ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰელლადოს
ჟანრი: პოეზია
29 იანვარი, 2014


შენ მთხოვ

შენ სიტყვებს მთხოვ და
მე კი სულის ამოხდასავით
მაწვალებს ყველა უთქმელობა ამ ალუბლების.

გუშინ, ვიჯექი ამ ხეებთან მარტო და ვსვამდი
ყველა ჟრუანტელს,
ცაში აჭრას და
დამარცხებას.
და ბალახებზე უფრთო ღრუბლის გადავლასავით,
უშენობამაც ჩაიარა და დამათენდა.

შენ ტკივილს მთხოვ და
გასავლელი მრჩება მანძილი
კალენდრებიდან გაცოცხლებულ, ნამდვილ დილამდე
და საუკუნოდ ჩაკეტილი რკინის კარივით,
ვაღებ ჩემს ღმერთს და ვერ ვპოულობ ვერც იქ სინათლეს.

შენ სიზმრებს მთხოვ და,
ოცნებების შიშით ჩახერგილს,
დაუფლავს ქალაქს ყველა ვარდი საგულდაგულოდ,
ფიქრში ყოველთვის გეკითხები - რატომ დამჩემდი,
ან ამ კლდეებზე მარტო მდგარი - რატომ გნატრულობ.

შენ კი მთხოვ, მთხოვ და
ამ დედამიწის აბორგებულ სურვლებივით
ცხრება ჩემს ბაღში ალუბლების ჩუმი სათქმელიც,
თუმც გალეულა გასავლელი, კარგო, ჩვენი გზის,
გზაჯვარედინთან ახლაც ისევ შენს გზას გავცქერი...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები