ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წერტილი.
ჟანრი: პოეზია
10 მაისი, 2020


ტკივილი მკურნავს

შენს ჭრილობებს ვერავინ განკურნავს,
მაგრამ შეიძლება, გამოჩნდეს ვინმე, ვინც - მათ სხვა მნიშვნელობას მიანიჭებს.

ყველაზე დიდი ტკივილები კი,
ყველაზე დიდი ბედნიერებისკენ მიმავალი ბილიკია ყოველთვის.

ჩვენი ცხოვრება მანამდე იქნება ფრაგმენტებად დაქუცმაცებული,
სანამ ჩვენში ნაპოვნი ძალით -
სიყვარულის მკურნავი ძაფით არ გადავაბამთ ერთმანეთს ჩვენს დანაწევრებულ ნაწილაკებს.

რაც არასდროს დაშლილა, ვერასოდეს შეიქმნება...ვერასოდეს გარდაიქმნება...

ზოგჯერ უამრავ გზას მოვივლით,
იმის მისახვედრად,
რომ უბრალოდ - სიყვარულს ვეძებდით.
ზოგჯერ საუკუნეები გვჭირდება ამის აღიარებისთვის.

ჭრილობებს...
საკუთარ ჭრილობებს რა უჭირს,
ყველაზე მეტად ის ჭრილობა მტკივა
სხვებს რომ მივაყენე...

თავს ვერ გაიმართლებ იმით რომ ცუდად იყავი თურმე,
სხვისი სულის დასახიჩრებისთვის გტკივა ასე...

და როგორ არიან ადამიანები,
ვინც დაუნანებლად კლავენ და ჭრიან სხვების უდანაშაულო სულებს?
წარმოდგენაც არ მინდა...

სამყარო იმდენად სევდიანია,
რომ არ მიყვარდე,
ალბათ შევიშლებოდი..

მე შემიძლია დაუსრულებლად მტკიოდეს ის ჭრილობა
შენ რომ მოგაყენე,
და ჩემი ნებითვე არ ვაპირებ მის შეხორცებას,
და ვინც მეტყვის , რომ
ეს თვითგვემაა ან მაზოხიზმი -
მე ვუპასუხებდი , რომ
შენ შეგიძლია დაუსრულებლად იმართლო თავი,
მაგრამ ადამიანი იმიტომ ხარ
რომ საკუთარ ქმედებებზე აგო პასუხი,
თუკი გინდა საერთოდ ადამიანი იყო...

მახვილის ამღები, მახვილითვე განიგმირება.
უნდა თუ არა.
გრძნობს თუ არა.

მე უბრალოდ ვაღიარებ,
მეტი არაფერი .

იცი, ცოდვების ჩადენასაც ძალა უნდა,
და მხოლოდ მაშინ გაქვს უფლება შესცოდო,
თუკი შენს ცოდვაზე პასუხისმგებლობის აღებაც შეგიძლია.

სხვა შემთხვევაში ცოდვასაც ეკარგება აზრი..
ქვესკნელში იმიტომ უნდა ჩახვიდე,
რომ მერე თავისუფლად შეძლო ზეცაში ფრენა...

შემიძლია დაუსრულებლად ვიტირო იმის გამო,
დაუსრულებლად ვიჯიჯგნო საკუთარი ხელით,
ისედაც შეუხორცებელი ჭრილობები,
რომ ისეთი სიყვარულით ვერ შეგიყვარე,
როგორსაც ვისურვებდი.

და რაც უფრო მტკივა,
მით მეტად იზრდება ჩემში სიყვარულის უნარი.

მხოლოდ ეს მინდა,
იმდენად ძლიერი იყოს ჩემში სიყვარულის განცდა,
ვეღარ შევძლო გატკინო,
მეტი არაფერი...

ფეხებზე მკიდია, თუ სიტყვა მიყვარხარს ზედმეტად ბევრჯერ ვიყენებ , ტავტოლოგიის დედაც,
ლექსის ფორმისაც ,
მერამდენედ გითხრა,
რომ ეს ლექსი კი არა,
ჩემი სულის ამოყვირებაა მხოლოდ... და ეს 'ლექსიც' იქნებ უფრო მშვენიერი ყოფილიყო,
მხოლოდ მიყვარხარ- რომ მემეორებინა დაუსრულებლად...
.....

იმდენჯერ დავმარცხდი
რამდენჯერაც ჩემი თავი შევიცოდე,
რამდენადაც საკუთარ ჭრილობებს ველოლიავებოდი.

იმდენჯერ დავმარცხდი
რამდენჯერაც სხვისკენ გავიშვირე თითი.

იმდენჯერ, რამდენჯერაც დასამშვიდებლად სხვასთან გავიქეცი
რამდენჯერაც სხვა დავადანაშაულე.

ჩემო თავო,
იმდენს გჩიჩქნი,
სანამ სიყვარულს არ გასწავლი.
მეტი არაფერი.

შენ კი შეგიძლია იქამდე დაიბრმავო თვალები,
იქამდე აბრალო სხვებს შენი ტანჯვა,
სანამ სრულიად უმანკო სულს არ დაამახინჯებ,
რომ უკვე თვალები ვეღარ დახუჭო
- საკუთარ უსუსურობაზე.

და როცა ,
შენს გადახსნილ ვენებს,
დასერილ სახეს - დამანახებ ,
ისიც მითხარი
შენ რამდენ ადამიანს მიაყენე მაგით  უკურნებელი ჭრილობა, სულზე,
შენი კი ხორცდება უკვე...

მერამდენედ გითხრა,
შენი ჭრილობები ხორცისაა ,
ხორცის სიღრმეში ჩაძირულა და ყარს,
ვიღაცის კი სულისაა და დაუსრულებლად ყვირის.....

ვერასდროს შეძლებ იმ ცოდვების გამოსყიდვას,
იმ ადამიანებს რომ ტკენდი,
ვისაც უყვარდი.
ვისაც საკუთარ თავზე მეტად,
შენი ტკივილი ტკიოდათ.
ვინც შენს გადახსნილ ვენებს ახვევდა,
როცა თვითონ
სულიდან სდიოდა შეუჩერებლად სისხლი...

და ყოველთვის უნდა გახსოვდეს მეგობარო,
სანამ საკუთარ თავს ჭრი,
შენი დაუსრულებელი თვითმკვლელობით - სხვას უფრო მეტ ზიანს აყენებ,
ვიდრე შენს თავს...

ძლიერი ის არ არის
ვინც თავს იკატუნებს რომ კარგადაა,
მას შემდეგ,
რაც ვიღაცას თუნდაც შემთხვევით
ყველაზე ძვირფასი სხივი მოპარა,
თუნდაც ერთ წამს.

ვინ მოგცა უფლება,
რომ ადამიანს სიცოცხლის ის წამები წაართვა,
სამყარომ რომ აჩუქა?

ძლიერი ის არის,
ვისაც -
ის ხის ტოტიც ტკივა,
ფიქრებში გართულმა
შემთხვევით რომ დააბიჯა და უდროოდ გატეხა.

და სანამ ვიტყვით, რომ არაუშავს,
მანამდე არაფერი გვეშველება.

ჩვენ რომ ფხიზლები ვყოფილიყავით,
ვერასოდეს შევძლებდით სხვისთვის ტკივილის მიყენებას.

ძლიერი კი მხოლოდ ის შეიძლება იყოს,
ვინც ვეღარავის ტკენს და
მხოლოდ შენი ჭრილობებისთვის
ახალ მნიშვნელობას ქმნის -

მათი მნიშვნელობა კი ესაა,
მათ - შენ აქამდე მოგიყვანეს,
აქამდე,
სადაც დაუსრულებლად შეძლებ
ისე გიყვარდეს,
როგორც.... სიტყვებით ვერ აღგიწერ მეგობარო,
წარმოიდგინე....

ახლა კი აირჩიე,
თუკი გინდა თვალები დაიბრმავო,
ყოველთვის გამოჩნდებიან შენზე უბედურები,
რომლებიც შენზე მეტად ანადგურებენ სხვის სიცოცხლეს,
მაგრამ ნუ დაგავიწყებდა,
რომ ჩვენ
ჯერ კიდევ აქ ვართ
და ჯერ კიდევ ერთმანეთის ჭრილობებს ვკურნავთ...როცა საკუთარიდან სისხლი გვდის ისევ,
მაგრამ ნუ შეგვიცოდებ..
ტკივილი იქამდე გაგრძელდება,
სანამ ჩვენი არსების ყველა წერტილში - სიყვარულის სხივებს არ გადავხლართავთ,
ამიტომაც -
ჩემი ჭრილობებისთვის ნუ მიცოდებ მეგობარო,
როცა მე
იმ ჭრილობებისთვის მეცოდები,
სხვებს რომ მიაყენე....

8/05/2020

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები