ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯვაროსანი
ჟანრი: პოეზია
4 ივლისი, 2010


ვზივარ მარტოდ და მოწყენილი მდუმარებისგან
მთვარე ანათებს თუ მზე იწვის მხურვალებისგან
არ არის წამი, როცა შვებას შეიგრძნობს სული
დავდივარ მარტოდ, ვფიქრობ მარტოდ, მარტოდ ძგერს გული.

როცა გხედავდი, გიყურებდი, მზე იყავ ჩემთვის
და ახლა შენზე ფიქრიც დროის დინებას ერთვის
დროის დინებას ერთვის ერთი ფიქრი მზარავიც
რომ დავრჩი მარტოდ, ხმის გამცემი არ მყავს არავინ.

აჩრდილად ვიქეც, უცხო გავხდი ადამის ძისგან
სინათლე თვალს მჭრის, შეშლილივით გავრბივარ მზისგან
რამდენი ხანი ვნატრობ ვიგრძნო წყალობა ცისა
მზის მცხუნვარება, უღრუბლო ცა, სინათლე დღისა.

როცა ქარი ქრის, ფოთლებს არხევს და ხეებს ათრთობს
თუნდაც ზამთარში, როცა ვხედავ გზებზე რომ დათოვს
ქარიშხალია, სეტყვაა თუ სხვა რამ სტიქია
დღენი უჩინო მიყოლებით უკვლოდ მიქრიან.

კვლავ მინდა ვიგრძნო სითბო შენი მცხუნვარე მზისა
შენს ერთ შეხედვას მე შევრაცხავ წყალობად ცისა
მაგრამ სადა ხარ, ვერა გხედავ, არსაით სჩანხარ
მინდა გითხრა, რომ ჩემი სუნთქვა და სულის ხსნა ხარ.

... ამ ახალ დღესაც ისევ მარტოდ ვიგრძენი თავი
ბედი დამცინის, ხიდან თავზე დამჩხავის ყვავი
სული ატირდა კენტად ყოფნით მობეზრებული
შენს მოლოდინში ტკივილით და ტანჯვით ძგერს გული.

მე უტყვად დავრჩი ამ ქვეყანას - მარტოდ, მდუმარედ
ვეღარ გამათბობს სხივი მწველი მზისა მცხუნვარე
აღარ მოველი ზეცისაგან წყალობას ბედის
წამართვა ქარმა, მოიტაცა ჩემი იმედი.

... და როცა დროს, ჟამს შეაჩერებს, შეარყევს სული
მთვარიან ღამეს აინთება ვარსკვლავად კენტად
თან გამოჰყვება ერთი ნატვრა, ფიქრი მალული
იქ მაინც გნახო ანთებული ვარსკვლავი ზეცად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები