ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: პროზა
29 ივნისი, 2020


ქრისტესისხლა (ლილე2020)

პაპაჩემი ვაზია, პაპაჩემი ვაზია, ვაზია ვაზი...
-ჩუმად ბავშვებო! ნუ ტირი, ნიკუშა და გთხოვ აღარ თქვა ეს. ხომ ხედავ, როგორ დაგცინიან?..
-მაგრამ ვაზია მასწავლებელო - უპასუხა ნიკუშამ  და თვალებზე აფარებული ხელების ზევიდან, წვიმასავით გადმოუვიდა ცრემლები.
მიწა და ცა გამწყრალები იყვნენ ერთმანეთზე. მიწა გამოხმა და გაილია. ცას, ბოლო ოფლის წვეთები ორი წლის წინ მოეწმინდა  და გადმოეყარა დედამიწაზე. არც იყალთოს მონასტრის კედელზე დამწვარი სანთელი აღარ შველოდა ამ საქმეს და არც - რჩეული თიკანისა თუ ბატკანის თავზე მომწვარი. ბოლო წვეთები, რაც მიწაში ჩავიდა, მლოცველების, მათ შორის პატარა ნიკუშას, გადატყავული მუხლებიდან გამონადენი სისხლი იყო.
-პაპი, - ეტყოდა ხოლმე  ნიკო პაპა, თავის მოსახელე შვილიშვილს, პატარა ნიკუშას  - ადამიანის ტვინს, რაც მეტს იგებს, მით მეტი ნაოჭი უჩნდება. წარმოიდგინე! რამდენი ეცოდინე ამას, - ამის თქმისას თვალები სულ უცრემლიანდებოდა და შემოჰხვევდა ხოლმე ხელებს, მისი ხელებივით დამსკდარ ვაზს, რომელსაც ქრისტესსისხლას, უფრო იშვიათად კი მატიანეს ეძახდა.
ნიკუშა გაოცებული უსმენდა, ყველაფერი ეუცნაუებოდა, ამიტომ ყველაფერი ამახსოვრდებოდა. უყვებოდა პაპა, როგორ მიქონდათ მეომრებს ვაზის რტოები ბრძოლაში, რათა სიკვდილის შემთვევაში, მათ განგმირულ სხეულზე ვაზს გაეგრძებინა სიცოხლე, გაეგრძელებინა მათი ხსოვნა, შეენახა მათი ცოდნა.
სოფელი იცლებოდა. გვალვისგან დამარცხებული ხალხი ქალაქში გადადიოდა საცხოვრებლად. ნიკუშას მშობლებმაც გადაწყვიტეს ქალაქში წასვლა. ამ უნაყოფო მიწაზე აღარ ედგომებოდათ. პაპასაც შესთავაზეს, მაგრამ ის უსიტყვედ ადგა და ბაღჩაში გავიდა ზურგზე ხელებდაწყობილი. თითქმის ორი კვირა უცადეს მის პასუხს, მაგრამ ის ხმას არ იღებდა, შემდეგ ისინიც წავიდნენ. ნიკუშას არასდროს დაავიწყდება, მანქანის უკანა ფანჯრიდან დანახული პაპა, რომელიც პირჯვარს წერდა მათ.
,,იყავთ ჯო, იყავთ“ - ბუტბუტებდა მარტო დარჩენილი ნიკო პაპა და აკანკალებული ხელით პირჯვარს წერდა ქალაქისკენ წასულ ოჯახს. როდესაც თვალს მოეფარნენ სახლში შებრუნდა.
წასვლის შემდეგ ხშირად  ფიქრობდა ნიკუშა პაპის დაკოჟრილ ხელებზე, მერე თავის პატარა, ვარდისფერ ხელებს დახედავდა და მონატრებისგან ატირდებოდა ხოლმე. აი, მამასაც ჰქონდა ცოტათი დახეთქილი ხელის მტევნები, მაგრამ იმდენად არა რამდენადაც  პაპას. ალბათ მისმა ხელებმა ნაკლები იცისო, ფიქრობდა ის.
ერთ საღამოს სოფელში გაგზავნილმა კურიერმა ამანათი უკან დააბრუნა და ნიკუშას მამას რაღაც უჩურჩულა. ნიკას რატომღაც მოუნდა რომ ეტირა, მაგრამ უკვე აღარ შეეძლო, მისი თვალები გაბრაზებული ცასავით გამშრალიყო. ლოგინში ჩააწვინა მამამ, უკვე ძილის დრო იყო, შუბლზე ხელი ზუსტად იგივენაირად გადაუსვა როგორც პაპა უსმევდა ხოლმე ქრისტესისხლას. მამა გავიდა. დარჩა ნიკა  ბნელ ოთახში და უკვე მერამდენედ გაიხსენდა, როგორ უვლიდა ხოლმე პაპა ვაზს,  თითქოს მისი ხელის ნახეთქები ვაზის კანის ნახეთქებს ზუსტად ემთქვეოდა და ავსებდა მათ, თითქოს პაპამისი და ქრისტესისხლა ერთმანეთის ნაწილები იყვნენ. პაპას ხელები ზუსტად ემთხვეოდა ვაზის კანს, იცოდა ნიკამ რომ ასე ლაპარაკობდნენ,  ასე უზიარებდნენ ხოლმე ცოდნას ერთმანეთს.
ოთახიდან გავიდა ნიკას მამა და სოფლიდან წამოღებული ღვინის ბოლო ბოთლი აიღო თაროდან, უკვე მტვერი დასდებოდა.
დადიოდა ნიკო პაპა დაცარიელებულ სოფელში. მხოლოდ მისი ფეხებიღა ურღვევდნენ სიმშვიდეს მტვრად ქცეულ მიწას. მიდიოდა ხოლმე ქრისტესისხლასთან და ესაუბრებოდა მას, უყურებდა როგორ ხმებოდა დღითიდღე. გრძნობდა, რომ მასთან ერთად იფერფლებოდა მისი სიცოცხლეც. ერთ დღესას მიტოვებულ ტაძარში წავიდა. ვაზის ქერქს ახსენებდა მისი კედლები. თავის საყვარელ კუთხეში მივიდა და დაიჩოქა. მუხლებმა სირბილე იგრძნეს, ცხვირმა კი გასრესილი ბალახის სურნელი. წამოდგა და მომაკვდავი ვაზისჯენ წავიდა, პატარაობაში მამამ უთხრა რომ შენი დაბადების დღეს დავრგეო. უკვე ღამდებოდა როდესაც ვაზის ძირში ხელები გადაიჭრა, მოეხვია მას და სული განუტევა. მეორე დღეს მოსულმა კურიერმა ნახა რომ ვაზს, თითქმის მთლიანად შეეწოვა ის, მხოლოდ მისი უსიცოცხლო თვალებიღა იყურებოდნენ ქერქიდან.

წლები გავიდა. გაზაფხული ერთ დილას, უკვე გაზრდილი ნიკოლოზი, დაცლილ იყალთოში პირველად დაბრუნდა. მანქანა თითქმის ჩამოშლილ ძველ სახლთან გააჩერა და ბაღჩისკენ მოკურცხლა, სადაც ერთ დროს ის და პაპა ერთად უვლიდნენ ხოლმე ვაზს. ქრისტესისხლამდე რამოდენიმე მეტრი იყო დარჩენილი, ის ჩაიკეცა, ათრთოლებული ხელები თვალებთან მიიტანა და ამდენი ხნის შემდეგ პირველად ატირდა, ცრემლები ღაპაღუპით, კოკისპირულად მოსდიოდა. ქრისტესისხლა, პაპას მემატიანე, ერთადერთი მცენარე იყო მთელს სოფელში რომელიც მწვანედ ბიბინებდა. ნიკოლოზმა ცაში აიხედა, მის ღაწვებზე ცრემლი და წვიმა ერეოდა ერთმანეთს. ემოციებისგან დაღლილს იქვე დაეძინა.
როცა გაეღვიძა ბინდდებოდა. მიწიდან-ცამდე ცისარტყელა გადაჭიმულიყო. მან ყველას გააგებინა ცისა და მიწის შერიგების ამბავი. სოფელი რამდენიმე თვეში ისევე ახმაურდა, როგორც მის ბავშვობაში იყო. აი, რთველის დროც მოვიდა და ყველა ერთად შეიკრიბა, რათა სოფელში მდგარი ერთადერთი ვაზიდან ყურძენი დაეკრიფათ. ნიკოლოზმა ღვინო დააყენა და ეკლესიას შესწირა საზიარებლად. ამდენი ხნის შემდეგ პირველად აჟღარუნდა ზარი სოფელში და სადღესასწაულო წირვაც გაიმართა. ზიარებისას ვერ გაიგო ნიკოლოზმა, ქრისტეს სისხლს იღებდა თუ პაპამისისას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები