ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
11 იანვარი, 2022


სანამდე ძილი შუქს გამორთავდეს

მოდი, დავსხდეთ და გულახდილად ვილაპარაკოთ,
შენი მითხარი, მეც ჩემს ამბებს წვრილად გიამბობ.
დღე არის მშვიდი, განწყობა კი სააგარაკო,
იქნებ, ხალისმაც სულ ცოტა ხნით შემოგვიაროს...
არ გენატრება ერთად ყოფნის წლები, წუთები?
ყავის ჭიქიდან გზებმა გზა რომ მართლა მონახეს....
გიჟურ ოცნებებს გახსოვს ღამეს როგორ ვუთევდით,
კალენდარზე რომ ვაბრუნებდით დღეებს მონახევს....
ნოსტალგიაა ნამდვილობის ჩვენი შეხვედრაც,
როცა არავის ვთამაშობდით, ვგრძნობდით უთქმელად.
რომ არ გვესმოდა, რას ნიშნავდა -"მე არ მეხება",
სიყვარული რომ ტანზე გვეცვა ტანგაუხდელად...
მერე სიგრილემ გულთან ახლოს მოიკალათა,
შენი პრობლემა შენს დარდებად იქცა მხოლოდღა.
ჩვენი ქალაქიც გადაიქცა უცხო ქალაქად,
რომ მშობლიური ქუჩაც არსად წამოგვყოლოდა...
მგონი სათქმელიც აქ დამთავრდა, რადგან დავდუმდით,
მოგონებებმა თან წაგვიღეს სადღაც ორთავე.
და ეს შეხვედრაც წარმოსახვა იყო სასთუმლის,
სანამდე ძილი ჩემს ოთახში შუქს გამორთავდეს....
09.01.22

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები