ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კვიტატიანი
ჟანრი: პროზა
26 მაისი, 2018


"ვისი გორისა ხარ..."

- ერთი ბიჭი გვყავდა, მამაოს ვეძახდით. სასულიერო პირი არ იყო, ისე ვეძახდით. ჯვარი ჰქონდა „ბუშლატაში“, გულთან ჩადებული და პირველი ის მიდიოდა-ხოლმე... სოხუმის დაცემის დღეს შარტავას დაცვაში იყო. როგორც მოგვიანებით გავიგე, შენობაში დარჩენილა, დაჭრილი, ტყვედ არ ჩაბარდა, ხელყუმბარა გაუხსნია და ოთხი აფხაზი გაუყოლებია...
მოყოლა რომ დაამთავრა თვალებში დარდი აუციმციმდა, ჭიქას ხელი მოჰკიდა და ნახევარზე ოდნავ ქვევით დაიყვანა ღვინო. ამბობს, რომ ჭიქას თუ ბლომდე გამოცლი, მალე მოგეკიდება სასმელი და ქართულ სუფრაზე გალეშვა, ძველად სირცხვილი იყო. ახლანდელი ე.წ. „ტრადიცია“ 50-იანი წლების შემდეგ შემოვიდა.
- ბაბუაშენი ამბობდა, 20-30-იან წლებში კაცს რომ ქეიფში ფეხი შეშლოდა, ძალიან დიდ სირცხვილად ითვლებოდა. მერე, დაახლოებით მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდიდან ეს მიდგომა რადიკალურად შეიცვალა და პირიქით, ოჯახიდან სტუმარი ისე არ უნდა გაგეშვა, „ოდნავ“ ბარბაცს თუ არ დაიწყებდა. ამ სიტყვების დასრულებისას ყოველთვის ეღიმება და თავისთვის ამატებს - სად ვცხოვრობდით?!...
საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე ბევრი გვისაუბრია და ბოლოს, ყოველთვის ერთ აზრამდე მივდივართ, რომ რუსეთი კლავს! ფიზიკურად და მენტალურადაც, თუმცა ღმერთის იმედი და რწმენა, რომ გადავრჩებით, აუცილებელია.
- 9 აპრილს, ახალგაზრდები გავედით, ჯავშანტექნიკა მოდიოდა და ასფალტზე დავწექით. უცებ, ერთი ხანშიშესული ქალი გამოეყო მომიტინგეებს, გადაგვაბიჯა და დაახლოებით, ათი მეტრით გაგვცდა. შემდეგ თავადაც დაწვა და დაწოლილი მოგვიტრიალდა, მუშტი აღმართა: შვილებო, ნუ გეშინიათ, თუ რამეა, პირველი მე გადამიავლიან! - ძალიან მტკიცე ტონით შემოგვძახა... ამ სიტყვებზეც უბრწყინება თვალები და ახლაღა ვხვდები, რატომ მიმეორებდა მთელი ბავშვობა ხევისბერის სიტყვებს - „არ დაგავიწყდეს, ვისი გორისა ხარ“.
მამაჩემი ქართული „გორის“ კაცია, მე - მისი შვილი და არასოდეს მავიწყდება 26 მაისი, დამოუკიდებლობის დღე და ის, თუ რამხელა მსხვერპლი გაიღო ამ დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ქართველმა ხალხმა.

26 მაისს გილოცავთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები