ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2019


კონსტატაცია

მხოლოდ ახლა,
ახლა შევძელი  რომ დამენახა
ლილისფერი ჩემი თითები,
წყლით სავსე ლეში,
ჩაშავებული უპეები,
შუშის თვალები,
გრძელი შავი თმა,
გახლართული წყალმცენარეში
და წყლის ლივლივს აყოლილი
თეთრი კაბის ქვეშ
უსიცოცხლო ფეხთა სიშიშვლე.

აქ მოგუდულა სამყაროს ხმები

და ამიტომაც არ მესმოდა
თუ მეძახდნენ შენ აღარ ხარო,
რომ წამიერად შემევლო თვალი
ჩემი გვამისთვის.
იქნებ მომესწრო და
გადამემალა იმედებისგან.
მე კი ვერ მივხვდი,
რადგან მზისკენ მეჭირა თვალი,
მზე კი ხიდქვეშაც აღწევს მარტივად,
ძველი ფიცრების ღრიჭოებს შორის
და წყალშიც ატანს,
თუ ახლოს ხარ მის ზედაპირთან.

ამიტომაც ვცდებოდი ალბათ
და სულ მეგონა,
რომ ტრიალ მინდორში ამოსული
მარტოხის ტოტზე ,
გასანთლულ ყულფში თავგაყოფილის
ხროტინი იყო ჩემი ამბავი.

ხმას თუ ველოდი მწერებისას,
ქარის დასტურს,
ლპობის სურნელს...
ამიტომაც ვცდებოდი,
თორემ ვგრძნობდი, კი,
რომ აღარ ვიყავი,
მაგრამ როდიდან
ეს არ მახსოვდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები