ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
20 აპრილი, 2018


ვაჟა, ლელა, მე და გოჩა ხარანაული

რაც დრო გადის, ვაჟას კიდევ უფრო მეტად ვაფასებ, ვიდრე აქამდე ვაფასებდი. გარდა პოეზიისა და პროზისა, ვაჟას ფილოსოფიური ნარკვევებიც აქვს, რაც უფრო მეტად ამაღლებს ჩემს თვალში, როგორც რიგითი მკითხველის.

ვაჟა-ფშაველაზე დიდი მოაზროვნე პოეტი არ დაბადებულა და არც დაიბადება!

2011 წლის ზამთრის ცივ და სუსხიან დღეს მივუყვებოდი ჩარგალში ვაჟა-ფშაველას ნაკვალევს და თან მისსავე სიტყვებს ვიმეორებდი გულში:

„ნეტავ თუ დაგვიფასდება
ქართველთა შვილებს ამაგი?!“

დაგვიფასდება, აუცილებლად დაგვიფასდება! სხვანაირად არც შეიძლება, ჩვენ ხომ რაზიკაშვილების მშობელი ერი ვართ!

მე და ჩემს მოყვასს-ლელა მეტონიძეს ისე გვიყვარს ვაჟას შემოქმედება, დაუსრულებლად შეგვიძლია მოვიყვანოთ ციტატები ბუნების მგოსნის შემოქმედებიდან! ლელა ვაჟას სულის თანაზიარია. ჩემი ეს ლექსი სწორედ ამის დადასტურებაა:

ლელა

მოგნატრებია ვაჟას ჩარგალი
თვით ვაჟას ლელას კარგო სეხნიავ,
მერე რაა, რომ არა ვარ ქალი,
მეც არაერთხელ დამიკვეხნია

შენი სახელით... ჩარგლის ბუნებით,
უფლის წყალობით ფშავიც ჩვენია,
გვაქვს თვით მთასავით სუფთა გულები
და საამაყოდ ვაჟას გენია.

http://urakparaki.com/?m=4&ID=94104

ლელა მეტონიძე ძალიან კარგი ადამიანია, გულმხურვალე მამულიშვილი. სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან ლელა ძალიან კარგი გვარის წარმომადგენელია, თუნდაც ნატო მეტონიძე რად ღირს, რომელიც ძალიან კარგი ადამიანი და მომღერალია. მის მიერ შესრულებული სიმღერებიდან განსაკუთრებით ,,მზე შინა და მზე გარეთა“ (იგივე ,,სამაია“) მიყვარს.

ლელა მეტონიძე ვაჟა-ფშაველას ჯიშ-ჯილაგიანი, მანდილის მატარებელი მანდილოსანია, ვაჟას შემოქმედებით სუნთქავს, ვაჟას შემოქმედებით სულდგმულობს.

ლელა აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში, ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს თავისუფლებისთვის გამართულ აქციებში. ლელა მეტონიძე 9 აპრილის თაობის წარმომადგენელია.

რაც შეეხება გოჩა ხარანაულს, გოჩა ხარანაული ვაჟა-ფშაველას ჯიშ - ჯილაგიანი პოეტია, მისი პოეზია ეროვნული სულისკვეთებით არის გაჟღენთილი!

ჩემი ეს სამსტროფიანი ლექსი სწორედ ამის დადასტურებაა:

პოეტო...

გოჩა ხარანაულს

მოგესალმები პოეტო,
მეც ერთი იმათთაგანი -
ვინც იცის შენი ფასი და
შენივე ლექსის საგანი.

ვაჟა-ფშაველას ჯიშის ხარ,
არწივის შთამომავალი,
რწმენის და კაცურკაცობის,
სიკეთის გზებით მავალი.

ლექსწერას არც მე ვთაკილობ -
ნონეშვილივით ალალი,
ისე მაოცებს მთის კილო,
როგორც ლამაზის დალალი.

დავუბრუნდეთ ისევ ვაჟას... ვაჟა-ფშაველა სულ სხვა განზომილებაა, სხვა ფენომენია! მის ნაწარმოებებს ლოცვასავით ყოველდღე უნდა ვკითხულობდეთ, რომ უფრო მეტად შევიგრძნოთ სიღრმე და სიდიადე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს სიტყვას, სიტყვის ძალას! ვაჟა ჯერ კიდევ მაშინ ამბობდა სიმართლეს, როცა მამათა და შვილთა ბრძოლა მიდიოდა! მიკვირს წიგნებში როგორ ეტევა ლუკა რაზიკაშვილის გენია!

ისევ მივყვები ვაჟას ნაკვალევს

ისევ მივყვები ვაჟას ნაკვალევს,
ჩემშიც ცოცხლობენ გმირები მისი,
ვიდრე ლექსებს ვწერ ჩამქრალ ვარსკვლავზე -
მიყვარს ჩარგალი, როგორც თბილისი.

ისევ მივყვები ვაჟას ნაკვალევს,
შორს არწივების ვხედავ საბუდარს,
კვლავ იზრდებიან ფშავის არაგვზე
ლელა, აღაზა, ზეზვა, ალუდა.

გულში ჩაესმით ხმები ჩანჩქერთა,
ვით სიმღერები გარიჟრაჟული,
რაზიკაშვილის ჯიშ - ჯილაგიანთ
მსურს დავულოცო მთების ნაჟური.

ოთარ რურუა

ნოდარ დუმბაძის შესახებ

ძალიან მიყვარს ნოდარ დუმბაძის შემოქმედება (ვის არ უყვარს), განსაკუთრებით ,,მე ვხედავ მზეს“. 2005 წლიდან 2012 წლამდე არაერთხელ ვითამაშე სამხედროს მასწავლებლის - ლევან გურიელიძისა და კოლმეურნეობის თავმჯდომარის - ქიშვარდი ვაშაყმაძის როლები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულ თეატრ - სტუდია ,,მოდინახე“ - ში, იგივე გეპეის თეატრში.

2012 წელი იყო... ძალიან მინდოდა ,,თეთრ ბაირაღებში“ თამაში, როლიც მქონდა რეპეტიციების მსვლელობისას, ჭეიშვილს ვთამაშობდი, მაგრამ იმ წელს დედა გარდამეცვალა და...

თეატრის ხელმძღვანელ ნუგზარ ბუცხრიკიძეზე რომ აღარაფერი ვთქვა (რომელიც მამასავით არის დასის წევრებისთვის), ჩემზე დიდი შთაბეჭდილება ჩემმა აწ უკვე გარდაცვლილმა პედაგოგმა - მანანა სიმონიშვილმა მოახდინა. იშვიათად მინახავს მანანასნაირი ენერგიული, მშრომელი და თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი, მითუმეტეს ქალი.

ნოდარ დუმბაძე ცოცხალი რომ ყოფილიყო და ჩემი თაობის თამაში ენახა, დარწმუნებული ვარ ყველას სათითაოდ ჩამოგვართმევდა ხელს და გადაგვეხვეოდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ერთადერთი ნაწარმოები - ნოდარ დუმბაძის შემოქმედებიდან, რომლის წაკითხვა ხელმეორედ არასდროს მომინდება, ,,მარადისობის კანონი“ - ა. დანარჩენ ნაწარმოებებს ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ.

,,მე ვხედავ მზეს“ და ერთ ლამაზ გოგოს
სიზმრად ვით დედას, ხშირად ვნახულობ,
მისი თვალები მხიბლავენ, როგორც
გრემი, გელათი, ოშკი, ხახული.

თუმც ეს ცხოვრება ზოგჯერ მკაცრია,
მწამს: არ მოაკლებს წყალობას ღმერთი,
ის დახვეწილი არის გრაცია,
მე ბავშვობიდან ასეთებს ვეტრფი.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები