ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: საბავშვო
28 ოქტომბერი, 2015


ბამბაქულას თავგადასავალი (კორპუსზე მაღლა, როგორ იქცა ნიავი ხორშაკად)

                                                              კ ო რ პ უ ს ზ ე      მ ა ღ ლ ა

          მაღალ კორპუსში, სულ ბოლო სართულის ერთ-ერთ ბინაში ბავშვებს მოეყარათ თავი და ტელევიზორს უყურებდნენ. ბამბაქულამ, რომელიც ამ დროს სწორედ კორპუსის თავზე მიცურავდა, თვალი მოჰკრა კორპუსში შეგროვილ ბავშვებს. მაშინვე შეჩერდა და ჰაერში ისე დაეკიდა, რომ იმ ოთახის ფანჯრიდან კარგად ჩანდა. შეიძლება იმ პატარა თეთრბაფთიანმა გოგონამ მიიზიდა, თვითონაც ბამბის ქულას რომ ჰგავდა. ერთი სიტყვით, ასე იყო თუ ისე, იქაურობას ვეღარ მოშორდა.
        - რა კარგი, რა საყვარელი ბავშვები არიან, - ბუტბუტებდა თავისთვის. - როგორ მინდა მათთან თამაში.
        ბამბაქულა უძრავად ეკიდა ჰაერში და ელოდა, რომელიმე ბავშვი შემამჩნევს და მერე, რა თქმა უნდა, ჩემთან თამაშზე უარს არავინ იტყვისო. ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ბავშვები სიამოვნებით გააბამდნენ მასთან მეგობრობას. აბა რა სჯობია ათქვეფილი ნაყინივით ლამაზ მეგობარს. გემო, მართალია ისეთივე ტკბილი არ აქვს, მაგრამ მეგობარს ყველაფერს ვერ მოსთხოვ.
        ელოდა ბამბაქულა, მაგრამ ბავშვებს იგი არ შეუმჩნევიათ, სულ სხვა მხარეს იყურებოდნენ. დაფიქრდა ბამბაქულა, რა ვიღონო,მ რომ ბავშვების ყურადღება მივიქციოო. იფიქრა და მოიფიქრა. ჰაერში უძრავად გამოკიდებულმა ნაირ-ნაირი ფორმის მიღება დაიწყო. ის ამ საქმის ნამდვილი დიდოსტატი იყო, ახლა კი თავის თავსაც გადააჭარბა. რა უნდა გენატრა, რომ ბამბაქულას მაშინვე მისი ფორმა არ მიეღო. თანაც ისეთ რამეებს არჩევდა, რაც ბავშვებს განსაკუთრებით შეიძლებოდა მოსწონებოდათ: ჯერ მშვენიერ ქათ-ქათა ფუმფულა ყვავილად გაიფურჩქნა ლურჯ ცაზე, თან გულში ნატრობდა, ნეტავ რომელიმე გოგონამ გამოიხედოსო. მერე ცხენის ფორმა მიიღო, იქნებ ბიჭებს მოვეწონოო. მერე კურდღლის, მელიის, მგლის, თვითმფრინავის, მანქანის, ბურთის, ბეღურის, არწივის, სპილოს, ბეჰემოთის, პეპლების და კიდევ ვინ ჩამოთვლის რამდენნაერი ფორმა მიიღო ბამბაქულამ. ბავშვებისთვის საყვარელი არცერთი სათამაშო არ გამორჩენია. ქარიშხალში მოხვედრის დროსაც არ დასდგომია ასეთი დღე, დაღლილ-დაქანცული ძლივსღა ახერხებდა კვლავ ბამბის ქულასავით შეკუმშულიყო ხელახლა გასაშლელად. მეტისმეტი დაძაბულობისგან სულ ოხრავდა.
          უეცრად ვიღაცის ხმა შემოესმა:
          - რა დაგემართა ბამბაქულავ, რას ოხრავ და ხვნეში?
          ბამბაქულამ მოიხედა, თურმე მზე ელაპარაკებოდა ჩასასვლელად გამზადებული, ის-ის იყო კორპუსუს მიღმა ბორცვებს გაუსწორდა.
          - ბავშვებთან თამაში მინდა, ისინი კი ზედაც არ მიყურებენ, - შესჩივლა ბამბაქულამ.
          მზეს გულისხმიერება არასოდეს არ აკლდა და ახლაც თანაგრძნობით შეხედა ბამბაქულას გასაჭირს.
          - მეც მოგეხმარები, იქნებ როგორმე შეგამჩნიონ.
          ამ სიტყვებით მზემ ბამბაქულასკენ მიმართა თავისი სხივები კონა. ბამბაქულა თუ აქამდე ბამბასავით თეთრი იყო და მისი გამოხატული ფორმებიც თეთრად ქათქათებდნენ, ახლა ცეცხლივით აელვარდა და აენთო. ცაზე მშვენიერ ოქროსფერ ყვავილად გაიფურჩქნა, მერე ცეცხლოვან ,მერანს დაემსგავსა, ცეცხლოვან ჩიტუნიას . . . ისევ მიჰყვნენ ერთმანეთს ნაირ-ნაირი ფიგურები, ოღონდ ახლა ოქროსფრად და ალისფრად აელვარებულები. ისეთი ლამაზი სანახაობა იყო, მოხიბლულმა ჩიტებმა ცაში გუნდ-გუნდად დაიწყეს სრიალი, თან ხმამაღალი ჭყლოპინით გამოთქვამდნენ თავიანთ აღტაცებას. ბამბაქულას მათი ქათინაურები ძალიან ესიამოვნა, მაგრამ ცალი თვალი მაინც იმ ბინის ღია სარკმლისკენ ეჭირა, იქნებ დამინახონო. არა, არც ერთ ბავშვს არ გამოუხედავს სარკმელში.
        მზე უკვე ჩავიდა ბორცვებს იქით და ბოლო სხივების კონა გამოუგზავნა ბამბაქულას. ამ კონამ ისეთი მეწამული ფერით ააბრდღვიალა ბამბაქულა, თვითონაც კი გაოცდა. მთელ ქალაქს მოვარდისფრო ნაზი შუქი დაეფინა, თითქოს იგი, ბამბაქულა, მეორე მზე ყოფილიყო. მაგრამ ამ უკანასკნელმა, მეტად ეფექტურმა ღონისძიებამაც ამაოდ ჩაუარათ, ბავშვებს არც ახლა შეუმჩნევიათ საოცრად ლამაზი ბამბაქულა.
        როცა მზემ სულ მთლიანად აკრიფა თავისი სხივები და ქალაქში ჩირაღდნების ზღვა აინთო, ბამბაქულა სრულიად უხილავი გახდა. ახლა ვინღა შეამჩნევდა, კიდევაც რომ გამოეხედათ ფანჯარაში. მაინც ვერ სცილდებოდა იქაურობას, ეკიდა მაღალი კორპუსის თავზე და დარდობდა, რატომ ვერ შემამჩნიეს ბავშვებმაო. მთელი ღამე ასე გაატარა. დილით ნიავმა მოაკითხა და წაიყვანა. ბამბაქულამ გზაში თავისი გულისტკივილი უამბო.
        ალბათ ძალიან საინტერესო გადაცემა იყო ტელევიზორში, თორემ აუცილებლად შეგამჩნევდნენ, - გამოესარჩლა ნიავი ბავშვებს.
        მაგრამ ნიავი სიტყვებმა ბამბაქულა ოდნავადაც ვერ ანუგეშეს, მაინც გულნატკენი დარჩა.
        დარწმუნებული ვარ, ასეთი რამ თქვენ არ დაგემართებათ, პატარებო, რაც არ უნდა საინტერესო გადაცემა იყოს ტელევიზორში, მაინც შეამჩნევთ ბამბაქულას, როცა ის თქვენთან თამაშს მოისურვებს.

                                                      რ ო გ ო რ    ი ქ ც ა    ნ ი ა ვ ი    ხ ო რ შ ა კ ა დ

        ერთხელ ბამბაქულამ ნიავს სთხოვა, მწვანე კორდზე წავიდეთ, იაჟუჟუნებს სათამაშოდ უნდა ვესტუმროო.
        - დღეს იქით გზა არ მიდევს, - უპასუხა ნიავმა. - სხვა დროისათვის გადადე იაჟუჟუნებთან თამაში.
        - სწორედ დღეს მიმელიან. - დაიჟინა ბამბაქულამ. - როგორ შეიძლება დაჰპირდე და მერე სიტყვა არ შეასრულო..
        ნიავმა ყურიც არ ათხოვა ბამბაქულას სიტყვებს, მოხვია მკლავი და სულ სხვა მხარეს გააქანა. სხვა რა გზა ჰქონდა ბამბაქულას, ძალაუნებურად მიჰყვა ნიავის ქროლვას, მაგრამ წუწუნი და და საყვედურები ერთი წამითაც არ შეუწყვეტია.
        - სულ შენს ჭკუაზე უნდა ვიარო? რა იქნება, ერთხელ იქით წამიყვანო, საითაც მე ვისურვებ, ჩასჩიჩინებდა ნიავს ყურში.
        ბოლოს ნიავს მობეზრდა მისი გაუთავებელი წუწუნი.
        - რახან არ იშლი, თვითონვე წაბრძანდი იაჟუჟუნებთან სათამაშოდ, მე კი შენთვის არ მცალია -  დაუსისინა გაბრაზებით და მკლავი გაუშვა. ბამბაქულა უძრავად დაეკიდა ლურჯი ცის კაბადონზე. ცრემლებიც კი გადმოსცვივდა, ისე მოენატრა იაჟუჟუნებთან თამაში, მაგრამ რას იზამდა, ნიავის გარეშე ადგილიდან დაძვრაც არ შეეძლო.
      ნიავი მარტოკა გაუდგა გზას. საღამო ხანი ახლოვდებოდა, ამ დროისათვის ტყე-ველად უნდა ჩამოევლო, მწვანედ ტანაყრილ ხეებს და მინდვრის ყვავილებს უნდა მისალმებოდა. ეს საქმიანობა მთელი დღესასწაული იყო ნიავისთვის. ძალიან სიამოვნებდა, რომ მისი სტუმრობა ყველას ასე სიამოვნებდა. მადლიერების გამომხატველი სიტყვები ყოველ ნაბიჯზე ესმოდა, რასაც ღირსეულად და თავმომწონედ იფერებდა ხოლმე.
        ახლაც ჩამოურბინა ხეებს, ტოტები შეურხია და ხუმრობით ერთმანეთს მიაჯახა. ყვავილებს ფერად-ფერადი ფურცლები აუწეწა. რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ლამაზდებითო, წასჩურჩულა. თან მოუთმენლად ელოდა, რომ ყვავილები სანაცვლოდ გულს გაუხსნიდნენ, მადლობის ნიშნად შეჰღიმებდნენ. ხეებსაც სიხარულის გამომხატველი შრიალი უნდა გაემართათ . . .
        ამაოდ ელოდა. ყვავილებმა გაღიმების ნაცვლად კიდევ უფრო შეკუმშეს კოკრები და გაოცებით წაიჩურჩულეს, რაღაც ისეთი არ ხარ ნიავო, როგორც სხვა დროს გვინახიხარო. ხეებიც უსიამოვნოდ შეიშმუშნენ და ერთხმად აშრიალდნენ, რატომღაც საკუთარ თავს არ ჰგავხარ ნიავო, რაღაც გაკლია, ყველაზე მეტად საამო და სანუკვარი, მთელ სხეულს სასიამოვნოდ რომ გვიგრილებდაო.
        - დღეს რა ცუდ გუნებაზე ხართ ყველანი, - თქვა გაკვირვებულმა ნიავმა და ახლა სხვა მხარეს გაემართა, გზისპირას დასასვენებლად ჩამომჯდარ მოგზაურს მიაშურა, ამისგან მაინც გავიგონებ რაიმე წესიერ სიტყვასო. მოგზაურმა ჯერ სიამით შეუშვირა გულ-მკერდი ნიავს, მაგრამ მალე მასაც გაოცება დაეტყო სახეზე და თქვა, ეს სულ სხვა ნიავი ყოფილა, შევცდიო.
        შეშფოთებულმა ნიავმა ისევ გააგრძელა გზა. ყველაზე საიმედო საშუალებას მიმართა, ბოსტანტან მომუშავე მოხუცს მიაშურა და მთელი მონდომებით დაუბერა, რათა მისთვის შუბლზე ოფლის წვეთები შეეშრო. აბა, როგორ შეიძლებოდა ამისთვის სამაგიერო მადლობა არ ეთქვათ.
        მოხუცს მართლა ძალიან გაუხარდა ნიავის დაბერვა.
        - უჰ, რა სიცოცხლეა, - თქვა და სულის მოსათქმელად წელში გაიმართა..
        გაიხარა ნიავმა, მგონი მეშველაო და უცებ . . .
        - ნეტავი ვიცოდე, ხორშაკად რამ გადაგაქცია, ნიავო, - დანანებით თქვა მოხუცმა და მუშაობა განაგძო.
        შეფიქრიანდა ნიავი. ეტყობა მართლა ძალიან შევიცვალე, რომ ვეღარავინ მცნობს. ნეტავი ასეთი რა მაკლია. ყველაფერი ძველებურადაა, მხოლოდ ბამბაქულა არ მახლავსო.
        აშკარა იყო, სწორედ ბამბაქულას გამო აკლდა რაღაც საამო და მაცოცხლებელი, რაც ყველას ერთნაერად უგრილებდა გულს და ყველასთვის ერთნაერად სანუკვარი იყო.
        ნიავი იმწამსვე გაბრუნდა უკან. ბამბაქულა ისევ იქ დახვდა, სადაც დატოვა. იმდენი ეტირა, თითქმის განახევრებულიყო.
        - ეჰ, შე მტირალა, - ალერსიანად გაეხუმრა ნიავი, გადახვია ხელი და მწვანე კორდზე  გააქანა იაჟუჟუნებთან. გზადაგზა ხელახლა დაურბინა ტყე-ველს, ყვავილებს, სიარულით დაღლილ მოგზაურს თუ ბოსტანში მომუშავე მოხუც კაცს და ყველასგან ერთხმად მოისმინა სამადლობელი. იაჟუჟუნებს ხომ სიხარულის ცრემლები მოადგათ თვალზე მათი დანახვისას.
        თუმცა ნიავს ენაზე არაფერი ამაგრდება და ცოტათი ჭორიკანაცაა, ამ თავგადასავალზე სიტყვა არავისთან დასცდენია, არც ბამბაქულას უთქვამს რაიმე. მხოლოდ გულში გადაწყვიტა, რომ ყოველთვის თავის ჭკუაზე აღარ არბენინებდა ბამბაქულას, ხანდახან მასაც დაუჯერებდა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები