ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წერტილი.
ჟანრი: პოეზია
23 თებერვალი, 2021


გამოიხედე ჩემი თვალებიდან

გამოიხედე ჩემი თვალებიდან და
დაინახე სამყარო - ისეთი,
როგორიც 'არის'.
....

ჩემი ფილტვების გავლით ამოისუნთქე და ამოაყოლე შენს ამოსუნთქვას ყოველი ეჭვი,
ჩემი ყურების გავლით ისმინე
როგორ გვეჩურჩულება სამყარო ყოველ წამს და როგორ ცდილობს ჩვენს გამოღვიძებას,
როგორ დაიღალა...როგორ სტკივა ყოველი მიძინებული სული....
ჩემი თვალებიდან - გამოიხედე და დაინახე
სიცოცხლე, სადაც ყოველი წამი - მარადისობადაა ქცეული..

იმდენჯერ დავმარხე ადამიანის გარდაცვლილი სული -
სათვალავი ამერია.
მკვდარი სხეულის დამარხვას რაღა უნდა,
როცა შენს თვალწინ ჩაქვრა სულის სანუკვარი ნათება?!
....

საკუთარი ნებით ნაგვის ბუნკერში გადაყრილ სულებს
ისევ დავეძებდი შუაღამისას...
ისევ ავტირდი იასამნისფრად როცა ნაგვის ბუნკერში ათასობით გადაგდებული სული ვიპივნე - წერილით -
' ვინც იპოვნის მას, გთხოვთ ძალიან ღრმად ჩამარხეთ სადმე,
რომ არასოდეს დაუბრუნდეს პატრონს,
რომ აღარასოდეს 'მატკინოს' ნამდვილმა სიცოცხლემ....'

ადამიანს ჰგონია ცას გამოეკერება,
ბევრი დრო აქვს,
ამიტომაც
იმდენ უაზრობაში ხარჯავს სასაცილოც კია.

ზოგჯერ მთელი კაცობრიობის ნაცვლად ვგრძნობ სირცხვილს და
მთელი კაცობრიობის ნაცვლად ვითხოვ პატიებას,
რადგან ვიცით...
ვიცით და მაინც ვიქმნთ...

ზოგჯერ მგონია ქრისტე ერთი გულიბრყვილო კაცი იყო,
'იდიოტი' - დოსტოევსკისეული გაგებით,
რომელმაც -
მთელი კაცობრიობის ცოდვები კიარა
გრძნობები იტვირთა.

იცი, როცა ათასობით ადამიანი წიხლზე იკიდებს სიყვარულს,
მერე თუკი ამ გზას დაადგები
ათასობით ადამიანის ჩახშობილი გრძნობებით გიყვარს, გტკივა და
რაც მთავარია,
როცა მილიონობით ადამიანი ცოცხალმკვადრია,
თუ გამოღვიძების გზას დაადგები მე'გობარო,
ათიათასობით ადამიანის ნაცვლადაც მოგიწევს სიცოცხლე, სიფხიზლე, სიყვარული...

დაიტევ ამდენს?!
....

ზოგჯერ უბრალოდ იმიტომ მიგატოვებენ, რომ შენთან ნამდვილები ხდებიან და
ის ჭრილობები ეღვიძებათ,
საიდანაც მათში 'გადაგდებული' სული შემოაღწევს ხოლმე დროებით...

თუკი რეალობას თვალებს გაუსწორებ
მიხვდები რომ აქ 'დროს ვერ გაიყვან',
აქ დღეები აღარ გადიან სწრაფად
და სწრაფად კი არა, საერთოდ აღარ გადიან,
რადგან შენ აქ ხარ და
აქ ყოფნა მარადისობაა...სადღა წახვალ?...

ყოველი წამის მარადისობას დაიტევ?
ყოველი წამის - უკანასკნელ წამად აღქმას გაუძლებ?
ყოველ წამს შეძლებ - დაბადებას?
...

და თუკი წამს მარადისობად აქცევ,
როცა ტკივილი მოვა ვეღარსად გაიქცევი,
და ეს ტკივილი ნაკუწებად დაგფლეთს
შენ კი - ახლიდან უნდა მოკვდე და
ახლიდან უნდა იშვა.

მაგრამ მაინც,
ერთ წამს მაინც რომ გამოგეხედა ჩემი თვალებიდან,
ვეღარასოდეს გაიყვანდი დროს იმით,
რაშიც არაა სიყვარული,
რაშიც არ სუნთქავს ღ'მე'რთი
და ყოველ წამს , მხოლოდ ერთი კითხვა შეგაწუხებდა -
'ვიცოცხლე კი საკმარისად?
მიყვარდა კი საკმარისად?'
და ყოველ წამს ასე უპასუხებ -
'არა , არა ! უფრო მეტად !
უფრო მეტია საჭირო...'

ზოგჯერ ორივე ხელს მოვკიდებდი ხოლმე ადამიანს სახეზე ,
თვალებში ჩავხედავდი და
უსიტყვოდ ვუღიმოდი,
ვცდილობდი უბრალოდ ჩემი თვალების გავლით ეხილა არსებობა...
ხედავდნენ კი?...

ყველას ცხოვრებაში მოდის ერთხელ მაინც
ადამიანი,
ვისაც უბრალოდ ხელი უნდა ჩასჭიდო და
ბოლომდე გაყვე...აღარასოდეს გაუშვა...
ადამიანი, რომელიც - სიყვარულად გშობს...
ადამიანი, რომელიც სულის ძაფს ისვრის შენსკენ, რომელზეც
შენი სულის ძაფი უნდა გადააბა..და აყვავდე 'არსში'.

მაგრამ უმეტესობა, ასეთ ადამიანს ან საერთოდ არ იმჩნევს, ან
კილომეტრებზე გარბის მისგან შეშინებული, ემანდ ვინმემ არ გამოაფხიზლოს, ემანდ ვინმეს გამო - ნერვი არ შეუტოკდეს - გარობოტებულს და გაიმპოტენტებულს - სიყვარულში.
დიდი ხნის წინ დამარხული საკუთარი სული რომ არ ასტკივდეს...რომ არ გაცოცხლდეს...

რადგან გაცოცხლება მძიმეა და მტკივნეული...

ანდაც დროებით - ამოისუნთქავენ ამ ადამიანის გავლით,
სიცოცხლეს სიტკოებას მოპარავენ და მერე
კვლავ ბრუნდებიან
საკუთარი ხელით ნაჭედ კუბოებში.
სადაც დღეები უბრალოდ გადიან,
და სეზონებს ისე ცვლიან სხვა სეზონები,
ერთხელაც არ აიხედავენ ცაში.

სიცოცხლეშივე მკვდრები.
სიცოცხლეშივე - გახრწნილან.

სამყარო კი ისევ განაგრძობს ხან ჩურჩულს, ხანაც ტირილს.. და ამბობს -
'გამოიღვიძე შენ ჩემო შვილო, სანამ დრო არის, სანამ დრო არის...'

ქანქარა კი ისევ შენს თავზე ირწევა და
ნუ გეგონება მე'გობარო,
რომ შორია მისი მოახლოება..
...The Pit and the Pendulum...

სამყარო დღეს განწირული ქარის ხმით ყვიროდა,
მობეზრდა ჩვენი ფერება და
სასტიკად - გრგვინავდა მისი ხმა ცაში...

ღრუბლებში მისი სიტყვები ამოვიკითხე სისხლისფერ წითლად შეფერილი -
...გამოიღვიძე ან მოკვდი....

ზოგჯერ სიღრმე პირს დააღებს და
ყველაფერს შთანთქავს, რაშიც არაა 'არსი'....

სასაცილოა, 
ვიღაცისთვის ეს ყველაფერი
ეზოთერიული , თუ მეტაფიზიკური
ბოდვები რომაა და
ეგოს კმაყოფილება ბუდას პოზაში ჯდომა და
გასხივოსნებულობის ამოჩემება, ისე თითქოს ბანკის უფროსი უნდა გახდე.

სასაცილოა, რადგან გამოღვიძება -
სუნთქვის დაწყებაა,
სიცოცხლეა და შესაბამისად -
აუცილებელი რამ.

სასურველი კიარაა, ან როგორც ამბობენ იშვიათი გამონაკლისების -
გენიოსების და დიდი ადამიანების საქმიანობა კი არაა,
ყველასთვის საჭიროა , ვისაც სურს ადამიანად დარჩეს.

ჰო, ეს ერთეულების საქმე არაა,
არც ჰობია და არც ეგოს კმაყოფილება -
ესაა რეალობა -
....გამოიღვიძე
ან
მოკვდი....

აი ასეა...

....

გამოიხედე ჩემი თვალებიდან ერთხელ მაინც მე'გობარო,
და ვეღარასოდეს
ვეღარასოდეს ვეღარ შეძლებ დაძინებას !

...ანუ სიკვდილს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები