ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუნა თამო
ჟანრი: პროზა
28 ოქტომბერი, 2015


ვაკანსია

      ერთ - ერთ დიდ კომპანიაში ვმუშაობ. ვიმყოფები ოთახში, რომელიც იმ საქმიანობისთვისაა განკუთვნილი, რომელსაც ამჟამად ვასრულებ. ოთახი საკანცელარიო ნივთებით და კომპიუტერული ტექნიკითაა სავსე.
      მეც ამ ტექნიკის  ნაწილი ვარ.
      კომპანიაში რამდენიმე ვაკანსიაა. მე სამუშაოს მაძიებელთა მიღება მევალება. უნდა მოვუსმინო მათ, დავუკვირდე. არ უნდა გამომრჩეს მხედველობიდან მათი მობილიზება, სისხარტე და პრეზენტაციის ნიჭი. კომპანიას კარგად მოეხსენება, თუ ადამიანს თავისი თავის რეკლამირება კარგად შეუძლია, მისთვის  შეუძლებელი აღარაფერია. ცენტრალურ აფრიკაში ციგას გაყიდის; ამიტომ ამ დეტალს დიდი ყურადღება ექცევა.
      საინტერესო კანდიდატების შესახებ ინფორმაცია უნდა გადავაგზავნო იქ, სადაც საჭიროა.
      გარეთ ისე ცხელა, მგონი ჩიტებსაც ეზარებათ ფრენა. ოთახში სასიამოვნო სიგრილეა. გარკვეულწილად, მექანიკურად, გარკვეულწილად ხალისით ვასრულებ ჩემს მოვალეობას. ბევრი რამ მასწავლა აქ ყოფნამ.
      მე ხომ ერთ - ერთი ამათგანი არ ვყოფილვარ. ოჯახის ახლობელმა რეკომენდაცია გამიწია ასევე თავის ახლობელ პატივცემულ პიროვნებასთან და ამგვარად მოვხვდი  კომპანიაში სამუშაოდ. „ისინი“ სხვები არიან, სამუშაოს მძებნელნი.
      - „ვიცი ინგლისური, კარგად მაქვს შესწავლილი ბევრი პროგრამა“ . . .
      - „კარგად ვფლობ ფრანგულს. სპეციალური კურსები მაქვს გავლილი ბიზნესისა და მარკეტინგის განხრით“ . . . ან კიდევ:  „ორი წელი ევროპის ერთ - ერთ ქვეყანაში ვიყავი, აქაც რამდენიმე ფირმაში მუშაობის სტაჟი მაქვს“ . . .
      ვუსმენ მათ, როგორც დამჯერი მანქანა, როგორც სხვა დანარჩენი ტექნიკური მოწყობილობები ამ ოთახში. გულგრილობა უნდა გამოვიჩინო, ემოციებს არ უნდა ავყვე, თუ აუცილებელი არ გახდა.
      სამუშაოს მაძიებელნი მოდიან და მიდიან.
      მკვირცხლი, ყოჩაღი გოგონა. თვალები ანთებია, მონდომებულია ყველა დავალება პირნათლად შეასრულოს. გამოსვლის წინ სარკესთან დაუმუშავებია მანერები.
      - და რატომ გინდათ ჩვენთან მუშაობა? - ვსვამ ბოლო კითხვას.
      - ვთვლი, რომ ჩემი მონაცემები შეესაბამება თქვენი კომპანიის საქმიანობას, თავს გავართმევ - მპასუხობს დაუფიქრებლად. მეც ვინიშნავ, როგორც სასურველ კანდიდატს.
      - კარგად ვფლობ ინგლისურს და რუსულს - თავს იწონებს ახალგაზრდა ყმაწვილი. - კურიერადაც სიამოვნებით ვიმუშავებ.
      უფროსი ასაკის ადამიანებიც მოდიან
      - ბუღალტერი ვარ. ბევრ ადგილას მიმუშავია. ბოლო წლებში სამსახურის პოვნა რომ გაჭირდა, ძიძადაც ვიმუშავე ოჯახში - აფორიაქებული ხმით მომითხრობს შუახნის ქალი, რომლის გამომეტყველება თავის მხრივ ამბობს: მიშველეთ რამე! ქმრის ხელფასი არ გვყოფნის, ოჯახს ვერ ავუდივართ . . .
      ხნიერმა კაცმა შემოაღო კარი.
      - 19 . . . - ში  ერთ ერთი წარმოების დირექტორი ვიყავი, მერე ბიზნესს მოვკიდე ხელი. ახლა ისევ სამუშაოს მაძებარი ვარ.  ასაკი არ მიწყობს ხელს, მაგრამ ჩემი გამოცდილება გამოდგება კომპანიისთვის.
      - ნეტა რამდენს და რომელს გაუმარტლებს ამათგან? რომელს მიაქცევენ ყურადღებას? - ვფიქრობ ხანდახან.
      თურემ ხალხი როგორ ეძებს სამუშაოს. მე ეს არ დამჭირვებია.
      სამუშაო ყველაფერია თანამედროვე ადამიანისთვის, მიჯაჭვულია მასზე. თუმცა ყველა დროში რაღაცაზე ვიყავით მიჯაჭვულნი. ჯერ პირველყოფილ ინსტიქტებზე, იარაღზე, ძალაზე, რეაქციაზე. მერე - მიწაზე, მოსავალზე. იმის მერე ქონებაზე, ტახტზე, გვირგვინზე, ძალაუფლებაზე . . .
      მცირე მოცალეობის ჟამს წარმოშობილი ფილოსოფიური ფიქრები ახალმა მომსვლელმა შემაწყვეტინა.
      ახალგაზრდა  ყმაწვილი შემოვიდა. მგონი ყველაზე ახალგაზრდა მომსვლელთა შორის. ალბათ 20 წლისაზე მეტი არ იქნებოდა. უბრალოდ, მაგრამ ძალიან სუფთად ეცვა. ჩემმა გამოცდილმა თვალმა მაშინვე შეამჩნია დედის მზრუნველი ხელი, საგულდაგულოდ რომ გაურეცხია და გაუუთოვებია საგანგებოდ ასეთი დღეებისთვის გადანახული კოხტა ტანსაცმელი. თვალებში მორიდება, მოლოდინი აქვს. ცოტათი დაბნეულია.  სარკის წინ არ უვარჯიშია. თავიდან ისე ენის ბორძიკით დაიწყო ლაპარაკი, გუნებაში გამეცინა. მაშინვე ამოტივტივდა მისი პიროვნების პორტრეტი:
      ახალგაზრდაა. აშკარად არ აქვს სამუშაო გამოცდილება. რაღაც კურსები გაუვლია. ცდილობს, ცხოვრების ფერხულში ჩაებას, იმოქმედოს.  სიხარბე ჯერ არ ჩასდგომია თვალებში. თავდაჯერებულობა აკლია, ყველასი ერიდება, მაგრამ ცდილობს, ამ მორიდებას გადაბიჯოს, რადგან მის ზურგს უკან ხელმოკლე ოჯახი: მცირეშემოსავლიანი მშობლები და უმცროსი ძმა დგანან, მისი დიდი იმედი აქვთ.
      ამ ახალგაზრდა ადამიანის დანახვამ მეც ცოტა ხნით ადამიანად მაქცია. განსხვავებული კითხვების დასმა მომეხასიათა.
      - რა გაქვს წაკითხული? - მიჩნდება მოულოდნელად შეკითხვა.
      ახალგაზრდას გაუკვირდა. მისმა გაოცებამ დაბნეულობა გადაფარა. ჩამოთვალა რამდენიმე ქართველი და უცხოელი მწერალი; ისინიც, რომლებიც გამორჩეულად მოსწონს და ამ მოწონების მიზეზსაც მიხსნის. საუბარი გაგრძელდა, ლიტერატურიდან სხვა თემებზე გადავედით . . .
                                                      .    .    .

      რაღაც კარგი საქმის ჩადენის ხასიათზე ვიყავი. რა შემიძლია გავაკეთო? რა არის ჩემს ხელთ?  როგორ თუ რა!  სამსახური! ამაზე მეტი რა გინდა!
      ისევ ამოტივტივდა ყმაწვილის გულუბრყვილო სახე. იქნებ დავეხმარო? ოჯახიც კი შემეცოდა, რომელიც კომპანიისგან პასუხს ელის. იქნებ რა გეგმები აქვთ გამართლების შემთხვევაში.
      მოდი, ერთხელ ვიქნები ადამიანი. ამითი არაფერი დამაკლდება. ჩემს საქმეს, ადგილს და გნებავთ, ავტორიტეტს ეს ხელს არ შეუშლის. ორ სიტყვას ვიტყვი იქ, სადაც საჭიროა.
      გონებაში ყველაფერი ავწონ - დავწონე. მეორე დილით პირადი აუბარი მქონდა ზემდგომთან.
      „- იცით, ჯერ ვერ მეუბნებოდნენ პირდაპირ - ენის ბორძიკით დავიწყე ახლა უკვე მე, - მამამისმა დამირეკა, მთხოვა, . . .  შორეულ ნათესავად მეკუთვნის . . . კარგი ექიმი ყო, ჩემს დას უმკურნალა და მოარჩინა, როცა სხვებმა ვერაფერი გაუგეს . . .  მას მერე დიდი დრო გავიდა ახლა ძალიან გაუჭირდათ . . . ამის სამუშაოს იმედათღა არიან - ნელ - ნელა ენის ბორძიკიდან გადავდიოდი დამაჯერებელ საუბარზე.
      თხოვნა შესმენილ იქნა. ახალგაზრდამ მიიღო რიგითი თანამშრომლის ადგილი, რაც მისთვის დიდი ოცნება იყო.

                                                    .    .    .

      ამ ამბის მერე რამდენიმე წელი გავიდა. მე უკვე სხვაგან ვმუშაობდი, კარიერის გზაზე საკმაოდ წარმატებულად მივიწევდი წინ. ერთ მშვენიერ დღეს ახლო ნათესავი თავის გოგონასთან ერთად მესტუმრა. ახალგაზრდას უნდოდა იმ კომპანიაში ეცადა ბედი, სადაც მე ადრე ვმუშაობდი.
      „ - არ მინდა ჩემი შვილი ბევრი ვაქო, შენც ხომ იცნობ. კარგად სწავლობდა, ალგებრაში ყველას სჯობდა . . . სწრაფია, მოსაზრებული, კარგი თანამშრომელი იქნება. იქნებ დასაწყისისთვის დამეხმარო . . ., ვიცი, რომ მანდ მუშაობდი და იმათთან კარგი ურთიერთობა გაქვს. მერე ვნახოთ, ან შერჩება მაქაურობას, ან სხვაგან წავა. პატივისცემა ჩემზეა, იმასაც გადაეცი . . .
      ბევრი აღარ ვალაპარაკე. მეორე დღესვე დავუკავშირდი მთლად უფროსის მოადგილე მავანს. მანაც მომცა მითითება. „- ახლაც ზუსტად შერჩევაა რამდენიმე ვაკანსიაზე, შენც გვესტუმრე მასთან ერთად.  კოორდინატები დატოვოს იქ, სადაც საჭიროა, დანარჩენი მე ვიცი . . .“
      - ყველაფერი კარგადაა, ხვალ მოგყვებით კიდეც - მივახარე ნათესავს.
      მეორე დღეს გავიარეთ ნაცნობი დერეფანი. „ბევრი არაფერი შეცვლილა, ალბათ ახლა იმ კაბინეტშიც ვიღაც ჩემნაირი ზის - ვფიქრობ გუნებაში – ნეტა ვინაა? როგორია? მოუვლის ხოლმე ადამიანობა?“  ცნობისმოყვარეობამ მძლია, მომიარა სურვილმა თვალი შემევლო ოთახისთვის, სადაც ვმუშაობდი, ამიტომ გოგონას ბოლომდე მივყევი. ვაღებ კარს . . .
      თანამშრომელი ზის ჩემს ყოფილ ადგილას. სათანადოდ აცვია. მზერა ცივი, თავდაჯერებული, რითაც მომსვლელს ანიშნებს თქვენს შეფასებაში  შეცდომის უფლება არ მაქვსო. გარკვეულწილად ხომ მასზეცაა დამოკიდებული მიმსვლელ - მომსვლელთა ბედი.
      მაგრამ თვალები . . .
      ეს ხომ ის გამოხედვაა. ცოტა შიშჩამდგარი, დაბნეული, შინაგანი მღელვარების დაფარვის მცდელობით. ენის ბორძიკით, გაწითელბული მპასუხობდა. პატარა ბავშვივით ფეხის ასადგმელად ემზადებოდა ცხოვრების რთულ გზაზე. ის არის, დედის მიერ საგულდაგულოდ გარეცხილ - დაუთოვებულ  ტანსაცმელში გამოწყობილი, იმედითა და დალოცვით რომ გამოეშვა ოჯახს.
     
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები