ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2021


სიზმარი

ნინო დარბაისელი

სიზმარი

არა მიწამდე, არამედ ცამდე
მიყვარხარ, არც ბრალს არ გდებ რამეში.
მაინც დავშორდით, თუმცა ვეცადე,
ვიდრე შემეძლო, არსად გამეშვი.

ვარ უშენობით პირთამდე სავსე,
რარიგ შორია  შენს შეხებამდე…
რა იქნებოდა, რომ იყოს ასე,
სიზმრად რომ გხედავ, შენც რომ მხედავდე.

კენტად ვიღვიძებ ყოველ ცისმარე,
სრულდება, რაიც დანაქადია.
უშენოდ ცხადი  - არის სიზმარი,
სიზმრად თუ მოხვალ უკვე - ცხადია.

ზოგჯერ სიზმარი დედებში შემრთავს,
შვილი ხარ ჩემი და რწევა-რწევით
უბით გატარებ, მტაცებენ შენს თავს
ვყვირი, მოგდევთ და ვეღარ გეწევით!

გამეღვიძება სასოწარკვეთილს
იმით,  რომ ბაგეს ხმა ვერ გადმოსცდა
და მერამდენედ ვსწავლობ გაკვეთილს,
რომ ჩავაბარო რაღაც გამოცდა.

რამ დამაძინა, რამ დამაწვინა,
რამ მომიყვანა ლანდთა ველებთან?
შენ დაგდიოდა ღვარებად წვიმა,
წვიმა, რომელიც არ გასველებდა.

თითქოს მკერდიდან დაგიგდე გული
მერე დამეგო ფეხქვეშ ბექი და
ვიდექი მარტო, ალმოდებული,
ცივი, ცისფერი ცეცხლი მეკიდა.

ძილში ვიხილე სამყაროს კიდე,
თითქოს არა ვარ, თანაც ვარსავით
და ჩემს სიზმრებში ბრუნდება კიბე,
კიბე, რომელიც ადის არსაით!

სცივათ პლანეტებს, უმატეს ხველას,
კრთის და კანკალებს მთელი სამყარო…
უნდა მასიზმრო კოშმარი ყველა,
თუ სიცოცხლესთან უნდა  გამყარო?

არა მიწამდე, არამედ ცამდე
მიყვარხარ, არც ბრალს არ გდებ რამეში.
მაინც დავშორდით, თუმცა ვეცადე,
ვიდრე შემეძლო, არსად გამეშვი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები