ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2018


#. #. #.


ვდგავარ მიტოვებული სახლის ჩამსხვრეულ ფანჯრებთან,
ვით რომელიმე ქუჩის კუთხეში მდგომი ბიუსტი
და სულ ერთია, რომ უმოძრაო ყოფა დამჩემდა,
ათასში ერთხელ თუ გავიფიქრე: სად ვარ? ვის ვუცდი?

ნუ გაიკვირვებთ თუკი თვალები გვანან ფოტოებს,
მიჩერებული გზისპირა ბილიკს ცივი კედლიდან
და იმ მოლოდინს, რომელსაც დღემდე სუნთქვად ვიტოვებ
ყელში ამოვა და გავაცილებ გულის სცენიდან...

რა არის ფიქრი? დავსვამ შეკითხვას მერე ბოლოჯერ
და ამ კითხვაზე გამომიხტება მაღალფარდოვან
სიტყვებით, ვიღაც და არაერთხელ გამიმეორებს,
ქვეცნობიერის ნაცნობ თეზისებს... რა ამაოა...

რადგანაც ფიქრი არის სიცოცხლე სინამდვილეში,
ადამიანზე თავს დამტყდარი არის გრიგალი
და ცხოვრებაში ბნელ ფიქრებისგან მუდამ გალეშილს,
ვეძებ და მაინც ვერ მიპოვია  დღემდე უფალი...

ვხედავ გონების თეთრი სინათლე როგორ მაბრმავებს,
არადა მხოლოდ საჭირო თუა ევოლუცია,
მხოლოდ ხორცშესხმა და სულის ჩადგმა შეცვლისთანავე,
თუმცა ვერც ფიქრი და ვერც ცხოვრება გამოვიცვალე.

ან რატომაა ყველაზე სწრაფი იმ მზის სინათლე?
როცა წამიერ ამოსუნთქვაში კვდება ღიმილი,
წამის მეასედს ხომ შეუძლია გულის სიდამბლით,
გამოგიცვალოს თეთრი სამყარო კინო ფირივით?..

ბევრჯერ მინახავს ადამიანი როგორაც კვდება,
მაგრამ არ ვიცი და ვერც გავიგებ რაა სიკვდილი
და არც ის ვიცი გადარჩენაა, თუ მხოლოდ შვება,
თუმც ასე მაინც აღარ ვიქნები გამოკიდული.

ცაზე კიარა, აქ, თავდაყირა დედამიწაზე,
სადაც მიწის ქვეშ მოჩვენებითი სუფევს სიმშვიდე,
ღმერთო შენც ხედავ დაჭრილი სული სხეულს მიათრევს
გზაჯვარედინზე და არც კი იცის საით წავიდეს...

ჰოდა უფალო, იპოვე თორემ წავა ერთხელაც
წავა სიცოცხლეს გაუნაწილებს ეშმაკს გულიდან.
გაგიკვირდებათ!.. მაგრამ დავინჩიმ თუ გახსოვთ ერთხელ,
რომ ერთ სხეულში იპოვა ქრისტე, მერე იუდაც...

მე სხვა რაღა ვთქვა... უმისამართო ჰორიზონტს მივსდევ
ფურცლებით ხელში და ბრძოლა მიწევს უდაბნოს ქართან.
სიყვარულსა და დღემდე ვერ ნახულ ღმერთზე ვწერ ისევ
და თან ვპოულობ ყველა დანარჩენს ამ ორის გარდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები