ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარტოსული ზორო
ჟანრი: პროზა
11 ივნისი, 2013


ჩემი მეგობარი ზ

      იყო და არა იყო რა!
      თუმცა მე ახლა ზღაპრის მოყოლას არ ვაპირებ. მინდა ჩემს მეგობარზე გიამბოთ. ახლაც ხელში მიჭირავს მისი ბოლო წერილი, რომელიც  მომწერა. ტექსტი მშრალია და თითქოს  ბევრს არაფერს გვეუბნება:
„ შენ ზუსტად ისე მოიქცევი, როგორც საჭიროა.
მარად შენი მეგობარი
                                            ზ“
ზღვისპირა ქალაქი.სასტუმრო H.  X ქუჩა. Y ნომერი.
01. 08 . 2xxx წელი.

      ეს ამბავი კი, რომელიც მინდა გიამბოთ ამ წერილის მიღებამდე  ზუსტად ერთი თვით ადრე დაიწყო.
      ორ ივლისს, დილით ზ-ს დამ დამირეკა შენთან ხომ არააო? იმ ღამეს სახლში არ მისულა, მობილური ტელეფონიც გამორთული ქონდა. ზ წინა დღით ჩემთან იყო . ძველი ვალი დამიბრუნა და თან ბოდიში მომიხადა ცოტა დამიგვიანდაო, მერე ღიმილით დაამატა ეს ჩემი ბოლო ვალია, ბოლო საქმიდან საკმაოდ კარგი თანხა ავიღე და ცოტას ამოვისუნთქავო. არ უთქვამს სად მიდიოდა. ვერც ვიფიქრებდი, რომ იმ დღეს ბოლოჯერ ვნახავდი. ზ პირველ ივლისს დაიკარგა და ორ აგვისტოს, როდესაც ზღვისპირა ქალაქში ჩავედი მაშინღა ვიპოვე.
    შემდეგ როდესაც ყველაფერი ასე თუ ისე დალაგდა ნელ-ნელა გავიგე მის მიერ ერთი თვის განმავლობაში განვლილი გზა.
  ზ-მ ზღვისპირა ქალაქში პირველი ივლისს ღამით ჩავიდა და სასტუმრო H-ში დაბინავდა. პატარა, მოკრძალებული ნომერი აიღო. სასტუმროს მეპატრონეს წინასწარ შეუთანხმდა, რომ იქ ზუსტად ოცდათხუთმეტი დღით გაჩერდებოდა და თანხაც წინასწარ გადაიხადა. ზ მეორე დილით კაფე C-ში გამოჩნდა. მეორე სართულზე N ნომერი მაგიდა დაიკავა და ამის შემდეგ ყოველ დღე სწორედ ამ ადგილზე ჯდებოდა. შეუკვეთავდა ერთ ჭიქა ალუბლის წვენს ან ჩაის თუ წვიმიანი დღე იყო და საუზმეს. დაახლოებით ერთ საათს დაყოფდა კაფეში და შემდეგ გარეთ გადიოდა. სასტუმროში ის ყოველთვის გვიან ღამით ბრუნდებოდა. დღის განმავლობაში ის არაერთხელ შეამჩნიეს ზღვის პირა ქალაქის ბულვარში მოსეირნე. ღამის კლუბებში არასდროს უცეკვია. ყოველ შემთხვევაში თვითმხილველებს ის მოცეკვავე არ უნახავთ. იჯდა ხოლმე ბართან ან მაგიდასთან, ძირითადად ვისკის სვამდა. რამდენიმე გოგონაც ვიპოვე ვისაც ჩემს მეგობართან საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონია. მათი თქმით, ის ყოველთვის თავშეკავებულად იქცეოდა.
      თეო იმ მიმტან გოგონას ერქვა ვინც ამ ერთი თვის განმავლობაში, ჩემი აზრით ყველაზე კარგად იცნობდა ზ-ს. ერთ დილას, როდესაც თეომ ჩვეულებისამებრ კლიენტს მოთხოვნილი შეკვეთა მიუტანა მისი მორიდებული ხმა მოესმა:
-თეო თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს. არ ვიცი, შეიძლება არც შემისრულოთ-ბიჭმა უხერხულად გაიღიმა. თეოს არ გაკვირვებია სახელით, რომ მიმართეს, გულთან დამაგრებულ პატარა დაფაზე ხომ მისი სახელი გარკვევით ეწერა.
-გისმენთ-უპასუხა მან.
-მესამე დღეა ამ კაფეში დავდივარ და ვფიქრობ ყოველ დღე აქ ვივლი და იქნებ მხოლოდ თქვენ შეასრულოთ ხოლმე ჩემი შეკვეთა?
-მე?-ცოტა დაიბნა გოგონა, ასეთი რამ მისთვის აქამდე არავის უთქვამს.
-დიახ მხოლოდ თქვენ, თუ არ გეწყინებათ რა თქმა უნდა.
-კარგით-უპასუხა თეომ-საწყენი არაფერია-და მაგიდას სახეაჭარხლებული გაეცალა.
თეო იმ დროს ოცი წლის სტუდენტი იყო, ჩემი მეგობარი კი მესამე ათეულ წელს ამრგვალებდა. მართალი უნდა ვთქვა, გოგონას გარეგნობამ ძალიან მომხიბლა: დაახლოებით 178 სმ, კოხტად გამართული წელით, გრძელი, ლამაზი ფეხებით, დიდი მოცისფრო-მომწვანო თვალებით ეს გოგონა ნებისმიერ კაცს დაატყვევებდა. აქედან გამომდინარე ჩემი მეგობრის საქციელი საერთოდ არ გამკვირვებია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები