ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წერტილი.
ჟანრი: პოეზია
27 ივნისი, 2019


და ისევ მარგალიტები...

ადამიანი ვერ ეტევა საკუთარ სხეულში
ჩვენ ზედმეტად დიდები ვართ საამისოდ
რომ მარტო ყოფნა შევძლოთ.

ვერავინ შეგეხება ისე ნაზად
როგორც ზაფხულის ღამის ნიავი.

ჩაისუნთქავ
ამოისუნთქავ
ეს ორი მარტივი სიტყვა
წარმოუდგენელ განცდებს იწვევს.

თავი ავწიე
ზევით ავიხედე
გიგანტებივით დგანან ხეები
ჩემი ფიქრების დარაჯებივით.

ჩვენ მუდმივად ერთმანეთს საკუთარ თავს ვუზიარებთ
რომელიც ვერა და ვერ ამოვწურეთ.

რამდენიც არ უნდა მოყვე შენზე
მაინც ვერავის ეცოდინები.

შენ გგონია ჩემი ღიმილის უკან
ჩემს ფიქრებს ხვდები.
ძალიან
ძალიან ცდები.

ჩემი განცდები ამოუხსნელი სამყაროებია
რომელშიც შენ კი არა
მე თვითონაც ვიკარგები.

მე შემიძლია
დაუნანებლად
დაუმალავად
ჩემი თავი ბოლომდე მოგცე
ბოლომდე გაგიზიარო
მაგრამ მაინც
ვერასდროს ვხდები \\\"შენი\\\".

გაცემის აღარ მეშინია და მუდმივად
უანგაროდ ვყრი
ჩემი სულის ყველაზე სუფთა ნაწილებს
მაგრამ მაინც
ვერ დავიცალე
ვერც შევიცვალე
ვერც დავრჩი იმად
რაც ვიყავი ერთი წუთის წინ.

შეშლილი წმინდანები ღამით
ისევ დაუყრიან  მარგალიტებს
ღორებსაც და ბავშვებსაც,
რადგან მზე ვართა და ნეხვთა
თანაბრად მიეფინება დილას,
წმინდანებმა ეს იციან,
შეშლილები კი ამას აკეთებენ.

სამყარომ ჩემში გაიარა
გამოიარა
და ასე დადის თავის ნებაზე
როცა მოესურვება,
რასაც უნდა იმას გაატარებს
გამოატარებს,
რადგან იცის რომ მე
ყველაფერს ვიღებ
მაგრამ არაფერს ვებღაუჭები.

შენ ვერ შეძლებ იმ სულის დამონებას
თავისუფლებას აღარც რომ ეძებს .

სიტყვების მიღმა
სახელების მიღმა
გავიჭედე,
უკან ის სამყაროა
სადაც ადამიანები ჯერ კიდევ ჭეშმარიტებას დაეძებენ
წინ კი ბურუსია
უსასრულო გაურკვევლობა.

აქედან ორივე ხედი კარგად მოჩანს
მომიჯექი.

მე შემიძლია ამ ხის ფესვები ვიყო და გავხმე
თუკი მომბეზრდება ვზომო მანძილები ხეებიდან ცამდე
ციდან ჩემამდე
ჩემიხან ხეებამდე.

ჩემმა სულმა ისევ
ღამის სიჩუმეში იმოგზაურა და
ისევ
ერთი ორად გაიზარდა.

ჩვენ ზედმეტად დიდები ვართ იმისთვის რომ
საკუთარი თავი დავიტიოთ.

ამიტომაც
ისევ ვერ დავეტიე საკუთარ თავში
და ისევ
ამოვისუნთქე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები