ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხათუნა777
ჟანრი: პოეზია
31 აგვისტო, 2023


* * *

მშვიდ ლექსებს მშვიდი ქალები წერენ.
თაფლივით ტკბილი ცოლები და სატრფოები,
რძეში ჩამბალი ორცხობილის მსუყე ლუკმები,
უსაკეტურო თბილი,
ნოტიო მღვიმეები,
ახდენილი და
წყლისთვის არმოსაყოლი სიზმრები.
ქალები თეთრი ხელებით
და თეთრი სინამდვილით-
ნაფტალინმოყრილ  მორჩილებას
დაზავებული სამშვენისები.

მათ ვერაფერს ვნებს შეშლილი ღამის დამცინავი  მზერა,
ხარხარი.
არც მთვარეულის სიჯიუტით ძილღვიძილობენ
თვალის  ბუდეებიდან ამოჩიჩქნილი გუგებით ხელში,
რათა
ტერფებქვეშ ყინულის მტვრევის ხმაზე იცეკვონ  კიზომბა
საკუთარ ლანდთან.

და მაინც,
ჩუმად თუ ხმამაღლა,
გაბედულად,
უხერხულად
თუ დანანებით,
ათასში ერთხელ მაინც
უნდა ითქვას, რომ
მშვიდ პოეტ  ქალებს,
ასე ნუგბარ,
ღიმგადაკრულ
და ბედნიერ,
მშვიდ პოეტ ქალებს,
არამშვიდი,
არაპოეტი,
მაგრამ მათზე მზრუნველი
კაცები  ქმნიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები