აღარაფერი აღარ დარჩა, მხოლოდ ვიდეო და რისი შეცვლაც შემიძლია, არის ხარისხი. არ მესმის შენი წარმოთქმული: ,,გაიღვიძეო”, არ მესმის შენი წარმოთქმული: ,,კიდევ დამისხი”.
გდია კამიუ, გდია პირი, გდია სარჩული და თეატრები აბსურდის და დიდი არცოდნის. მე ერთადერთი, როგორც ვცდილობ, შეგინარჩუნო, მაცვია შენთვის შენახული COMME DES GARCSON-ი
ყველაზე ცუდი, რასაც შევძლებ, მე გავიღვიძებ. იმ სიზმრებიდან, სადაც ვცადეთ და ვერ გადავრჩით. გადავცვლი ბევრჯერ გადაცვლილ და შეცვლილ სიფხიზლეს, სხვას ვეღარაფერს ვეღარ გეტყვი უკვე გადაჭრით.
არ დარჩი, გეძებ, სადაც არ გეძებ, მაგრამ არ დარჩი. არსად არცერთი წვეთი არ ხარ, აღარც მისხალი. და ვიქექები უიმედო ყოფის ნაცარში, მოგონებებში, სიყვარულში, შენ რომ მითხარი.
შენ რომ მითხარი, გაიღვიძე, მეშინიაო. და მეც ვიდექი, მარტოობის ღამის გუშაგი. ვუკრავდი შენთვის სიჩუმეში ფორტეპიანოს, შენ შემიფასე - არაუშავსო.
რაც მიცხოვრია, მოგონების ანაბარა ვარ. არსებობისთვის ბრძოლა გახდა სხვა დანარჩენი. თუ გადავრჩები, შენთან მოვალ, ქარის ქარავანს აღარ გავყვები. შენთან მოვალ, თუ გადავრჩები.
არ შემაშინებს ამინდების მკვეთრი არევა, და თუ მეორედ არ გამიღებ შენი სახლის კარს. აღარ შევხვდებით, ამას ხვდები გადასარევად, კაცი არ რჩება ქვეყანაზე, ვინც კი გამკიცხავს.
შენ არსაიდან მოიტანე ეს გაციება, მეც არსაიდან საფერავი და ჩურჩხელები. თუთიყუშივით ვცდილობ წინსვლას მხრებზე მივება, და ყოველ ჯერზე ვრჩები მხოლოდ გაწვდილ ხელებით.
ყველაზე რთული, რასაც შევძლებ, დაჯერებაა, რომ კიდევ შევხვდით, კიდევ ვნახეთ ჩვენ ერთმანეთი, და აღარც ვითვლი, მერამდენე გაჩერებაა, მიუღწეველი რომ დაგვირჩა იმ სვანეთამდე.
ულაპარაკო, წასაკითხი, ამოსაცნობი, განსახილველი სხვა სორიტის პარადოქსები. (სამხრეთის გზაზე გაიშალა დიდი საცობი) კორტასარია, გუშინ ღამე რომ ჩამოვხსენი.
სხვა ქვეყანაში, სხვა ქალაქში, სხვა ცხოვრებაში, იქ, სადაც არ ხარ, უკან დამდევს შენი აჩრდილი. და დაკარგული, გზას მივყვები სადღაც შუაში, სიგარეტივით შენს თითებში ვრჩები გაჩრილი.
სხვა არაფერი, სიცივეა. ხელებს გათოშილს, ვეღარაფერი ვეღარ ათბობს და ცივია მზეც. ყველაფერი კი ისე მორჩა, ტაროს ბანქოში რომ ვიმკითხავეთ, რომ ვიცოდით, რომ გავიაზრეთ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ავტორი ვინაა? ვერსად ვნახე ავტორი ვინაა? ვერსად ვნახე
4. 4-5 სტროფის მერე , რაღა დაგიმალოთ და , მეზარება ლექსების კითხვა :(
ჰოდა, ეს ლექსი ისე შემომეკითხა ბოლომდე, რომ ვერც კი მივხვდი :) ცოტა დაწმენდას კი მოიხდენდა, მაგრამ ასეც კარგია, კარგი.
4-5 სტროფის მერე , რაღა დაგიმალოთ და , მეზარება ლექსების კითხვა :(
ჰოდა, ეს ლექსი ისე შემომეკითხა ბოლომდე, რომ ვერც კი მივხვდი :) ცოტა დაწმენდას კი მოიხდენდა, მაგრამ ასეც კარგია, კარგი.
3. საინტერესო ავტორი ხართ! არაერთი ძალიან ლამაზი მიგნებაა. ერთი ლექსი და, ვფიქრობ, „ჩვეულებრივი წევრი“ თქვენი სტატუსი არ იქნება... 5 საინტერესო ავტორი ხართ! არაერთი ძალიან ლამაზი მიგნებაა. ერთი ლექსი და, ვფიქრობ, „ჩვეულებრივი წევრი“ თქვენი სტატუსი არ იქნება... 5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|