ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარტოსული ზორო
ჟანრი: პროზა
10 იანვარი, 2013


ჩვენი ცხოვრების ოთხი ეპიზოდი (ეპიზოდი სამი)

ჩვენი ცხოვრების ოთხი ეპიზოდი
ეპიზოდი სამი

  ყველა ადამიანის ცხოვრებაში ალბათ არის მომენტი როდესაც საშინლად იზიდავს მისტიკა. მისტიკურად იზიდავს...
და ჩემო მეგობრებო (მკითხველო) იდგა მწუხრი, ვისთვის მორიგი ქარიანი დღე ვისთვის უსასოობის განცდა. მივარღვევდი ქარისგან ჩამოყრილ ყვითელ ფოთოლთა ოკეანეს. ფოთლები ჭადრის იყო. თითქმის სულ შიშველი ჭადრის ხეები ჩამომყურებდნენ ზემოდან და უფრო ზემოთ ჩამოუფარებელი ფარდის ფანჯრიდან (ასე დავარქვი და შემინდეთ) მოდიოდა შუქი, რომელიც არღვევდა (რა თქმა უნდა) ჭადრის შიშველ ტოტებს და მეღვრებოდა მე.
  ერთი, ორი, სამი,...ოცდაორი,
რა ზუსტად ემთხვევა ჭადრების რაოდენობა...
ოცდაორი, ოცდაერთი,..., ერთი,
და ა.შ.
არ მიყვარს ქარი, საშინლად არ მიყვარს. არაფერი დაუჯეროთ ქარს. ის ხომ ყველა გრძნობას უსულგულოდ გტაცებს და სულში სიცარიელეს გიტოვებს. თავად კი მიდის ამ გრძნობებით დატვირთული, მიქრის და მიუხარია, იმისთვის რომ სხვას დაეტაკოს, მიუტანოს ეს გრძნობები და მერე ისევ წაართვას...
  დავაბიჯებდი ასე ქარში და ვუყურებდი ჩამოუფარებელ ფარდის ფანჯარას , სადაც ალბათ იყო სითბო, სიმყუდროვე, სიმშვიდე და...სიყვარული. უჩემოდ სიყვარული...
  „მეორედ აღარ დაგაკავებ!“-გულში ვიმეორებდი მის სიტყვებს
და საპასუხოდ განაჩენივით გუგუნებდა ყურში ერთადერთი სიტყვა: „დასასრული!“
მან შემინდო ყველა ჩემი ცოდვა,
მე ის სამუდამოდ დავკარგე.
გინახავთ მიყრუებული სოფლის კლუბი, ცარიელი დარბაზით და ჩაბნელებული, უჟმური სცენით. იქ არავინ დადის, ათასში ერთხელ თუ გაახსენდებათ და დადგამენ რამე ღონისძიებას. მაშინ დარბაზი ივსება და სცენაც დროებით ნათდება, მერე ისევ ჩამუქდება. არ გინახავთ? ჩემს სოფელში სწორედ ასე იყო, სინათლე კანტიკუნტად , მაგრამ მაინც ინთებოდა სცენაზე, ახლა სულ ჩაბნელებულია.
ოჰ, რა შუაში იყო ახლა ეს?
წელს ისეთი ნაყოფიერი იყო შემოდგომა, როგორც არასდროს.
მაგრამ ყველაფერს ჯობია შევეშვა მინიშნებებს და დავამთავრო მესამე ეპიზოდი. იქ, ზემოთ ხომ შუქიც ჩაქრა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები