ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარნი
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2014


(....ღმერთო, გაგრძელება შენთვის მომინდვია)

უკვე მერამდენედ, ისევ მარტოდმარტო,
ღამით ნაცნობ ბილიკს ჩუმად გავუყვები,
არა, ღვინომ არა... ფიქრმა გამომათრო-
ჩემი გულის ნადებს ფურცელს მოვუყვები.

დავიწყებ თავიდან: სიენად ვიქცევი,
ტიგლათფილასარი ომში დამამარცხებს,
მე ოქროს საწმისი ვეღარ დავიცავი-
მიწას საკუთარი შვილი დამანარცხებს.

ჩემდა უნებურად გავხდი ფარნავაზი,
დაჭრილ შველს გავყევი ოქროს საბადოსთან,
მცხეთის სიახლოვეს აღვმართე არმაზი-
რწმენა, სიყვარული ხალხში დაბადოს მან.

სამტროდ წამოსული გნეუს პომპეუსი,
როგორც მეგობარი, ისე გავიცანი,
ჩემი საქციელი, ალბათ პომპეზური,
ამით საკუთარი ხალხი დავიცავი.

რომში მიწვევაზე არა არდიანეს-
აი, ამას ჰქვია თავის დაფასება,
როკვა-თამაში და ძეგლსაც დამიდგამენ
ჩემთვის ეს იქნება ახლად დაბადება.

თვალთ დამიღამდება მერე წამიერად,
წმინდა ნინოს ღმერთი, ვთხოვ და, გაათენებს,
ჩამოვაყალიბებ ქართველს ქრისტეს ერად,
რწმენა დაჭრილ გულებს ისევ გაამრთელებს.

ჩემი შევარდენი ხოხობს დაედევნა,
აქ მე ულამაზეს ქალაქს ავაშენებ,
ვიცი უდიდესი ფასი დაედება,
ქართულ სინამდვილეს დიდხანს დაამშვენებს.

მოკვლა შუშანიკის ვარსქენს არ შერჩება,
უფალი ამქვეყნად წესრიგს დაამყარებს,
არა, ქრისტიანის გული არ შედრკება,
მას ტანჯვა-წამება უფრო გაამყარებს.

ავტოკეფალია მიზნად დავისახე,
ქრისტეს ჯვრით ჩავაქრე დიდი ცეცხლის ალი,
ასე დიდი ღვაწლი როგორ დამიფასეს-
ხელით მოღალატის მოვკვდი გორგასალი.

და ამასობაში სახლსაც მივაღწიე,
ორი ნაბიჯი და.. აი, უკვე შინ ვარ.
არ დამვიწყებია რა დღე დაგვაღწიე,
ღმერთმა მოგიტეოს, ხოსრო ანუშირვან.

ალბათ ერთხელ მაინც ყველა გაიგებდა-
ხშირად ზოგი ჭირიც არის მარგებელი,
სპარსი დიდი შაჰის გული მოვიგე და
მე, ბაგრატიონი, გავხდი გამგებელი.

ბევრჯერ ამიოხრეს მხარე არაბებმა-
ან მკვდარი ვეგონე, ან აგონიაში,
მაინც მოვახერხე ციხის გამაგრება,
მურვან-ყრუს ვაჯობე ანაკოფიაში.

ციხე არტანუჯი ახლად ავაშენე,
მტერს გამოქცეულმა თავი შევაფარე,
წმინდა მონასტრებით კუთხე დავამშვენე
და ხალხს მათზე ზრუნვით თავი შევაყვარე.

ჩემი მამობილი მრავალს გაისარჯა-
ვერვინ მეცილება ბაგრატს მეფობაში,
ბოლოს სამართალმა მაინც გაიმარჯვა-
რა კარგი ყოფილა ძალა ერთობაში!

მაგრამ სიხარული დიდხანს არ დაგვცალდა,
არაბს ჩაენაცვლნენ თურქი სელჩუკები,
ტურფა საქართველო ხელახლა აალდა,
არსად მეგულება ბწკარიც ხელუხლები.

მამამ მიანდერძა ერი დაცემული,
და ძე აბულეთის ამ ერის მკვლელია,
ირგვლივ უამრავი მახე დაგებული,
კვლავ ფეხზე დადგომა ძალიან ძნელია.

მოყვრობას მიპირებს მკვლელი და ყაჩაღი,
ერთ წამს არ მასვენებს ლიპარიტ ბაღვაში,
ორმოცი ათასი ვიშვილე ყივჩაღი,
მიწები ვუბოძე წალკოტში, ბაღნარში.

ბევრი გამარჯვება: განძა და ერწუხი,
სამშვილდე, რუსთავი, შემდეგ ლორე, გიში,
მაჰმუდ-მუჰამედო, მარცხებით შეწუხდი?
სულ მალე გაქრება ხალხში შენი შიში.

ლაშქრით გამოგზავნე ილ-ღაზ ნეჯმ ად-დინი,
ეჭვიც აღარა გაქვს მარცხის საფიქრელი,
მაგრამ გამტყუნდება შენი მოლოდინი,
დიდგორს დაერქმევა “ძლევა საკვირველი”.

და ბოლოსდაბოლოს თბილისს გამოვიხსნი,
მტრობით ჩამოქცეულს ვაწყობ სიყვარულით,
როცა დაწოლის წინ გვირგვინსაც მოვიხსნი,
აღმაშენებელი ვგალობ სინანულით.

იყალთო, გელათი ხალხისთვის აღვმართე,
ოდით ფასეული არის განათლება,
სამშობლოს ცხოვრება კეთილად წარვმართე,
შურით დარღვეული ძმობით გამაგრდება.

ტახტი ჩავიბარე ქვეყნის დიდებულის,
დიდი სიყვარულით ჩემს ხალხს ვემსახურე,
განძამ დაარღვია ძავი დადებული,
კარი ჩამოვხსენი- გელათს ვუსახსოვრე.

მოხუცი დემეტრე გავხდი დამიანე,
შვილი ვერ აღვზარდე და ჩემზე ახია,
წმინდა ღვთისმშობელო გული დამიამე,
ჩემი სიამაყე “შენ ხარ ვენახია”.

ძმა მოვაკვლევინე, ზღვარზე გადასული,
თავზე დავიტეხე ბედის მრისხანება-
ვაჯი არ მეღირსა, სუყველა ასული,
ქალი გავამეფე – ღმერთი მიბრძანებდა.

ისე სიმშვიდეა, როგორიც სამარის,
ერთხელ ქართველ ერმაც თურმე დაისვენა,
ყუთლუ, ნუ გგონია სუსტია თამარი,
შენი ოცნებები წამში დაიმსხვრევა.

ლოცვით მეტეხისკენ წავალ ფეხშიშველი,
წმინდა კელაპტარი ერთ წამს არ ჩავაქრო,
ახლა დიდებული ღმერთიც ვერ გიშველის,
ნუთუ იმედი გაქვს რამის, აბუ-ბაქრო?!

ელჩი გამოგზავნე დიდი მკრეხელობით,
ძალზედ გააბრაზე ჩემი ზაქარია,
რუმსაც დავამარცხებთ უფლის შემწეობით,
ქართველს ღვთისმშობელის კალთა აფარია.

ხანას ჩემს მეფობის უკვდავ სახელს მივცემ,
რადგან იმედი მაქვს, რწმენა, ღვთის წყალობის,
ნათქვამს რუსთაველის საქმით დავამტკიცებ-
თურმე სწორ ყოფილა ძუც და ხვადიც ლომის.

უფლის სიყვარული სადღაც დამეკარგა,
ქალებს გადავყევი, ქეიფს, დროსტარებას,
ახლა საქართველო ისევ დამეჩაგრა,
(უკვე გვიანია) ვამბობ აღსარებას.

ძალა მონღოლების ცუდად გავიაზრე,
ჯებეს, სუბუდაის მე არ შევუშინდი,
მტერთან საბრძოლველად არც კი დავირაზ,ე,
ვაი, არ ხუმრობდა თურმე თემუჩინი.

ჩემი ერისათვის თავი ხომ დავდევი,
სიკვდილს ხომ ვეახლე სტუმრად მოვაკანში,
ქვეყნის აოხრება ოდნავ გადავდევი,
იქნებ მოიკრიბოთ ძალა ცოტა ხანში.

როგორც დილის სხივი, ისე გამოვბრწყინდი,
ალბათ ჩემი შემწე წმინდა გიორგია,
მონღოლს დავაფარე თვალზე შავი ბინდი,
გავაერთიანე ისევ გეორგია.

ფეხი მოვიკიდე, შევძელ სიარული,
ქვეყნის აშენების, როცა მქონდა გეგმა,
სადღაც დაიკარგა ისევ სიხარული,
რვაჯერ აგვაოხრა მაშინ თემურ-ლენგმა.

დღეს გარს ათასობით მტერი გვახვევია,
ბრძოლის ჩიხორისთვის მაინც მოვიცალეთ,
ის და ფარავანიც გადასახევია,
ჭამა ერთმანეთის რით ვერ მოვიშალეთ?!

ქვეყნის გამოხსნისთვის ცოტნე დადიანმა
მინდა მეგობართან ერთად გავისარჯო,
(ჩემი გმირობისთვის მტერმაც მაღიარა)
დაე, მეგობარის გვერდით დავისაჯო.

სპარსმა დიდმა შაჰმა ჯარით გამომგზავნა,
ქვეყნის სიყვარული გულს ვერ დავატიე,
ქართლი შვილს ვარჩიე მუხთალ სოფლის მგზავრმა,
შვილო მაპატიე, შვილო მაპატიე.

კი ხარ შაჰ-აბასო დიდი კომანდორი,
შენთან ქედს იხრიან დიდი მმართველებიც,
ყველა დაამარცხე, გარდა ორად-ორის,
მხოლოდ სიკვდილის და გულით ქართველების.

ისევ ვკარ დაფსა და ისევ ვკარ ნაღარას,
მაგრამ მოღალატე, ცეცხლში დასაწველი.
ამდენ შემოსევამ ხალხი გადაღალა,
ცრემლიც აღარ შერჩა უკვე დასაღვრელი.

მორჩა მეტის მოცდა აღარ შეიძლება,
სისხლის ბოლო წვეთით ტირის არჯევანიც,
ერთის იმედი მაქვს, რაღაც შეიცვლება,
ღმერთო მიკარნახე სწორი არჩევანი.

ტრაქტადს გიორგიევსკსს ხელი მოვაწერე-
რუსით შევეცადე ზურგის გამაგრებას,
ქედი მოვუხარე, ნაზად მოვაფერე,
ქართლში ქრისტიანი მაინც გადარჩება.

მერე ქვეყანაში დიდხანს ჩამობნელდა,
ერი გაეხვია ტკბილად ძილ-ბურანში,
გული დამეწვა და აღარ გამინელდა,
ცეცხლს მე ხალხში ვეძებ და არა ბუხარში.

თავად ქართველისვე ხშირად გაცემულის,
დღეს ერის შვილი ვარ გაპარტახებულის,
ხალხის გაყოფილის, თითოკაცებულის,
იარაღ-დაყრილის, აბჯარ-დახეულის.

ხოდა.. გათენება მიზნად დავისახე,
ზოგნი კი იმისთვოს გაბრაზდნენ, განრისხდნენ,
რომ მწარე სიმართლე ნათლად დავანახე,
კალმით შევებრძოლე და თოფით დამიხვდნენ.

ტყვია კი მესროლეს, მაგრამ რა იციან,
არის უკვდავება ხვედრი რჩეულების,
ვხედავ რჯულის შეცვლა უფრო ადვილია,
ვიდრე საუკუნო, მტკიცე ჩვეულების.

შემდეგ წიწამურის თავსხმა დაიწყება,
როგორ შევმცდარვართ და... ასე გვინანია,
როგორ შეიძლება მისი დავიწყება?!
ახლა ცრემლის დაღვრა უკვე გვიანია.

ჩემს თავს ვინუგეშებ, ვიცი დარწმუნებით-
უკვლოდ არასოდეს არას ჩაუვლია,
მჯერა ძველ დიდების ისევ დაბრუნების-
ქართველს გორდისათვის ხელი დაუვლია.

შეხვდა ახალ ძალას მუხტი დატოვილი,
აგერ საქართველოს ცაზეც გაიელვა.
ნაცნობ ბილიკებზე მსურს და... მარტოც ვივლი,
დღეს თავისუფლების ყანწით დაილევა!

მაგრამ ეს სინათლე.. თურმე წამიერი,
ისევ უკუღმართი ღამე გამეფდება,
ერი, წამის უკან შენი მადლიერი,
უფალო, სიბნელეს ნუთუ დანებდება?

ფიქრში დაკარგული ნამდვილს დავუბრუნდი,
“ნუთუ დანებდება” სულში კვლავ ჩამესმის,
თავზე ცა დამყურებს, მუქი, დაბურული,
არსად ჩანს ნიშანი პასუხის გაცემის.

არა.. მე მას ვხედავ!- ნისლში მეწამური
თანდათან ირევა როგორც ცრემლში სისხლი,
შორით გარიჟრაჟი მოჩანს საამური,
დროა დაბრუნების ყოველ გოჯის, მისხლის.

...ბრძოლა ბევრი იყო, მოწმობს ბადრი მთვარე,
ზოგი წაგვიგია, ზოგი მოგვიგია,
წერა ისტორიის მე აქ დავამთავრე,
ღმერთო, გაგრძელება შენთვის მომინდვია.
                                            16.12.2013




შობის ბრწინვალე დღესასწაულს გილოცავთ ყველას!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები