ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: პროზა
19 აპრილი, 2020


ბიბლიური ოდისეა - აკრძალული ქალი

სამი დღე იყო ერთი ფიქრი ტანჯავდა და გონებას ურევდა. სამი ღამე იყო რაც არ ეძინა და პირზე დორბლი ჩამოსდიოდა სურვილისგან აღტკინებულს. ექნა თუ არ ექნა? რა გამართლებას ნახავდა საკუთარ თავთან რომ ექნა? არადა დორბლი უკვე აღრჩობდა, აუცილებლად უნდა ექნა, აუცილებლად. გადაწყვიტა, რომ მოქმედება აჯობებდა. გათენებისთვის არც დაუცდია და წავიდა რათა აღესრულებინა, ერთხელ და სამუდამოდ. ეს ბრძოლები, მთელი ცხოვრების მანძილზე არ გახსენებია, მხოლოდ ერთხელ, როდესაც თავის საყვარელი ცოლი დაინახა სხვა კაცთან ერთად ბაღჩის ბოლოში. 

ყველაფერი იმ დღეს დაიწყო, ჩვეულებრივ დღეს. მან გადაწყვიტა თავისკლასელი გოგო, რომელსაც პირობითად ნინოს დავარქმევ, სახლამდე გამოეცილებინა. როდესაც ეს შესთავაზა, ნინო სულმთლად გაწითლდა, შუბლზე ოფლიანობაც კი შეატყო, მაგრამ ეს ძალიან ესაყვარლებოდა. ნინომ მსუბუქად დაუქნია თავი და გზას დაადგნენ.  არ იცოდა როტომ მაგრამ სულ მის გვერდით ყოფნა უნდოდა. თვითონ შავი იყო, ძალიან შავი, დედამისი მურთხს ეძახდა, ნინო კი თეთრი, აი გაწითლების მერე, უკვე გადასული მღელვარებისგან, სისხლჩაქცევებივით მაინც დარჩენოდა ლოყებზე სიწითლე, აქა-იქ კეხურა ვაშლის კოპლებისავით, ჩაკბეჩა უნდებოდა ხოლმე, მისი რბილი და თან თხელი ლოყების. თვითონ ხშირი, ძალიან ხუჭუჭა და ჩახვეული თმა ჰქონდა, არცერთხელ არ გადაუსვია თავზე ხელი ისე, რომ შეტყუპებული თმები არ შეხვედროდა და არ დაწიწკვნოდა, ამის გამო ბანაობა ეზიზღებოდა, რადგან იცოდა დედა უცილობლად დაუპირებდა დავარცხნას. მაგრამ შეხედეთ ნინოს, უნაკლოდ სწორ, წაბლისფერ, მსუბუქ თმას, ნიავის პატარა წამობერვაზეც რომ თრთის ხოლმე. თვითონ დიდი, მუქი შინდისფერი ტუჩები ჰქონდა, ნინოს კი თხელი და ვარდისფერი, თვითონ გაბუყნული დიდი ცხვირი ჰქონდა, ნინოს კი ისეთი პატარა, რომ ხანდახან ეშინოდა კიდეც, ფიქრობდა იქნებ ჰაერი არ ეყოს ამ პაწუა ცხვირსო. კიდევ ნინოს სწორი კბილები იზიდავდა, რომელიც თხელი ბაგის უკან მოუჩანდა, თეთრი  არ იყო და ზოგჯერ ყვითელი ნადებიც ეტყობოდა, მაგრამ ეს არ ადარდებდა, თავის დაგრეხილ კბილებთან შედარებით ეს კბილები ხელოვნების ნიმუში იყო, განსაკუთრებით ზედა, შუალა კბილები, მცირედ დაშორებულები ერთმანეთისგან, მათი დამსახურებით ნინო, ორი სამი წლის წინ, ყველაზე შორს იფურთხებოდა, ახლა უკვე დიდია, ცამეტი წლის და აბა რაღადროს მისი გადაფურთხებაა, თუმცა მას უნდოდა რომ კიდევ ენახა, თუნდაც მხოლოდ ერთხელ, მისი გახარებული სახე და ფართოდ გაღებული ბაგე, რომელსაც გადაფურთხების შეჯიბრში გამარჯვებისგან მოგვრილი სიხარული უხსნიდა ხოლმე, მაგრამ ეს დრო უკვე წარსულს იყო ჩაბარებული, ისინი დიდები არიან.

ასე იყო ფიქრებში გართული, მაგრამ უცბად შეშინდა, რა მალე გაუვლიათ ნახევარი გზა. იქნებ ჩანთის წაღება შესთავაზოს, მაგრამ იფიქრებს რომ სუსტად მიაჩნია, არა! იცის რომ ნინო ძალიან ძლიერია, იცის. ის ხომ ყველაზე კარგად სწავლობს კლასში, მას ხომ ყველაფერი შეუძლია, განცვიფრებული უყურებდა ხოლმე, როდესაც ერთი ამოცანის ამოხსნას ორ გვერდზე გადაანაწილებდა, ისე რომ ერთ ციფრსაც არ გადახაზავდა, ბოლოში კი ფერადი კალმით დაუწერდა პასუხს. ნინოს ყველაფერი შეუძლია, მაგრამ შეხედეთ მის თხელ მაჯებს, როგორ მოჩანს ლურჯი ვენები მაჯებივით თხელი კანის შიგნიდან. რეფლექსურად გააპარა ხელი და ჩანთას მოკიდა, სიხარულისგან ცას ეწია, როდესაც ნინომ გაუგო და ხელი ნელნელა თითქოს ყოყმანით გაუშვა ჩანთას, ბიჭის სიხარული კი ჩანთის წონასთან ერთად იზდრებოდა მის ხელებში შემდეგ კი როცა აღარ დაეტია, დიახ, მის მსხვილ დაკოჟრილ ხელებშიც კი არ დაეტია სიხარული და მთლიან ტანში გადანაწილდა. გვერდით მიყვებოდა და უხმოდ, მაგრამ წარმოდგეებში მის გარშემო დახტუნაობდა, როგორც ველურები ცეკვავენ ხოლმე ცეცხლის გარშემო, ცეცხლი ხომ მათი ღმერთია. ზოგჯერ მართლაც ველურად გრძნობდა ხოლმე თავს მის გვერდით. მოიცადეთ, მგონი რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ გადაიფიქრა, ვერ გაბედა, არ უნდოდა ეს სასიამოვნო სიჩუმის უხერხულობა დაერღვია, იქნებ სწორედ მასზე ფიქრობდა ნინო და რატომ უნდა შეეწყვეტინებინა.

ამასობაში ნინოს სახლთანაც მივიდნენ და ისევე უხმოდ გადააწოდა ნინ

ჩანთა, როგორც გამოართვა. აი მისი მამა ქუჩაში იჯდა. გაუგია ლოთიაო, ბრაზიანიო, მაგრამ რა ბედნიერია მთელი დღე რომ შეუძლია ნინოს უყუროს. აი ფეხზე წამოდგა, მათკენ მოდის. გამარჯობა უთხრას? ბატონოთი მიმართოს თუ ბიძიათი? უკვე ერთნაბიჯში იდგა, თავისი ტორი სახეში შემოჰკრა ნინოს და უყვირა, იმისთვის გაგზარდე რომ ამ ტურტყლიანთან იაროო? მან სახეზე მოიკიდა ხელი და უხმოდ შევარდა სახლში, ბიჭი კი გახევებული უყურებდა, პირველა იგრძნო ცხოვრებაში შუბლში სიმხურვალე და მუხლებში კანკალი. ნინოს, მამამ უკნიდან მიაძახა, დედაშენივით ბოზი გაიზრდებიო. კი, მას ახსოვდა რომ ნინოს დედა მეძავი იყო, დედამისმა უთხრა როდესაც შეამჩნია თუ როგორ დაუახლოვდა გოგოს. უცბად ეს ლოთი ყელში წვდა და უთხრა მეორედ აღარ დაგინახო ხმა გასცეო, თორემ სოფლიდან აგასახლებთ შენცა და დედაშენსაც, წუნკლიანებოო.

ასე არასდროს შეშინებია, გაიქცა და ცოტა მოშორებით ღობის კუთხეში, ხის უკან მიიმალა, სული რომ მოეთქვა. ფიქრობდა, ყველაფერზე ფიქრობდა, ნუთუ რა ეშველებოდა ნინოს გარეშე, არადა ვერ გასცემდა ხმას, მართლაც ხომ შეეძლო მამამისს გაეყარა სოფლიდან , ის ხომ უფროსი იყო ამ სოფელში. არადა ნინოზე სამი წლით დიდი იყო და სამჯერ ჩარჩა კლასში, სანამ მის კლასში არ მოხვდა და მან არ დაუწყო დახმარება სწავლაში, ახლა უკვე ხუთი წელია გვერდიგვერდ ზიან, როგორ არ უნდა დაელაპარაკოს, როგორ? ცხოვრებაში პირველად იგრძნო თუ როგორ უყვარდა ნინო, როგორ სჭრდებოდა ის და როგორ არ ჰქონდა მის ცხოვრებას ფასი ნინოს გარეშე, რაც უფრო დიდათ ეჩვენებოდა ნინოს მამის პიროვნება, მით უფრო მეტად დიდდებოდა სურვილი მისი ხელში ჩაგდებისა, ნინოს გვერდზე დგომისა.

ნეტავ, მაშინ თუ გაახსენდება ეს განცდები, როდესაც ოცი წლის მერე თავისი ქალიშვილის გვერდით დაინახავს უცნობ ახალგაზრდა ყმაწვილს.

სახლში დაზაფრული მივიდა. სახეზე ფერი არედო, უფროსწორად ნაცრისფერი ედო. დედას არ გამოჰპარვია ეს ამბავი და ჩაეკითხა კიდეც, მაგრამ ხმა არ ამოუღია. საერთოდ არ გავდა დედას, ამის გამო თითქოს გაურბოდა მას, ეშინოდა მისი, მასთან გაუცხოების . არადა აშკარა იყო ეს ყველაფერი, იმდენად აშკარა რომ ზოგჯერ ფიქრობდა, იყო კი მისი შვილი?! სად იყო მამამისი. დედას თუ დაუჯერებდით მამამისი ბერი იყო, წმინდანი ნამდვილად არ იყო მაგრამ თავის საქმეს აკეთებდაო, ასე ეუბნებოდა ხოლმე, ახლა არ ვიცი სადაა, რომ დაიბადე ცოტახანი წაიმუშავა, შემდეგ თქვა უნდა დავისვენოო, ტყისკენ წავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა, სახით ნამდვილად მას გავხარ და მიხრა-მოხრაც მისი მსგავსი გაქვს. სულ ასე უმეორებდა, დაზეპირებულივით, ზოგჯერ ეჭვობდა კიდეც, საერთოდ შეეძლო კი ამ ქალს დამოუკიდებლად აზროვნება? თითქოს წინასწარ დაწერილს მიყვებოდა, თავის ქცევას კი სულ დაუყოლებდა მამამ იცოდა ხოლმე ასეო. ახსოვს ერთხელ როგორ ეჩხუბა, კარგი რა დედა, მამა თხუთმეტი წლის წინ წავიდა და შენ კიდე ისე იქცევი როგორც მასთან ან მას ჩვეოდა ხოლმეო, ამაზეზენიაო. მაგრამ იცოდა რომ დედა მისთის მამაც იყო, დიდი ხანია ამას მიხვდა.

მეორე დღეს სკოლაში წავიდა. ფეხს ითრევდა, მაგრამ მაინც წავიდა. თავის ადგილზე დაჯდა და დაელოდა ნინოს, აინტერესებდა რა მოხდებოდა მის სხეულში ნინოს დანახვის შემდეგ, ეგონა რომ ახლებური გრძნობა იქნებოდა. ზუსტად იგივე როგორიც ადრე, მაგრამ ახლა ხომ უკვე იცოდა, რომ ეს სიყვარული იყო, გუშინ ხომ მთელი ღამე ამაზე იფიქრა. აი, მოდის. აი უღიმის, აი მიესალმა, თვითონაც მიესალმა. უცბად მეხივით დაეცა შიში, სიკვდილამდე შეეშინდა მისი, ან მისი მამის. გაიქცა. არ იცოდა სად გარბოდა, მაგრამ სულმოუთქმელად მირბოდა, უკან ვერ დაბრუნდებოდა, ეშინოდა. თავისი უძლურების ეშინოდა.
ნელ-ნელა ხვდებოდა, რომ სირბილს დიდხანს ვეღარ გააგრძელებდა და სადმე სული უნდა მოეთქვა. ის ის იყო დაჯდომა დააპირა რომ წინ მონასტერი დალანდა. მამამისი ბერი იყო, იცოდა ეს, ამის გამო ეზიზღებოდა მონასტრები. თუმცა ღამის გასათევი სჭირდებოდა, უკან კი ვერ დაბრუნდებოდა. შევიდა და პირველივე შემხვედრ ბერს, სთხოვა თუ შეიძლება ერთი ღამით დავრჩებიო. დასთანხმდენ და კელიაში მოათავსეს. 
სწორედ აქ გაატარა სამი დღე და ღამე ფიქრსა და ყოყმანში. მესამე საღამოს კი გადაწყვიტა, რომ ნინოს მამა მოეკლა, სხვა გზა არ იყო, ისე ვერასდროს ჩაიგდებდა ხელში სიყვარულს. როდესაც ეს სიტყვა გაუკრთა გონებაში, ინანა და ეცადა უკეთესი მოეფიქრებინა, რადგან ნინო საგანი არ იყო, რომ ხელში ჩაეგდო, თუმცა მამამისი ალბათ საგნა აღიქვამდა, საკუთრებად, ვერაფერი მოიფიქრა უკეთესი. უკვე ღამდებოდა, როცა ერთ ბერს უთხრა, უნდა წავიდეო, ისედაც ერთის მაგივრად სამი დღე დავრჩიო. ბერმა ეხვეწა ეს ერთი ღამეცო, მაგრამ მან ყური არ უგდო. მამაომ უთხრა ღამე გზაში მხეცი არ გადაგეყაროსო, არ დაგლიჯოსო, მაგრამ ის მაინც ჯიუტად იდგა თავის სიტყვაზე. რახან არ დაიშალა მღდელმა მონასტერში არსებული ლურსმებიდან ყველაზე დიდი მისცა, დანა სულ ერთი გვაქვს და ვერ გაგატან, თუ რამეა იქნებ ეს მაინც გამოგადგეს მხეცის მოსაგერიებლადო ჯვარი გადასახა ლურსმანს შემდეგ კი მას, და გამოუშვა. ის ისევ მირბოდა, უნდოდა გათენებამდე მიესწრო იცოდა ნინოს მამა გოგრის ბაღის საყარაულოდ ღამით მათი სახლის უკან მდებარე ქოხში დაიძინებდა. აქოშინებული მივიდა ქოხთან, შევარდა შიგნით და მძინარეს გულში ჩაარტყა ზუსტად ის ლურსმანი მამაომ რომ მისცა, გაიფიქრა მხეცი მოვკალიო. მხეცმა კი რამდენჯერმე ამოიხავლა, ხელფეხი გაიქნია და შემდეგ გაჩერდა. მან ლურსმანი ამოაძრო და იარაზე ხელი დაადო, აინტერესებდა კიდევ ცოცხალი ხომ არ იყო. არა, გული ნადვილად არ ფეთქავდა. ბევრი არ უფიქრია, გოგრის ბაღში გაათრია და იქვე ხის ძირში ჩამარხა, ძალიან ღრმად. გაახსენდა, როგორ ავიდა შარშნ ამ ხეზე, ნინოსთვის ნაყოფი რომ დაეკრიფა, შემდეგ ჩამოვარდა და ნეკნი გაიტეხა. მის ბედად იმ ღამით იწვიმა და ფოთლებიდან გადარეცხა ტალახი სისხლთან ერთად. ქოხი თავად დაალაგა და შემდეგ ტყეში გაიქცა, არავინ იცის იქ როგორ გადარჩა, როდესაც ჩამოვიდა თქვა რომ მამას ეძებდა და ვერ იპოვა. შემდეგ გაკვირვებულმა მოისმინა ნინოს მამის დაკარგვის ამბავი რომელსაც სამი დღე ეძებდნენ და ვერავინ მიაგნო, მისი სახლისკენ გაიქცა. ატირებულ ნინოს მოეხვი, შემდეგ კი ლოყაზე აკოცა. ასე ჩახუტებულები იჯდნენ დაღამებამდე.

******
ნინო მასთან გადავიდა საცხოვრებლად, დედამისმა იშვილა.
3 წელიწადში იქორწინეს.
5 წლის შემდეგ ვაჟი ეყოლათ.
7 წლის შემდეგ ქალიშვილი.
15 წლის შემდეგ მან სწორედ იმ ადგილას წაასწრო ნინოს, სადაც მისი მამა დაფლა. იქ ხომ ხე იდგა, სწორედ მის ძირში ღალატობდა ნინო. უცხო მამაკაცთან ერთად მიწაზე იწვა, ერთმანეთში ორი გველივით იხლართებოდნენ.
ის იმ წამსვე მოკვდა, როგორც კი ეს დაინახა, თუმცა ხმა არ ამოუღია, სახლში გაბრუნდა. სიკვდილისთვის ოფიციალური სახის მიცემა მას შემდეგ გადაწყვიტა, როდესაც ნინომ იმ ხის ნაყოფი მოუტანა, რომლის ძირშიც ღალატობდა, ამდენს ვეღარ გაუძლებდა, გამთენიისას იმავე ხეზე ჩამოიხრჩო თავი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები