ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
2 ივლისი, 2020


მარიამი, პრემიერ-მინისტრი და დედამიწა



ეს ამბავი  იმ წელს  მოხდა,  როცა ბულბულებმა,  იადონებმა,  ტოროლებმა, შაშვებმა,  ჩხართვებმა  და  სხვა მგალობელმა  ფრინველებმა  კაცობრიობას  გაფრთხილების ნიშნად  ერთდღიანი  ბოიკოტი  გამოუცხადეს და  გალობა შეწყვიტეს.  ადამიანებს  ეს არც კი შეუმჩნევიათ, ჩიტთა გალობისათვის არავის ეცალა.  დედამიწაზე  ქრისტესშობიდან  ორი ათას ოცდაერთი  წლის გაზაფხული  იდგა.  მსოფლიო  წინა წლის  პანდემიის  შედეგებს იშუშებდა.  ახალმა ვირუსმა,  კოვიდ 19-მა, რომელიც ჯერაც გაურკვეველი იყო ბუნებამ შექმნა  თუ  თვითონ ადამიანმა მოუვლინა საკუთარ თავს, უამრავი  სიცოცხლე შეიწირა.  პანდემიის დროს მსოფლიო პოლიტიკოსთა,  მასმედიის თუ უბრალო ადამიანების  ყურადღების ცენტრში  საქართველო იყო,  როგორც ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანა, რომელიც წარმატებით ებრძოდა ვირუსს.  ზაფხულში, როცა სხვადასხვა ქვეყნებში  შედარებით  მოიკლო დაავადებულთა რიცხვმა,  ტურისტების არნახული რაოდენობა ეწვია  ქვეყანას,  რათა უკეთ  გაცნობოდნენ  საქართველოს ისტორიას, წარსულს  და  აწმყოს,  მაგრამ ამჟამად მსოფლიოს ყურადღება სულ სხვა ფაქტს უკავშირდებოდა.  ტელეკამერების სამიზნე    თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ  იყალთო,    კონკრეტულად კი - იყალთოს  საბავშვო ბაღში  მიმდინარე მოვლენები  იყო.  სოფელი ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებით,  ხოლო  იყალთოს ახალგარემონტებული საბავშვო ბაღის ეზო  დაჯავშნული მანქანებით,  დამცავი  ჟილეტებით  და სუპერ თანამედროვე ავტომატური იარაღით აღჭურვილი  ჯარისკაცებითა და  პოლიციელებით  იყო  სავსე.    ქართულ  სატელევიზიო არხებს  სი-ენ-ენი, ბი-ბი-სი, ჟივ-ჟივი და  კიდევ  რამდენიმე უცხოური არხიც დამატებოდა. მსოფლიოს ყველა კუთხეში სხვადასხვა ენებზე მიდიოდა პირდაპირი რეპორტაჟები თუ ინტერნეტ  ლაივ ჩართვები.  მიზეზი ყოველივე ამ აურზაურის    იყალთოს საბავშვო ბაღის მესამე დამამთავრებელი ჯგუფის აღსაზრდელი  მარიამ  ასლამაზიშვილი იყო,  რომელსაც  საბავშვო ბაღის სასადილო ოთახში  მძევლები, ამავე ბაღის აღსაზრდელი და მარიამის ჯგუფელი,  დავით ბედიანაშვილი და აღმზრდელი და შეთავსებით მზარეული ციური გამეზარდია  აეყვანა,  კარი შიგნიდან ჩაეკეტა და ბომბის  აფეთქებით იმუქრებოდა.  ზემოთხსენებული  ბომბი  ოთახში შუა ადგილას ერთ  ჩვეულებრივ მაგიდაზე იდო,  რომელზედაც ბავშვები  ჩვეულებრივ  სადილობდნენ. ყუთი,  ჩვეულებრივ ქაღალდის  ყუთს ჰგავდა,  აი ისეთს,  სხვადასხვა  სუპერმარკეტები  სადღესასწაულო  ტორტების რომ ყიდიან,  ოღონდ იმ განსხვავებით  რომ    დიდი ასოებით  ოთხივე მხარეს    ტორტის  მაგივრად  ,,ბომბი“  ეწერა.  ყუთიდან ორი ფერის,  წითელი და ლურჯი სადენი გამოდიოდა და  ისინი  ხელში  მარიამს ეპყრა.    იქვე სკამზე ისხდნენ მძევლები და არაფერს არ ამბობდნენ, თუმცა დიდად  შეწუხებულებიც არ ჩანდნენ, ორივე მობილურ ტელეფონებში იყო ჩამძვრალი,  ერთი ფეისბუქზე პოსტების წერით  იყო დაკავებული, მეორე კი  რაღაც საიტიდან ახალი თამაშის  გადმოწერას ცდილობდა.   
ამ დღეს საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარე კახეთი მხოლოდ  იყალთოში  მიმდინარე  ამბების  გამო არ იყო ყურადღების ცენტრში. დიდი შეხვედრა იმართებოდა  ყვარელში, სადაც  ქვეყნის პირველი პირი,  პრემიერ-მინისტრი ლოპოტას ტბაზე,  ასე ვთქვათ ნეიტრალურ ტერიტორიაზე,  გურჯაანელ  და თელაველ მევენახეებთან  შეხვედრას მართავდა.  პრემიერის ეს ვიზიტი იმ დაძაბულობის განმუხტვას ემსახურებოდა,  რაც თელავსა და გურჯაანს შორის ბოლო დღეებში  წარმოიქმნა,  კერძოდ კი საქმე ეხებოდ მეტად მნიშვნელოვან საკითხის გადაწყვეტას,    თუ სად  შეიწვა პირველად  წალამზე მწვადი -  გურჯაანში  თუ თელავში.
მოგეხსენებათ,  რაოდენ მნიშვნელოვანია  ქართული სუფრისთვის  მწვადი. ალბათ გურმანებს მოგეხსენებათ,  როგორ განსხვავდება ტაფაზე შემწვარი მწვადი, მაყალზე შემწვარისაგან. მაყალზე დანთებული წალმის ნაკვერჩხალი კი  ბევრად  უფრო  აუმჯობესებს  მწვადის საგემოვნო თვისებებს.    ამ საკითხზედ, რა თქმა უნდა, ყველანი თანხმდებოდნენ,    პასუხგაუცემელი იყო ერთადერთი კითხვა:  სად გამოიყენეს პირველად წალამი,  როგორც მწვადის შესაწვავი განუმეორებელი მასალა, თელავში თუ გურჯაანში.
კამათი ისეთ სერიოზულ დაპირისპირების ფაზაში შევიდა,  რომ საჭირო გახდა საქმეში ჩაერიათ ქვეყანაში აკრედიტებული  უცხო ქვეყნის ელჩები.  უარი არავის უთქვამს,  რადგან ყველამ იცოდა, რომ მიუხედავად საბოლოო გადაწყვეტილებისა, შეხვედრა აუცილებლად დამთავრდებოდა ჩურჩხელისა  და თათარას  დეგუსტაციით, ამას მოყვებოდა ქართული სუფრა, თავისი ლაზათით  და წალამზე შემწვარი მწვადით და თან  ქართული არაჩვეულებრივი ღვინოების დაგემოვნება. ელჩები, ზოგადად, სანამ რომელიმე უცხო ქვეყანაში გაემგზავრებიან, წინასწარ ქვეყნის ისტორიას ეცნობიან.  მათ ძალიან კარგად  იცოდნენ,  რომ საქართველო ღვინის სამშობლოდ  იყო აღიარებული,  რადგან  არქეოლოგებმა, ყველაზე ძველი, რვა ათასი წლის წინანდელი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები აღმოაჩინეს, რომლებზედაც ღვინის შემადგენელი ნაწილები ნალექის სახით იყო აღბეჭდილი. სამწუხაროდ, იმ დროინდელი ღვინო აღარ შემორჩა,  მაგრამ  აბა, სად იქნებოდა ყველაზე  კარგი ღვინო, თუ არა ღვინის სამშობლოში. 
  ლოპოტას ტბაზე  შეხვედრის მონაწილეებმა    არაფერი იცოდნენ  იყალთოში მიმდინარე მოვლენების შესახებ,  რადგან მობილური ტელეფონები ყველას გამორთული ჰქონდათ -  პრემიერი  არ შევაწუხოთო.  თვითონ პრემიერს კი მობილურზე  ფუნქცია ,,არ შემაწუხოთ“  ჰქონდა დაყენებული.  იგი  სამფეხა სავარძელზე  იჯდა    ისე, რომ სავარძელს ერთი ფეხი გურჯაანისკენ ჰქონდა მოქცეული,  ერთი  თელავისკენ,  მესამე კი  მხოლოდ იმიტომ  ჰქონდა, რომ არ წაქცეულიყო.  შეხვედრას  ელჩების  და  მევენახეების გარდა  ორივე  რაიონის  ბიზნესმენები,  სახელოვანი  თამადები, კოლორიტები  და  მომღერლები ესწრებოდნენ, თუმცა ზოგიერთი მათგანი  ამ ოთხივე  საქმეს  ჯეროვნად  ითავისებდა.  პრემიერმა საუბრის დროს  კურდღელი გაიხსენა,  თელაველი მონადირეები რომ მისდევდნენ და  თელავისა და გურჯაანის  საზღვარზე  რომ გაჩერდა და  წინა თათები აწია,  იქეთ გურჯაანია,  გადამსვლელი არ ვარ,  მირჩევნია აქვე მომკლათო.  გურჯაანის  კოლორიტმა და განთქმულმა თამადამ,  ჯანგულ ქიბროწაშვილმა,  ისეთი  სერიოზული სახით  თქვა, -  ,,ესა  სულ თელაველების მოგონილი ამბავია, იტყუებიან  კაცო,  აბა როდი  იყო კურდღელი  ლაპარაკობდაო!“, -  რომ ყველა დამსწრეს  სიცილი წასკდადა  ერთმანეთს ასულიერებდნენ, მათ შორის ელჩებიც კი,  რომლებსაც,  როგორც აღმოჩნდა,  სინქრონული თარგმანის გარეშეც  კარგად ესმოდათ  ქართული.  სწორედ მაშინ მივიდა  ქვეყნის პირველ პირთან თანაშემწე და  ყურში  უჩურჩულა, უშიშროების მინისტრი  რეკავს იყალთოდანო.
- ისევ  მარიამი? - იკითხა  ფერწასულმა  ქვეყნის  პირველმა პირმა,  როცა  იყალთოს  ინციდენტის შესახებ მოახსენეს.  კიო,    თავი დაუკრა  უშიშროების მინისტრმა იყალთოდან.  კი მაგრამ, ახლა რა უნდა?  -  დასვა მეორე კითხვა  პრემიერმა.  საბავშვო ბაღშია ჩაკეტილი, თქვენთან სურს შეხვედრა, თორემ ბომბის აფეთქებით  იმუქრებაო, - იყო პასუხი.  პრემიერი  მიხვდა,  მისთვის ლოპოტას შეხვედრა დასრულებული იყო,  არადა    მთელი ღამე მუშაობდა ლობისტთა გუნდთან ერთად  მოხსენებაზე, რომლის  ძირითადი ნაწილი  გზავნილი იყო  საერთაშორისო  თანამეგობრებისკენ.  საკითხი წალამის გარდა, ოკუპაციასა და უკანონო  ბორდერიზაციასაც ეხებოდა და საერთო ჯამში  ისეთი ტექსტი ჰქონდა მომზადებული წასაკითხად, ელჩებს კი არა ქვას აუტირებდა გულს,  ქვას  რომ გული  ჰქონდეს,  -  რასაკვირველია.    თანაშემწეს უთხრა, ტექსტი შენ წაიკითხეო და თვითონ  კი, დელიკატური ღიმილით ბოდიში მოუხადა დამსწრე საზოგადოებას და  პერსონალური    ავტომობილისკენ წავიდა.
      მანქანიდან უშიშროების მინისტრს დაურეკა, ახალი  რა ხდებაო. 
- ჯერ სიმშვიდეა, ბატონო პრემიერო, თუ ამას სიმშვიდე  ქვია!
- ბომბი სად იშოვნა!
- არ ვიცით!
- მშობლები  და ბაღის ხელმძღვანელობა  გამოკითხეთ?!
- კი, ახლაც დაკითხვაზე არიან,  იმათაც არაფერი არ  ვიცითო!
- კარგი,  ვიცნობ მაგ ხალხს,  გაანებეთ თავი, არაფერი ავნოთ! თუ არაფერი იციან, ანუ არ იციან!  მძევლები რამდენი  ჰყავს?
- ორი,  ერთი თანაჯგუფელი, მეორე კი  აღმზრდელი!   
- ღმერთო,  რა დღეში ვართ!  ტელევიზიებმა გაიგეს უკვე?
- კი, პირველად ტელევიზიაში დაურეკია,  არ გინდათ ბომბის აფეთქება ნახოთო!  სი-ენ-ენზე და ყველა ქართულ არხზე ლაივი მიდის უწყვეტ რეჟიმში. 
- რაღაცას გვატყუებს,  საიდან ექნებოდა პატარა ბავშვს ბომბი?!
- სპეციალურმა დისტანციურმა ხელსაწყომ დაადასტურა  ყუთში  ენერგიის წყაროს და  მეტალის არსებობა,  ვერ ვარკვევთ  ბომბი ზუსტად რამდენი  კილოგრამი  ტროტილის ეკვივალენტია. 
- რა ტროტილი? ფიქრობ მაინც რას ამბობ?
- მე რა შუაში ვარ,  უცხოური აპარატურაა, ბატონო პრემიერო!
- და როდის შეიძლება ეს გაირკვეს.
- ან აფეთქების შემდეგ, ან მანამდე, თუ აფეთქება არ მოხდა!
- რა აფეთქება,  გაგიჟდით  თქვენ?!  დაგწყვიტავთ სუყველას! 
- რა ვქნათ, ბატონო პრემიერო, აქ მარიამი გვემუქრება, მანდედან თქვენ!
- არ გაბედოთ და ბავშვი არ შეაშინოთ,  ეს ამდენი ჯარისკაცები და ტექნიკა რა  საჭირო ოყო?!
- ვიფიქრეთ,  ვინმე მოკავშირეები  ხო არ ჰყავს-თქო. 
- რა მოკავშირეები, რომელი ტერორისტი მარიამი ნახეთ! 
- ჩვენ  ოპოზიციურ ტელევიზიებზე  რომ არაფერი ვთქვათ, სი-ენ-ენი და ბი-ბი-სი  ტერორისტებზე საუბრობენ  უკვე, ბატონო პრემიერო!
- კარგი,  კარგი,  მოვდივარ!
        მკითხველს სრული შთაბეჭდილება  რომ შეექმნას,  თუ რატომ იყო ასე მნიშვნელოვანი  მარიამ ასლამაზიშვილი,  მინდა ორიოდე სიტყვით მოგითხროთ  ამბები მისი არც თუ ისე დიდი  ბიოგრაფიიდან.  მარიამი ბათუმში  ზუსტად მარიამობა დღეს,  დილის  შვიდ საათსა და შვიდ წუთზე მოევლინა ამ ქვეყანას.    იყალთოდან  ბათუმში  დასასვენებლად  წასულ მის მშობლებს (დედა ბუღალტერი, მამა გეოგრაფიის მასწავლებელი) შვებულება უთავდებოდათ  და მშვიდად აპირებდნენ იყალთოში დაბრუნებას.  არავინ იცის, თუ რატომ ეჩქარებოდა მარიამს ამ ქვეყნის ხილვა,  არც მარიამმა  მათ შორის,  მაგრამ დილის ხუთ საათზე  ჯერ დედა  გააღვიძა - იმდენი ურტყა ხელებითაც და ფეხებითაც,  - დედიკო,  კარი გამიღეო.  ბავშვის ენა ანგელოზებმა იციან მხოლოდ,  მარიამის დედას ციფრების ენა უკეთ ესმოდა და  ვერაფერს მიხვდა და  ჯაჭვური რეაქციით  ქმარი  გაააღვიძა, ბავშვს აშკარად  რაღაცა სურსო. მამამ,  მეტად პატიოსანმა გეოგრაფიის მასწავლებელმა, რომელსაც  ორის  დაწერას დახვრეტის შიშითაც ვერ აიძულებდი,  ბლოკნოტს ჩახედა, სადაც მეუღლესთან ერთად  ზუსტად ჰქონდა ყველანაირი ხარჯთაღრიცხვა  დაბალანსებულ-გამოთვლილი  და  მარიამის დაბადების  შესაძლო  თარიღი, რომლის მიხედვით ახალშობილს სექტემბრის ბოლოს ელოდნენ    და  იქნებ და გეჩვენებაო,  მეუღლეს უთხრა. ცოლმა,  რა მეჩვენება,  აბა მუცელზე ხელი დამადეო.  დადება  ერთი იყო და მეორე  მომავალი  მამის შეშფოთებული, მკვირცხლი წამოხტომა, - ახლავე სამშობიაროში მივდივართო.  იქ  გაკვირვებულები იყვნენ,  ბავშვს ასე ეჩქარებოდეს  დაბადება  ჯერ  არ გვინახავსო და სასწრაფოდ დაიგეგმა ოპერაცია და  საკეისრო კვეთით ახალი სიცოცხლე მოევლინა სამყაროს მარიამის სახით.
    ჩვილ ბავშვს არაფერი არ ესმისო, ზოგი ამბობს.  მარიამს კი წყლიან ჭიქაში კოვზის წკარუნიც კი ესმოდა და აკრთობდა უკვე და ეჩვეოდა ხმაურიან სამყაროს.  ერთი კვირის მერე  ტაქსით ბრუნდებოდნენ  მშობლიურ  სოფელში. მამა წინა სავარძელზე იჯდა, მარიამი  სპეციალური  საბავშვო კალათით  დედასთან ერთად უკანა სავარძელზე იყო მოკალათებული.  ტაქსის მძღოლმა,  ვაო, რა მაგარიაო,  კი თქვა,  მაგრამ  დიდად არ ეპიტნავა ბავშვიანი მგზავრები.  გულში საკუთარ ბედს შეაკურთხა, ბავშვები სახლში არ მეყოფოდა,  მანქანითაც  რომ არ  ვატაროო.    სახლში მოწევას ცოლი უშლიდა  და  მანქანაში  მწეველებთან  ერთად  მგზავრობა უყვარდა. უამინე ახლა ამათო, გულში კი გაიფიქრა, მაგრამ არ შეუმჩნევია. ქუთაისს რომ მიუახლოვდნენ,  სულ ორი წუთით კაცი მყავს სანახავიო, - ითხოვა.  არადა მოშუადღევდა უკვე და  ქუთაისური თაკარა  მზე აჭერდა ქალაქს. მერე ტელეფონზე ვიღაცას ეუბნებოდა,  რაცხა თეატრივით  შენობასთან ვარო.  ქუთაისის  თეატრიაო,  -  მარიამის მამა დაეხმარა. გასცდნენ თეატრს,  იარეს საკმაო ხანს და რაღაც  ეკლესიასავით დგასო,  - ისევ  ტელეფონზე დაურეკა ვიღაცას.  მამას  ბრაზი ყელში ებჯინებოდა უკვე,  რადგან მარიამი სიცხემ შეაწუხა და  ატირდა - რაღაც  კი არა ბაგრატის ტაძარიაო, იქნებ  მალე გავაგრძელოთ გზა, ბავშვი შეწუხდაო, - მძღოლს უთხრა, გუნებაში კი გაიფიქრა, -  ჯერ სანამ რულს ისწავლიდი, ზრდილობა, გეოგრაფია და ისტორია გესწავლაო! მარიამმა იგრძნო მამის გაბრაზება თუ რა იყო,  ისე    მოუმატა ტირილს,  ტაძრის ზარებმა დაიწყეს რეკვა. დედამ ქმარს ჰკითხა,  ბავშვის მაუზერი სადა ჩავდეთო,    თან ბავშვის კალათიდან ამოყვანა და ხელში დარწევა გადაწყვიტა.  მამის  ერთმა ბათუმელმა ძმაკაცმა,  რა დროს ეს იყო, მაგრამ  სათამაშო პისტოლეტი აჩუქა მარიამს,  რომელიც ძალიან ჰგავდა ნამდვილ კოლტს, მეორემ  კი  წყლის დასალევი ბოთლი აჩუქა, რომელიც მაუზერს ჰგავდა  ფორმით. სწორედ იმ მაუზერზე ეკითხებოდა ცოლი ქმარს,  სად არისო.  კალათიდან  როცა ამოჰყავდა,  მარიამმა ორივე ფეხით მძღოლს, უნებურად  თუ განზრახ, ისე მიარტყა      კეფაში, იმან  კინაღამ საჭეს დაარტყა თავი და აღმართში მოსიარულე  კაცივით დატოვა წელში მოხრილი.  სასტუმროდან რომ გამოდიოდნენ,  ჩანთებში ადგილი არ იყო  და კინოებში რომ ჰქონდა ნანახი, ზუსტად ისე გაირჭო  მამამ  მარიამის პისტოლეტი ქამარში და მერე საერთოდ  გადაავიწყდა.    უკანა სავარძლისკენ რომ გადაიწია,  წყლიანი მაუზერის  მოსაძებნად,  მაშინ გამოუჩნდა  ქამარში გარჭობილი ვითომ კოლტი. მძღოლმა  რომ იარაღი დაუნახა,  -  აბა ამის შვილი  კარგს რა  გააკეთებდაო,  გაიფიქრა, -  მაინც რა ოჯახია, ჩვილ ბავშვსაც კი უკვე საკუთარი იარაღი აქვსო  და ვითომ არაფერი უგრძვნია, ისე შეირგო ის მარიამის მირტყმული თოთო  ფეხი.  ის  სულ დაავიწყდა  ვიღაცასთან რომ აპირებდა შეხვედრას,  ისე დაადგა აღმოსავლეთის გზას.  რიკოთზე რომ შეისვენეს ცოტა,  მარიამის    მშობლებმა მძღოლიც მიიპატიჟეს სახელდახელო  სუფრასთან,  თავი მოიკლა  ნაჭამი ვარ, მირჩევნია სიგარეტს მოვწევო.  შემდეგ  კიდევ  ორ სატახტო ქალაქს და  ისე ჩაუარეს,    კრინტი არ დაუძრავს და  რაც ეკლესია-მონასტერი შეხვდა გზაში, ყველას დანახვაზე  პირ-ჯვარს იწერდა, მშვიდობით დამაცილე ამ ხალხსო.  მშვიდობით ჩავიდნენ იყალთოში. სოფლის ცენტრში  ყველა ლოცავდა მარიამს. უკან  გზაზე მძღოლმა  ისევ გააჩერა  ბირჟასთან  მანქანა, წყალი დალია  და ახლა რომ ოჯახი მოვიყვანე, რა ხალხიაო, იკითხა. რაშია  საქმე, ჩვენო ძმაო, -  ბიჭებმა ჰკითხეს.  რაღა რაშია,  ჩვილმა ბავშვმა სულ ტყუპი  წიხლი მირტყა,  მამა კოლტით არის შეიარაღებული,  დედა კი მაუზერითო. იმ საღამოს  მთელმა კახეთმა იცოდა იყალთოში  მარიამის დაბადების და ტყუპი წიხლის ამბავი. 
გაიზარდა მარიამი.  ჩვეულებრივი ბავშვი იყო, არაფრით გამორჩეული, ოღონდ ბუნება უყვარდა ძალიან და ცოცხალი არსებები -  უბრალო ბალახით დაწყებული, კატის ჯერ კიდევ თვალაუხილავი კნუტებით გაგრძელებული.  მისი თანდასწრებით ყვავილის მოწყვეტას ვერ ბედავდა ვერავინ.  საბავშვო ბაღში დადიოდა უკვე, იყალთოში ახალ  გზას აშენებდნენ და  გზის გაფართოებითი სამუშაოები ტარდებოდა. იქვე საბავშვო ბაღის ეზოსთან ერთი რცხილის მოჭრას  აპირებდნენ. მთელი ბაღის აღსაზრდელები და აღმზრდელებიც  აიყოლია და ხეს შემოერტყნენ გარსს, აბა მოდით და ხელი  დააკარეთო.  ჯერ ინფრასტრუქტურის მინისტრის ჩამოსვლა გახდა საჭირო იყალთოში,  მერე პრემიერ-მინისტრიც  ჩამოვიდა,  რა  სათამაშოს არ დაპირდნენ,  ვერაფრით ვერ მოაშორეს ხეს  მარიამი.  მერე უფრო მაღალ თამასაზე ავიდა  შეთავაზებები,  ბაღს გავარემონტებთ და გათბობის ახალ  ტექნოლოგიებს დავამონტაჟებთო,  - პრემიერმა. მაინც უარი მიიღო.  მთავრობამ ნათქვამი სიტყვა უკან ვეღარ წაიღო,  საბავშვო ბაღიც გარემონტდა და  გათბობის ახალი სისტემაც დამონტაჟდა,  რომელიც  დაქუცმაცებულ წალმის ენერგიას  სითბოდ გარდაქმნიდა და  ხეც  გადარჩა, რომელსაც    მარიამის რცხილა შეარქვეს.  რამდენი  გაივლიდა    ხესთან,  ჩაეხუტებოდა მარიამი.  რცხილაც ისე ააშრიალებდა ფოთლებს, თითქოს უხარია  ბავშვის დანახვა და ესალმებაო და რამდენჯერმე  წვეთებიც კი დაეცა მარიამს, თითქოს სიხარულის ცრემლით ტირის  ხეო,  -  იფიქრებდი.
ახსენდებოდა ეს ყველაფერი პრემიერს  და ფიქრობდა,  მარიამი ისეთი ბავშვია,  არა მგონია რამე  ააფეთქოს,  მაგრამ ბავშვია მაინც. იქნებ რომელიმე ტერორისტულმა დაჯგუფებამ გადაიბირაო.  არაო,  გამორიცხულიაო! -  თავის თავს უბრაზდებოდა, - ეს როგორ გავიფიქრე,  მარიამის გადაბირება ნიშნავს მდინარეებმა უკუღმა დაიწყოს სვლაო.  მერე გაახსენდა,  მდინარე ორდანეს  სასწაული,  წელიწადში ერთხელ, წყალკურთხევისას  აღმა რომ იწყებს დინებას.  მაინც თავს იმშვიდებდა, მდინარეც კი შეიძლება აღმა დიოდეს, მარიამს კი  ცუდი საქმისთვის ვერავინ გადაიბირებსო.
იყალთოში ჩასული მაშინვე  ჟურნალისტების და  მიკროფონების ტყვეობაში აღმოჩნდა.  როგორ ფიქრობთ, ახლა თქვენთან სასაუბროდ მცალიაო, -  საკმაოდ უკმეხად ჩამოიცილა ისინი გზიდან. ერთი ოპოზიციური არხი უკვე გადმოსცემდა, აი ასეთი პრემიერი გვყავს,  ბავშვთან სასაუბროდ მიდის და ჟურნალისტებს არაფერს ეუბნებაო. შენობაში შესულს, სასადილოს კარი  დავით ბედიანაშვილმა გაუღო. ქალბატონმა ციურიმ  მარწყვის ახალგამზადებული კისელი ჩამოასხა ჭიქებში  და მოლაპარაკების მაგიდაზე დადო. პრემიერმა თავაზიანად გადაუხადა მადლობა და მაგიდას მიუჯდა.
- მარიამ, აბა როგორ  ხარ?  იმედია არაფრის აფეთქებას არ აპირებ?
- უკვე არ ვაპირებ, მაგრამ  ჩვენს საუბარს უნდა  ჟურნალისტები  და ტელევიზები  დაესწრონ!
პრემიერმა  უშიშროების მინისტრს  ანიშნა, შეუძლიათ ჟურნალისტები შემოვიდნენო.  იყალთოს საბავშვო ბაღის სასადილო ოთახს არასდროს ახსოვდა ამდენი ვიდეო კამერა. ძლივს დაეტივნენ.  მთელი მსოფლიო ინტერესით ადევნებდა თვალს,  თუ რა მოხდებოდა  იყალთოში.  მარიამმა კისელი მოსვა, თუმცა ეს არ იყო მღელვარების ნიშანი.  პრემიერმაც იგივე  გაიმეორა.  აი, ის კი ძალიან ღელავდა, თუმცა არ იმჩნევდა.
- აბა, მარიამ, გისმენ! - თქვა პრემიერმა.
- სიზმარი მინდა მოგიყვე, შენც და ყველას, ტელევიზებს და ჟურნალისტებს, ოღონდ იმიტომ არა, რომ მე მინდა,  იმიტომ რომ დედამიწას ასე უნდა!  თან კითხვა მაქვს,    შვებულებაში    გადიხარ?
- ეჰ, მარიამ,  სად მცალია შვებულებისთვის, მაგრამ ეს რა შუაშია?!
- ხოდა შენი ბრალია, საქმეს რომ  კარგად აკეთებდე, შვებულებისთვისაც მოიცლიდი. აი  დედიკო და მამიკო  წელიწადში ერთხელ შვებულებაში გადიან,  იმიტომ რომ თავის საქმეს კარგად აკეთებენ. ხოდა დედამიწამ დააშავა რამე? ისიც ხომ კარგად აკეთებს თავის საქმეს!  ზრუნავს ადამიანებზე! მასაც ხომ უნდა შვებულება?
- მარიამ, ჩემო კარგო, რის თქმა აპირებ და ვერ ვხვდები!
- ეს ამდენი კატაკლიზმები და გლობალური დათბობა  რისი  ბრალია?
      გლობალური დათბობა კიდევ ხო, ეს სიტყვა კატაკლიზმები საიდან გაიგოო, პრემიერმა  გაიფიქრა.  მარიამი კი აგრძელებდა.
- დაიღალა დედამიწა!  გუშინ  სიზმარში მეუბნება,  ყველას შვებულება აქვს, მე კი არავინ  მასვენებსო! სთხოვე ადამიანებს,  რომ მიიღონ რაიმე კანონ-პროექტი,  რომ წელიწადში ერთხელ ერთი თვით მეც დამასვენონო! 
- დედამიწა ალბათ იმასაც გეტყოდა, როგორ წარმოუდგენია დასვენება!
- კი, ესეც  მითხრა, ხო შეიძლება წელიწადში ერთხელ, ერთი თვით ფაბრიკა-ქარხნები შეჩერდეს,  მხოლოდ იმ საწარმოებმა იმუშავონ, იმ მანქანებმა იმოძრაონ, რომლებიც  დედამიწას და მის ატმოსფეროს არ ანაგვიანებენ. მაინც და მაინც რაიმე უბედურება უნდა დაატყდეს თავს კაცობრიობას, როგორც შარშანდელი პანდემიის დროს, რომ მიხვდნენ, დედამიწაც მისახედიაო?! 
- მერე?
- მერე მე ვუთხარი,  მე  მხოლოდ ჩვენს პრემიერს ვიცნობ,  და მას ვეტყვი-მეთქი!  ხო, მერე ეს ბომბის ამბავი მირჩია!
- ვინ,  მარიამ?
- დედამიწამ!  ჟურნალისტებს ერთი აფეთქება  უხსენე და ყველანი მოცვივდებიანო! მაგათ სენსაცია და ბომბები აინტერსებთ, სამაგიეროდ მთელი მსოფლიო გაიგებს, რაც მინდაო!
- ბატონო პრემიერო, ჰკითხეთ რა, ყუთში რა არის?  მართლა ბომბია?  -  ვერ მოითმინა ერთ -ერთი არხის  ჟურნალისტმა. მარიამი  პრემიერის კითხვას არ დალოდებია. 
- ტელევიზია  ჟივ-ჟივი?  სანამ გიპასუხებთ, მეც მაქვს თქვენთან  კითხვა,  იცოდით,  ორი დღის წინ ყველა ჩიტმა პროტესტის ნიშნად  დილით რომ არ იგალობა?
- არა, პირველად მესმის! -  თქვა  არხის წარმომადგენელმა.
- მეც არ ვიცოდი, დედამიწამ მითხრა! ბუნება ბრაზობს ადამიანებზე.  რაც შეეხება ბომბს, მართლა ბომბი კი არაა,    ტორტია,  იმედია ყველას გეყოფათ, კისელიც გვაქვს.
ესეც თქვენი უცხური აპარატურა და ეკვივალენტიო, პრემიერმა უშიშროების მინისტრს გადახედა. 
- და ეს სადენები?  -  ახლა  უკვე ბი-ბი-სის კორესპონდენტი დაინტერესდა.
- ეს ყუთის ასახდელია და თან მაშხალებიც ინთება,  დათუნამ დაამზადა, ტორტი კი ციური დეიდამ გამოაცხო,  ჩვენც ვეხმარებოდით. დედამიწას დავუცხვეთ,  თან  ყველამ ერთად  შეგვიძლიათ მივულოცოთ! დღეს დაბადების დღე აქვს...
...  მერე  მარიამმა სადენები  ერთმანეთს მიადო. მცირე ზომის ნაპერწკალი გაკრთა სადენებს შორის.  ,,ღმერთო  გვიშველეო’’ -  თქვა ვიღაცამ.  ერთ კორესპონდენტ გოგონას დაძაბულობისგან გული წაუვიდა. საბედნიეროდ  მალევე მოასულიერეს და კისელიც დაალევინეს.  ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა. ჯერ სახურავი აეხადა ყუთს,  თან ოთხი  სადღესასწაულო მაშხალა აენთო და ტორტი გამოჩნდა, რომელზეც  დედამიწის ორივე ნახევარსფერო ყველა კონტინენტის კონტურით ერთ დიდი გულში იყო ჩატეული,  გულის    ირგვლივ კი  დიდი ასოებით  ეწერა:  ჩვენო მშვენიერო დედამიწა, გილოცავთ დაბადების დღეს!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები