ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2009


შთაგონებისა


/სამკეცი  სონეტი-მონოლოგი/


რაღაც  ჩემ  თავს  არა  ვგავარ
ამ  ბოლო  დროს,  თავად  ვხვდები...
რაღაც  უცნაურად  დავალ,
რაღაც  უცნაურად  ვთვრები...

ღამე  ძილი  აღარა  მაქვს,
ყოველ  დილას  ლექსით  ვხვდები...
მძღვნიან  ხილვებს  უფრო  თამამს
ჩემი  ზვარ-ბაღ- ველ-მინდვრები...

მძღვნიან  ჰანგებს  უცხოდ  ლამაზს
სიჩუმეც  და  ქარის  ფრთებიც...
დარებს  მპირდებიან  მრავალს
ჩემი  ბედის  ამინდები...
ასე  ვიყო,  როგორცა  ვარ,
ასე  აგიყვავილდები!..

ამ  სოფლიდან,  ვგრძნობ,  ვერც  წავალ,
სანამ  სულ  არ  ავინთები!..
-  სხვანაირად  მომესალმა 
ჟამი  უცხო  გარინდების...

სხვანაირი  ალი  მბუგავს,
სხვანაირი  ცეცხლით  ვთბები...
სხვანაირი  სიცხით  მბორგავს
სხვანაირი  მესმის  ხმები...

სხვანაირი  ცრემლი  მნამავს...
სხვანაირი  მესხმის  ფრთები...
სხვანაირი  ზეცის  თავანს
სხვანაირი ვეხიზნები...
სხვანაირი  შხამი  მშხამავს...
სხვანაირი  მესიზმრები... 

სხვანაირი  სენი  მომსრავს...
სხვანაირად  გიწყნარდები...
სხვანაირი  ხელი  მმოძღვრავს  -
სხვანაირად  ვიწვართები...

გულო  -  მალავ  უფრო  მთავარს!.. 
-  რაღაც  სხვანაირად  კრთები!.. 
სადღაც  უცხო  ცად  მივყავარ
ფათქუნს  სიზმარ-ცხადის  ფრთების!..

თუმც,  რამ  უნდა  გამაოცოს
კიდევ,  სანამ  დავმიწდები?!.
-  ჩემთვის  მობრიალე  კოცონს
როცა  ხელით  ლამის  ვწვდები?!.
რაღაც  უცნაურად  ვცოცხლობ...
რაღაც  უცნაურად  ვკვდები...

10.  1986  წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები