ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
12 ოქტომბერი, 2022


ჩემი ლტოლვილი მეგობარი

ნინო დარბაისელი

ჩემი ლტოლვილი მეგობარი
           

მე თუ რამე მკლავს, ეს მეტისმეტი ზრდილობაა!
(აქ - თუ  ძალიან არ გაიცინებთ, მოწყალედ მაინც გამიღიმეთ)
ნეტავი და, სულ არ მეკითხა
ჩემი ლტოლვილი მეგობრისათვის, როგორა ხარ,
თქვენები როგორ არიან-მეთქი.

როგორა ვარ და  და აი,  ასეო:
გათხოვებით - არ გავთხოვილვარ,
რამდენიც ვინმეს მოვეწონე,
ეუბნებოდნენ,
კარგი გოგოა…მაგრამ, იცი? -  ლტოლვილიაო.
ლტოლვილი -  რატომ?
ფეხმძიმე იყო დედაჩემი,
ოცდაათისა ახლა ვსრულდები,
დაბადებით - აქ დავიბადე
და მეტრიკაშიც ასე -  თბილისი მიწერია,
მაგრამ მეტრიკას თან გადაშლილს ხომ არ ვატარებ,

აა, დედაჩემი?!
დედაჩემი  - ჩემი შვილია,
ორი წელია, რაც  ექიმებმა დემენცია დაუდგინეს და მე  მირჩიეს,
არ დაგავიწყდეს,
დედაშენი - ის პიროვნება აღარ არისო,
მოგიწევს ახალ ადამიანთან შეგუებაო.

ვის სად გავექცე!
ვეგუები.
ჩემი შვილია დედაჩემი,
ვბან,
ვასუფთავებ,
თმას ვუვარცხნი,
პაპერსებს ვუცვლი და ხელით ვაჭმევ,
ოღონდ მშიაო, მეორე წუთში გაიძახის,
ხან  კი წყალზეც პირს მიიბრუნებს.

დედაჩემი - ჩემი შვილია!
ხან დაიჟინებს, 
რას მეუბნებით,
რა  - ჭიბურხინჯი,
ეგ სიტყვა სულ არ გამიგიაო,
იქ არ მომკვდარა ფეხაუდგმელი ჩემი ბიჭი,
სხვა ქალებივით მეც სანიშნებლად დიდი ხის  ქვეშ არ დამიმარხავს,
არც  მიწვალია და დიდი ლოდი არ დამიდია,
ამ ცივ  ზამთარში მშიერ ნადირს სუნი არ ეცეს, მიწიდან თხრა არ დაუწყოს-მეთქი.
დიდი კაცია ჩემი ბიჭი,
მთავრობის კაცი,
ცოლშვილიანი,
დიდ სახლში ცხოვრობს და მანქანაც ემსახურება,
და ხომ არ იცი, რა ვაწყენინე, ჩემს სანახავად რომ არ მოდის
და არც ბავშვებს არ მაკარებსო?!

ჩემი შვილია დედაჩემი!
ხან -  სულ ცოტა ხნით,
ძველებურად,
ჭკვიანურად მოიკითხავს,
ერთი, ნახეო, ქვემო უჯრაში,
ბენდენაში გამოკრული მიწა მიდევსო,
აფხაზეთს ვინღა  დამანახებს,
იქაურია.
როცა დამმარხავთ,
გულზე პეშვით დამაყარეთო.

ჩემი შვილია დედაჩემი,
ასე თუ ისე, თავი გაგვაქვს,
თანდათანობით ხელში მელევა
და ალბათ მალე გამიქრება
და მე უშვილოდ გადავეგები.

ან ვიდრე შევძლებ,
მე ვიქნები ჩემივე  შვილი,
ჩემი დედაც მევე ვიქნები,
არ მეშინია.
მიწის ზემოთ ვის დატოვებენ!
შიშით კი იმას ეშინოდეს,
ვისაც ამქვეყნად სასახლე აქვს,
მაგრამ  იმქვეყნად  ერთი კენჭიც ვერ წაუღია.

აი, ასე ვარ,
მე - ლტოლვილი - სამშობლოშივე,
ჯერჯერობით კი მხნედ დავრჩები,
ვიდრე ასეა,
ჩემი შვილია - დედაჩემი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები