ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარტოსული ზორო
ჟანრი: პროზა
20 ივლისი, 2014


დაბრუნება

    ეზოს სიღრმეში, უზარმაზარი თელის ჩრდილში, რკინის სკამზე იჯდა მამაჩემი. ახლაც თვალნათლივ მახსოვს ის დღე, როცა ეს რკინის სკამ-მაგიდა მოიტანა. ჯერ ბებერი თუთის ქვეშ დავდგით, მერე აქ გადმოვიტანეთ, თელის ქვეშ. იმ დღიდან წარმატებით ითავსებდა სათამაშო, საქეიფო თუ უბრალოდ სამასლაათო მაგიდის სახელს ეს რკინის ცოტა არ იყოს და უშნო კონსტრუქცია.
    მოძველებული, ჟანგშემხმარი ჭიშკარი შევაღე და ეზოში შევედი. ჩემი თეთრი აგურით ნაშენი სახლი ისევ ისეთი მოწყენით იდგა. მისი, გზისაკენ გამომზირალი ორი თვალ-ფანჯარა ისევ ისე ნაღვლიანად გამოიცქირებოდნენ როგორც ორი კვირის წინ, როცა სახლს ისე ჩავუარე მანქანა არც კი გამიჩერებია. ნუ, რა ვუყოთ, საქმეზე მიმეჩქარებოდა მაშინ.
  მამაჩემი კი იჯდა თელის ჩრდილში და თვალმოუშორებლად უყურებდა გზას. წლებია სოფელში დასასვენებლადაც კი აღარ ავდივართ. ძალიან იშვიათად, რომ მოვიცალოთ და რამდენიმე საათით ავირბინოთ, ხან მე, ხან ჩემმა ძმამ. მანქანა ჭიშკართან დავტოვე და სახლისკენ მიმავალ გზას ფეხით ავუყევი. გზის მარჯვნივ სიმინდის ყანაა, მარცხნივ ვენახი. ვინ იცის რამდენ შრომად დაუჯდა თავის დროზე ამ ვენახის გაშენება მამაჩემს. თელისკენ გავიხედე,მამას თითქოს თვალები გაუნათდა. უკვე ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. წლების წინ მომხდარი ერთი ეპიზოდი გამახსენდა.
    ზაფხული იყო, თუ არ ვცდები ივლისის თვე. ცოტა მოღრუბლული იყო და არც თუ ისე ძალიან ცხელოდა. ყველანი გარეთ ვიყავით გამოსულნი. ეზოში ვსაქმიანობდით თუ ვთამაშობდით. მე და ჩემი ძმა სახლთან ახლოს , თხილებში ვიყავით შემძვრალნი, როცა მამამ დაგვიძახა. თავის საყვარელ ადგილას იჯდა, თელის ქვეშ, მაგიდასთან.
-შეხედეთ ბიჭებო, ქვემოთ ჭიშკართან, ხომ ხედავთ იმ ტყემლის ხეს?
ჭიშკართან, ვენახის გვერდით ნამდვილად იყო ასე ორი-სამი წლის ტყემლის ხე. ჩვენ თავები დავუქნიეთ.
-იცით რამდენი ცალი ნაყოფი ასხია იმ ხეს?-გვკითხა მამამ.
-არ ვიცი-უხალისოდ ვიუარე, ჩემი ძმაც დამეთანხმა.
-მე კი აქედან დავთვალე-ამაყად თქვა მამამ და შემოგხვედა.
-შანსი არაა!-ორივემ ერთხმად დავიყვირეთ. როგორ დათვლიდა, არც კი ჩანდა აქედან ესხა თუ არა ტყემალი ხეს.
-თუ გინდათ დაგენიძლავებით, ასოცი ნაყოფი ასხია.

დავნიძლავდით. ხეს ასოც ნაყოფზე მეტი ესხა. ჩვენ ვკრეფდით და პარკში ვაწყობდით, რათა ნივთმტკიცება მამასთვის მიგვეტანა. ასოცდაათი მოვკრიფეთ. ნიძლავი წაგებული ქონდა მამას და მეორე დილით დაპირებისამებრ სათევზაოდ წაგვიყვანა. იმ საღამოს კი დედამ ტყემალი შეკაზმა და შემწვარ კარტოფილთან ერთად გემრიელად მივირთვით.
    მოგონებიდან გამოვერკვიე. გზა ბოლომდე ავიარე სახლისკენ. კიბეებზე ავედი. გასაღები ამოვიღე ჯიბიდან და კარი გავაღე. საშინლად მტვრიანი იყო სახლი. აქ ახლა სიმარტოვე და სიჩუმე სუფევდა. არადა წლების წინ...იქაურობა დავათვალიერე. სულ ბოლო ოთახში გავედი. აქ მიყვარდა განმარტოება ყოველთვის. ავიღებდი თაროდან რომელიმე წიგნს და პირდაპირ იატაკზე წამოწოლილი მთელი დღის განმავლობაში ვკითხულობდი. სახლიდან გამოვედი და ეზოში მოვყევი ბორიალს. თხილებში გაუვალი ჯაგნარი იყო გაწოლილი, ძლივს მოვწყვიტე ხუთი-ექვსი ცალი. ძველი ჭა კიდევ უფრო ჩანგრეულიყო. ჭის გვერდით ბებერი ლეღვის ხე თავის უკანასკნელ წლებს ითვლიდა. ვენახში ბოლოს შევედი. ჯერ უწამლავის ტალავერს შევავლე მზერა, შემდეგ ადესის ძირს გართხმულ ტოტებს. ციცქა-ცოლიკაური ჯერ ისევ მხნედ გრძნობდნენ თავს. ვაზს იმდენი მოესხა, რომ გაკვირვებას ვერ ვმალავდი. დავრწმუნდი, რომ ასე თუ ისე ყველაფერი რიგზე იყო. შვება მოგვრილი დავეშვი  ქვემოთ, ჭიშკრისკენ. არ ვიცოდი როდის მოვიდოდი ისევ აქ.
-დავბრუნდები, რა თქმა უნდა დავბრუნდები აქ. ისევ ისე იქნება ყველაფერი, როგორც ადრე-ჩუმად, ჩემთვის ჩავილაპარაკე.
  სანამ მანქანაში ჩავჯდებოდი, ეზოს სიღრმისკენ გამექცა მზერა. იქ, ბებრი თელის ქვეშ იჯდა მამაჩემი. იჯდა და დაჟინებით იცქირებოდა გზისკენ საშინლად ნაღვლიანი და მოწყენილი მზერით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები