟამიც,
კუს ნაბიჯებით, მაგრამ მქუხარედ,
თუმც განვლილი გზის სულ ყველა ჟანრი
დარჩება ბოლოს მაინც მწუხარე.

მიგულისდება მუდამ იღბალი,
მოჭრილ ხესავით მიფარჩხავს ხელებს
და იმ ერთხელაც, ვით ავი ძაღლი
სიცოცხლეს სისხლად ამომახველებს,

და ცაში რაღაც წყდება ნერვივით,
ზეცა ბნელდება გზის დასაწყისთან,
ყველა ოცნება რჩება ცალმხრივი,
ყველა ბილიკიც გადარჩენისა.

სახტად დარჩენილ იმედებს ვითვლი,
მოგონებების უთვალავ ნამსხვრევს
ვხედავ და რაღაც მტკივნეულ ფიქრით,
დაუძლურება მიწაზე მაწვენს,

ტანქვეშ კი მხვდება გამხმარი  კორდი,
ყვავილად მადევს ფერმკრთალი მთვარე,
ასე მგონია მზის შუქზე მოვკვდი
და მიწად ღამე გადამაფარეს,

სისხლს გადაუსხამს ხვალ თებერვალი,
ახალ სიცოცხლეს აჩუქებს ხეებს
ტანთ გამოიცვლის ყველა მწვერვალი,
მე კი საფლავში რა გამაჩერებს?..

ვფიქრობ და ვამჩნევ გულის სიმცირეს,
თითქოს ჭრილობებს თვითონვე იხსნის,
სანამ ძარღვების უხამს სიცივეს
შეეგუება გამშრალი სისხლი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები