ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზეიკო ადეიშვილი
ჟანრი: პროზა
18 მარტი, 2015


აკაციის ყვავილები


(ვუძღვნი პედაგოგ ლეილა ჯავახაძის ხსოვნას)

საოცრად მენატრება ჩემი სოფელი, ქვაღორღიანი, ვიწრო ბილიკებიანი, წისქვილითა და სამჭედლოთი. ჩვენი თუთის ძირში თავშეყრილი, მეჭორავე ქალებითა და „კოხინჯრობის“ დღესასწაულზე არღნით მოქეიფე დარდიმანდებით. ჩემი სოფელი - მოგონებებისა და უწყინარი ბავშვობის ზღაპრული სკივრი...

აკაციის ყვავილობისას, ზამთრის გრიგალებისგან ფერმიხდილი და მიტოვებული სოფელი ახალ სიცოცხლეს იწყებდა კვლავაც. ბოგირის მხრიდან შარაზე მოედინებოდა ქალაქს „ემიგრირებული“ ახალგაზრდობა და იყო გვიან ღამემდე უსასრულო სიცილი, ყიჟინა, სიმღერა. ფერად-ფერადი ამბების გაცვლა-გამოცვლა.
გურამი, ჩემი ლამაზი მეზობელი, ყველაზე გვიან ბრუნდებოდა ქალაქიდან. დედა ელოდა, მამა და მამიდები თავიანთ ერთას. ო, როგორ ეამაყებოდა ოჯახს ყველასაგან გამორჩეული შვილი! ეამაყებოდა სოფელსაც.
დრო და დრო ნიავს გურამის ეზოდან ჩვენამდე აკაციის საოცარი სურნელი და სიფრიფანა ყვავილები ფარფატით მოჰქონდა და, თუ გურიკოს სიმღერაც მოაღწევდა, თავაწყვეტილი გნიასი უმალ მიყუჩდებოდა, სამყარო გაირინდებოდა, მხოლოდ ჭრიჭინობელების ხმა თუ არღვევდა მყუდროებას. ღაწვებაფაკლული გოგონები მალულად აპარებდნენ მზერას აკაციებისაკენ.
იმ გაზაფხულზე კი ჭორმა ჩამოასწრო გურამს სოფლად: „ვინცხა შეყვარებია“, „ოჯახს არ მოსწონს“, „განათხოვარი რაფრა მოეწონება“, ან „ქალაქელი ქალი რაფრა გამოადგება“ - თუთის ძირას ერთურთს ლაპარაკში ეცილებოდნენ მეჭორავენი.
... მოლოდინი დაუჩქარდათ. მალე ბოგირის მხრიდან გამოჩნდნენ შარაზე.
ღმერთო, რა ლამაზები იყვნენ, რა ლამაზები! გურამი - ბრგე, უძირო, ლურჯი თვალებითა და წაბლისფერი თმით, ნინო - ნარნარი, ნაზი სხეულითა და ფიქალისებრი, ნაქანდაკარი პირისახით.
უამრავი მზერა მოაცილებდათ: ზოგი - მტრული, ზოგი - განცვიფრებული, ზოგიც - მოალერსე: მაგრამ ერთი უხმოდ აღიარეს საკუთარი თვალებით: დაბადებულიყო ამაღლებული და უფაქიზესი გრძნობა და იგი ორ უმშვენიერეს არსებაში განფენილიყო.
სიძე-პატარძალს ეზოს ჭიშკართან არავინ შეგებებია. უფრო მეტიც, ამ დღის მერე, ნინო სოფელში აღარავის უნახავს, არც არავის მოუსაკლისებია ოჯახში.
გურამი ცალეულად ჩამოდიოდა, თუმცა ყველამ იცოდა, ერთად იყვნენ ქალ-ვაჟი და ისიც, რომ ნინო საოცრად თბილი და მოსიყვარულე მეუღლე გახლდათ.
გავიდა დრო. ჩვენს ლამაზ მეზობელს ორი პატარა, ლურჯთვალა ასულიც გაუთამამდა. შვილიშვილების სტუმრობამ ოჯახი გაახალისა, გააბედნიერა, მაგრამ შვილების დედა მაინც არსად ჩანდა, არც არავინ ისაკლისებდა.
გურამის ლურჯ თვალებში სასოწარკვეთამ საბოლოოდ დაივანა. ვერაფრით აეხსნა საყვრელი ადამიანის მიმართ გამოჩენილი ეს სისასტიკე და ისიც - ვისგან? უახლოესი ადამიანებისაგან. დროც, გულიც და  სითბოც  ორად    გაიყო,  მხოლოდ  თვალებში  ჩაბუდებული ნაღველი იყო გამთლიანებული.
ერთ დღეს გურამმა ისე, როგორც ბავშვობისას, დედას კალთაში ჩაუდო თავი, „მომეფერეო“ - სთხოვა და მიიძინა, თანაც - სამუდამოდ. ისე, რომ დედამ მოფერებაც ვერ მოასწრო. ნინოს სასოწარკვეთამ, სოფლის გულგრილობამ და ოჯახის სისასტიკემ შეძრა ყველა.
ჩვენი თავყრილობები მდუმარე და სევდიანი გახდა. თუთის ძირში ისხდნენ შეფიქრიანებულ-შედარდიანებული ქალები. ტუჩის კიდეებში ცერა და საჩვენებელ თითს ჩამოისვამდნენ, სინანულით გადააქნევდნენ თავს და იცრემლებოდნენ: „რა ვაჟკაცი დავკარგეთ! მაგრამ ეს ნინოც რა ქალი ყოფილა, ბეჩა, ასე ვინ მოუვლიდა დავარდნილ დედამთილს?! თავად სანუგეშო, დედამთილის სატკივარმა წამოაყენა!..
ეხ, რა მოხდებოდა, რა, მაშინ ხომ გურამიც ცოცხალი გვეყოლებოდა! გაიხაროს ნინოს გამზრდელმა, თუ ცოცხალია.“
ნიავს კვლავინდებურად მოჰქონდა ჩვენკენ აკაციის თავბრუდამხვევი სურნელი. სულთმობრძავმა დედამთილმა ნინოს ხელები აიღო, დაუკოცნა, თვალებში მადლიერების სხივმა გაუელვა და ჩაქრა.
ნინო გახლდათ გურამის დედის უკანასკნელი პატრონიცა და ჭირისუფალიც.

*** 
ბოლო ზარი ახმიანდა... ნინოს მოსწავლეები შემოხვდნენ. თალხებიც როგორ შვენოდა მასწავლებელს! ბავშვები ერთმანეთს ასწრებდნენ ლაპარაკს. ნინო სიყვარულით უსმენდა მათ. ჰო, უყვარდა, ყველა უყვარდა, რამდენი თანაგრძნობა და სითბო ახსოვდა ამ ბავშვებიდან, ამ სკოლიდან, მეტადრე ფაქიზი იყო მოზარდებთან ურთიერთობისას და განა მარტო მათთან. მათი სიყვარულის მესაიდუმლეც იყო და განმათავისუფლებელიც. პედაგოგის შეცდომა რომ შეიძლება საბედისწერო გამხდარიყო მოსწავლისათვის, - კარგად უწყოდა. გოჩას მაგალითიც უასკეცებდა ამ ათასგზის ნაფიქრ-ნააზრევს.
გოჩა - მისი თმაქოჩორა, მოუსვენარი ბიჭი! როგორ მოჰგავს მის გურამს. ბავშვიც გრძნობდა მასწავლებლის გამორჩეულ სითბოს და მხოლოდ მას უჯერებდა, მას ენდობოდა.
ნინოს შვილებიც ძმასავით ესათუთებოდნენ. სიამაყით უცქერდნენ სცენაზე გოჩას ცეცხლოვან ცეკვას.
ბევრი ემუდარა ნინო კოლეგას, ნუ ჩატოვებ იმავე კლასში, თავმოყვარე ბიჭია, კარგი შედეგი არ მოჰყვება, ცოტა ხელი წაუკარიო, მაგრამ გაჯიუტდა პედაგოგი. სიცოცხლეში ვერჩატეული სიცელქე არ აპატია ბიჭს.
გამართლდა ნინოს წინათგრძნობა, ავად გამართლდა: უარყოფილი და გაძევებული გოჩა საბრალდებო სკამზე აღმოჩნდა.
მას შემდეგ ერთი თვე გაჯახირდა. დღეს ბოლო გამოცდა გაასრულეს თანაკლასელებმა. მოსწავლეები მიხვდნენ - ნინოს ფიქრები ისევ გოჩას დასტრიალებდა, ვერცკი გამოემშვიდობნენ, უხმოდ გაშორდნენ.
უგუნებობა აჰყვა დილიდან ნინოს. უამურმა ზმანებამ შეაშფოთა ღამით: ... აკაციის ხე ვარდისფრად ჰყვაოდა, თეთრებით მოსილი ნინო აკაციის ყვავილებს კრეფდა. დაბლა გურამი იდგა, მისი გურამი... ცვიოდნენ და ცვიოდნენ აკაციის ყვავილები. გურამი დაჭერას ლამობდა, მაგრამ პეშვი, ყვავილების ნაცვლად, სისხლით ევსებოდა. მერე ხესაც სისხლის ბურთულები გამოესხა, იზრდებოდნენ, იზრდებოდნენ ბურთულები, სკდებოდნენ. სისხლის ჩანჩქერები დაეშვა ციდან. ამის მერე ყველაფერი აირია, ნინომ ვერაფრით გაარჩია, ვინ იყვნენ გურამი, გოჩა თუ ვიღაც სხვა. ტიროდა, სისხლის ზღვაში ნელ-ნელა იძირებოდა!..
უცბად წამოიკივლა და ლოგინზე საშინლად დაღლილი წამოჯდა. მთელი ტანით ცახცახებდა, შუბლი ოფლს დაეცვარა. თვალებით ბავშვების საწოლი მოიძია... მშვიდად ეძინათ, უშფოთველად. სიმშვიდე თავადაც გადმოედო. ნელ-ნელა წამოდგა, დაძინებას როგორღა გაბედავდა.
კარზე კაკუნი გაისმა. 9 საათია, ვინ უნდა იყოსო, გაიკვირვა. გამოაღო. უცნობმა მოიბოდიშა ადრიანი ვიზიტი. სახლიდან არ გაგესწროთ, მეშინოდაო, კიდევ ერთხელ იბოდიშა. გოჩას წერილი გადასცა, ციხიდან გამოგზავნილი, შეწვევაზე უარი თქვა და კიბეებზე დაეშვა.
„ჩემო ნინო მასწავლებელო, დედასავით ტკბილო“... - ასე იწყებოდა ბარათი.
„აი, სიზმარიც ამიხდა!“ - თავი დაიმშვიდა ნინომ. ბარათმა სიხარულიც მოჰგვარა. კიდევ რას იწერებოდა გოჩა? ჰო, ხვალ მშობლები „სვიდანიას“ მიკეთებენ, იქნებ წერილი გამომიგზავნოთო - იხვეწებოდა.
ნინომ სახელდახელო ამანათიც გაამზადა, სიყვარულით შეფუთა, წერილიც შიგ მოაქცია და სკოლაში წასვლამდე, გოჩას სახლისკენ გაემართა... „ახლა მაინც თუ დამხვდნენ სახლში...  თუ იქნებიან?!“ ყოველ მისვლაზე ჩარაზული კარი ხვდებოდა. „ოდესმე თუ გაღებულაო“ - ისიც კი გაიფიქრა ქალმა.
მაინც ფრთხილად დააკაკუნა. დაელოდა ყოველი შემთხვევისათვის. კარს მიღმა მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა. ურდული ხმაურით გადაიწია. ზღურბლზე გოჩას მამა იდგა, წვერგაუპარსავი და იქნებ ღამენათევიც.
ნინოს, უნებურად, შეაჟრჟოლა, თუმცა სახე ღიმილით დაიმშვიდა:
- იცით, გოჩას წერილი მომიტანეს ამ დილ...
- შემობრძანდით - ცივად გააწყვეტინეს.
ნინო სკამზე ჩამოჯდა, რომელიც არავის შეუთავაზებია, ამანათი მაგიდაზე დადო და წასასვლელად შემობრუნდა.
- ეი, შენ! შვილი რატომ დამიღუპე?! - მის წინ კვლავაც გოჩას მამა იდგა, გამძვინვარებული, გაავებული. ხელში დანა ულაპლაპებდა, ნადირს ჰგავდა, სისხლმოწყურებლს.
არც დრო იყო და ან, რა ჰქონდა ნინოს თავის გასასამართლებელი?.. არადა, როგორც ჩანდა, სიკვდილი გარდაუვალი იყო. ნინომ, რახანია, გურამს გაატანა თავისი წილი სიცოცხლე, მაგრამ რა ეშველებათ ობლებს?! რა ეშველებათ... რა, რა?!
უნდა იბრძოლოს, თავი უნდა გადაირჩინოს როგორმე! ოთახს მიაწყდა. გაიქცა, მაგრამ გასაქცევი არსად იყო. სწრაფად ამოქმედდა თავდაცვის ინსტიქტი...
უეცრად სხეულზე საშინელი დარ-ტყმა იგრძნო... იგრძნო კი არა, ცივმა ლითონმა გაგლიჯა ნატიფი სხეული...  „მიშველეთ! მიშველეთ!“ - ყველაფერი ეთრმანეთში აირია, წუხანდელი სიზმარი გაგრძელდა თითქოს.
- მი... შვ! - ახრიალდა და თავად ნინომ ვერ გაასწრო, თორემ განწირულმა კივილმა ჩარაზული კარიც გაგლიჯა და ყველა მეზობელი მოიარა, შეზარა. კარი შეამტვრიეს. გვიანი იყო.
იატაკზე ნაწილებად ეყარა აჩეხილი სხეული და თეთრი, ფარატინა ფურცელი: „ჩემო ნინო მასწავლებელო, დედასავით ტკბილო...“
სისხლის გუბე იზრდებოდა.
იქ კი, სოფელში, აკაციის ხეს ფარფატით სცვიოდა ვარდისფერი, სიფრიფანა ყვავილები და კვლავაც მოჰქონდა თავბრუდამხვევი სურნელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები